|
|
"სარბიელი"
დავიდ ტრეზეგე ნაკრებიდან წავიდა
გიორგი კაკაბაძე
დავიდ ტრეზეგემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამისკენ 30 წლის ფორვარდს "მამლების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაიმონ დომენეკის დატოვებამ უბიძგა. როგორც იცით, ტრეზგეს დომენეკთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონია და მწვრთნელმა ის ევრო 2008-ის მიღმაც დატოვა. არადა, "ტრეზეგოლმა" გასულ სერია ფ-ში 20 გოლი გაიტანა. ავსტრია-შვეიცარიაში "მამლებმა" ძალიან ცუდად ითამაშეს და ჯგუფში ისე ჩარჩნენ, რომ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, მაგრამ ბევრი კრიტიკის მიუხედავად, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ დომენეკის პოსტზე დატოვება გადაწყვიტა. "დომენეკი რჩება და მე კი მივდივარ ნაკრებიდან. ეს ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის საშინელმა გამოსვლამ და მწვრთნელის პოსტზე მაინც დატოვებამ გადამაწყვეტინა. ფეხბურთი ცოტა სხვა ნაირად მესმის, ვიდრე ფედერაციის ხელმძღვანელობას. ცუდი ევრო 2008-ის შემდეგ, ყველა დომენეკის მოხსნას ითხოვდა, მაგრამ იგი დატოვეს და ამან საბოლოოდ ამიცრუა გული. ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ვიდრე ყველაფრის აწონ-დაწონვის შედეგად გაკეთებული არჩევანი. საყოველთაო აზრს, პატივი არ სცეს" - თქვა ნაწყენმა ტრეზეგემ. გოლეადორს საფრანგეთის ნაკრებში 71-ჯერ უთამაშია და 34 გოლი აქვს გატანილი. ახლა ის მთელ ყურადღებას თავის კლუბს, ტურინის "იუვენტუსს" დაუთმობს, რომელშიც 2000 წლიდან თამაშობს. "მომავალ სეზონში რომელიმე ტიტულის მოგება გვსურს. ამის გასაკეთებლად კი რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გვჭირდება, რომლებიც გაგვაძლიერებენ. კლუბის უფროსობა სწორი მიმართულებით მუშაობს და იმედია, ყველაფერი გამოვა" - დასძინა ტრეზეგემ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |