|
|
"სარბიელი"
კროოსის ვახშამი
შარშან, როცა ტონი კროოსი ყოველდღიური ვარჯიშის შემდეგ კლუბის აკადემიაში ბრუნდებოდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ სულ ცოტა ხანში პოპულარული გახდებოდა. მაშინ მხოლოდ მწვრთნელები და ექსპერტები ცნობდნენ ნიჭიერ ბიჭს, დღეს კი "ბაიერნის" თინეიჯერი ქომაგები მას ავტოგრაფისთვის დასდევენ. კროოსი "ბაიერნის" ისტორიაში უყრმესი ფეხბურთელია, ვისაც ბუნდესლიგაში ბურთი გაუგორებია. მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე შარშან საუკეთესოდ დაასახელეს. - რამდენად შეიცვალა შენი ცხოვრება ბოლო ერთ წელიწადში. - რაღაც ცვლილებები მოხდა. შარშან ამ დროს "ბაიერნის" მეორე გუნდში სეზონი დავასრულე თუ არა, მითხრეს, რომ მთავარ გუნდთან ერთად შეკრება უნდა გამევლო. ორჯერ ივარჯიშე და მწვრთნელმა შემაქო. მეტი შეგიძლია და ძირითად შემადგენლობაში გათამაშებო. - "ბაიერნის" მთავარ გუნდამდე მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზეც შთამბეჭდავად ითამაშე... - ჩემთვის მართლა სასარგებლო ტურნირი გამოდგა, რადგან ამის შემდეგ ყურადღება მომაქციეს. მერე იყო დებიუტი ბუნდესლიგაში, მატჩი ბელგრადში და ოტმარ ჰიცფელდის ნდობაც მოვიპოვე. - ახლა რა მიზნები გაქვს. - ლოგიკურია, რომ შარშანდელზე უფრო მეტად მსურს ძირითად შემადგენლობაში თამაში. ჯერ ის არ ვარ, რაც მინდა, რომ ვიყო. აქ დიდი კონკურენციაა და ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შევძლებ კარგი ფეხბურთის თამაშს. - რომელ პოზიციაზე. - შემტევ ცენტრალურ ნახევარმცველად. ვფიქრობ, რომ სწორედ ცენტრში თამაში გამომდის ყველაზე უკეთ. სამწუხაროდ, "ბაიერნში" ვერ მოითხოვ, ან აქ მათამაშეთ, ან იქო, რადგან თუ ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხვდები, ამითაც კმაყოფილი ხარ. - შენს სუსტ და ძლიერ მხარეებზე რას იტყვი. - დარტყმა, პასი და დრიბლინგი კარგი მაქვს. თავით თამაში და მცველთა დახმარება უნდა ვისწავლო და სწორედ ამაზე ვმუშაობ. - კლინსმანის ვარჯიშებმა რა შთაბეჭდილება დაგიტოვა. - ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის. დღეში ორჯერ ინტენსიურად ვვარჯიშობთ, ცხრიდან ექვს საათამდე ბაზაზე ვართ. - რამდენიმე კვირის წინ აკადემიაში ცხოვრობდი, ახლა კი საკუთარი ბინა გაქვს და მართვის მოწმობაც აიღე. კიდევ რა გსურს. - ვახშამი. ბაზაზე ვსაუზმობთ და ვსადილობთ, მერე კი ცალკე უნდა ვივახშმო. ისე, მარტო ცხოვრებასაც აქვს ხიბლი. და კიდევ - ავტომობილში სანავიგაციო სისტემა მჭირდება, რადგან მიუნხენის დახლართულ გზებში ვერ ვერკვევი. - მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში რატომ აღარ ითამაშე. - წინა სეზონში შევთანხმდით, რომ მხოლოდ კლუბში ვიქნებოდი, ახლა კი არ ვიცი, რა იქნება, გამომიძახებენ თუ არა 19-წლამდელებში. - ჰიცფელდმა თქვა, რომ ოდესმე ბუნდესნაკრების ლიდერი გახდები... - ამაზე ახლა სულ არ ვფიქრობ. მიხაელ რენსინგის სიტყვები მახსენდება: "გახდი "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და მერე ყველაფერი თავისთავად მოვა".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |