|
|
"სარბიელი"
ქართველი გლადიატორები მოსკოვში ჯეკ პოტის მოხსნას აპირებენ
ბაჩო სვანიძე
ჩვენში ბრძოლა წესების გარეშე 90-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და პოპულარობა იქვე მოიპოვა. მართალია, ეს მასობრივი სახეობა არ გახდა, მაგრამ ძნელად, ბოლო ათწლეულში გავისხენოთ შემთხვევა, როდესაც სპორტის სასახლე ბოლომდე შეივსო. ჩვენმა "გლადიატორებმა" კი ეს რამდენჯერმე მოახერხეს და ამ რამდენიმე შემთხვევიდან ორჯერ რუსეთის ნაკრები ისტუმრეს და ძვალ-რბილიც მაგრად უჟეჟეს. ჩვენში ბრძოლა წესების გარეშეს, საქართველოს შიდოკანის ფედერაციის პრეზიდენტი, ექსტრემალური ორთაბრძოლების მთავარი პრომოუტერი და შიდოკანის მე-5 დანის მფლობელი მსოფლიოს ჩემპიონი სოსო კობერიძე თავკაცობს, ვინც იმავდროულად პროფესიონალი "გლადიატორია" და წლეულს ოქტომბერში კვლავ უმაღლესი ტიტულისთვის იბრძოლებს. მასთან ინტერვიუ კი კარიერის დასაწყისით დავიწყეთ... - ათი წლის ვიყავი კლასიკურ ჭიდაობაზე რომ მივედი და ექვსი წელი ვჭიდაობდი. მერე კონტაქტურ კარატეში გადავედი, საკმაოდ წარმატებულად. შავი ქამრის მფლობელი გავხდი და იქიდან მოყოლებული სულ ბრძოლაში ვარ - გვეუბნება სოსო კობერიძე. - და გადაწყვიტე წესების გარეშე გებრძოლა. - დიახ, 1998 წელს შიდოკანის ფედერაცია გავაკეთეთ. ეს არის კარატეს, ტაიქიქბოქსინგის და ჭიდაობის ნაზავი. იგივე პანკრატიონი, ანუ ბრძოლა წესების გარაშე. შიდოკანში ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი გავხდი და მსოფლიოს ჩემპიონი სპორტულ პანკრატიონში და ბრძოლებს უცხოეთში ვმართავდი. ერთხელაც ჩავედი ჩიკაგოში, მივიღე ექსკლუზიური კონტრაქტი, რომ საქართველოში შოდოკანის და ექსტრემალური ორთაბრძოლების ფედერაცია გამეკეთებინა. - იქამდე, ხომ პანკრატიონის წესებით ძმები ზაზა და კობა ტყეშელაშვილები და ტარიელ და ამირან ბიწაძეები ჩხუბობდნენ. - დიახ, და პირველი "ფანჯარა" სწორედ მათ გაჭრეს. ისინი შერეულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ და ქართველ მებრძოლებს სახელიც გაუთქვეს. ოფიციალური ფედერაცია კი ჩვენ დავაარსეთ. საერთოდ ჩვენი სახეობა სამი კომპონენტისგან შედგება. პირველი რაუნდი არის კონტაქტური კარატე, მერე ტაილანდური ქიქ-ბოქსი. ბოლო მესამე რაუნდი კი ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს. - საბოლოო შედეგი რაუნდებში დაგროვილი ქულებით ვლინდება. - დიახ, თუ საქმე ნოკაუტამდე არ მივიდა. ზოგჯერ ხდება, რომ მებრძოლი პირველივე ან მეორე რაუნდში გაითიშება და ბრძოლა წყდება. - მესამე რაუნდს ბრძოლა წესების გარეშე კი ჰქვია, მაგრამ როგორც ვიცით, იქაც არის შეზღუდვები. - აკრძალულია ხერხემალსა და წელს ქვემოთ დარტყმა, თვალში თითის ტაკება. - როდესაც დაუნდობელი ჩხუბია, ალბათ ძალიან რთულია ამ წესების დაცვა... - არა, ასე არ არის. აქ არიფები არ ჩხუბობენ. ყველას გამოვლილი აქვს მოსამზადებელი გზა და ფსიქოლოგიურად მდგრადი მებრძოლები არიან. პროფესიონალი "გლადიატორი" წესების დარღვევას არ იკადრებს. ისე, ხდება ხოლმე, რომ წესები ირღვევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს უნებლიედ ხდება. შემთხვევით მეც დამირტყამს მეტოქისთვის აკრძალულ ადგილას. - სულ რამდენი ბრძოლა გაგიმართავს. -სულ 82 ოფიციალური ბრძოლა გავმართე, აქედან 56 მოვიგე, 24 წავაგე და ორი ფრედ დავასრულე. დამწყები მებრძოლი რომ ვიყავი, საერთაშორისო ტურნირების პრიზიორიც გავხდარვარ. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებიც მომიგია. მაგრამ იქ სიგელების და მედლებს გარდა არაფერს იძლევიან და მოყვარულებში აღარ ვჩხუბობ, მხოლოდ კომერციულ ბრძოლებში ვმონაწილეობ. - ჰონორარი რამდენია. - ასე ვერ განსაზღვრავ. ყოფილა შემთხვევა, ბრძოლაში 200 ევრო ამიღია, ზოგჯერ 10 ათასიც... ერთხელ ამერიკაში იქაურ შავკანიან მებრძოლთან მქონდა 20 ათასიანი ჩხუბი, აშკარად ვაჯობე, მეტოქემაც რინგზე ხელი დაარტყა ვნებდებიო, მაგრამ იქაურმა მსაჯებმა გამარჯვება მაინც თავისიანს მიაკუთვნეს. - ყოფილა შემთხვევები, როდესაც მებრძოლს "ტოტალიზატორზე" ეთამაშა. - ჩვენთან ტოტალიზატორები აკრძალულია. ეგეთი რაღაცეები არალეგალურ ბრძოლებშია. ფსონებს იქ ჩადიან, ჩვენთან კი ეს აკრძალულია. პირადად მე აკრძალულ ბრძოლებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. პროფესიონალი ვარ და ერთი-ორი კაპიკისთვის სახელს არ გავიფუჭებ. - ყველაზე ძლიერი მებრძოლები რომელ ქვეყნებს ჰყავთ. - რუსეთს, იაპონიას, ბრაზილიას და აშშ-ს. რუსებს მართლაც ძლიერი მებრძოლები ჰყავთ. ყველა კომპონენტში თანაბრად არიან მომზადებული. როდის რა ილეთით სჯობია მეტოქის დამარცხება. ეს თვიოთნ რინგზე, ბრძოლისას, ვითარების მიხედვით ხდება. - თქვი, რომ რუსები ძალიან ძლიერები არიან, როგორც მახსოვს, 2004 წელს თბილისში მათი ნაკრები დაამარცხეთ. - ასე იყო, მაშინ მართლაც მძიმე ჩხუბები გვქონდა. თავიდან 1:3 ჩამოვრჩით და ჩემი ბრძოლის ჯერი იყო. რომ წამეგო რუსებს ვეღარ დავამარცხებდით. მახსოვს მაშინ მაგრად დავიძაბე, როგორი საქმეა, ჩემზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. ჩემი ბრძოლა მოვიგე, მერე გია ჩირაგაშვილმა "გლადიატორმა" დაუსვა საბოლოო გამარჯვების წერტილი და საბოლოოდ 4:3 გავიმარჯვეთ. სხვათა შორის, რუსეთის ნაკრები შარშანაც იყო ჩამოსული და ბრძოლები 7 ნოემბერს დავნიშნეთ. მაშინდელი პოლიტიკური მოვლენების გამო ტურნირს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, სპორტის სასახლე ბოლომდე შეივსო და ჩვენი ქომაგებისგან დამუხტულებმა რუსები კიდევ ერთხელ დავამარცხეთ. მაისში კი უკრაინაში ჩავედით, სადაც საკლუბო ჩემპიონატი იმართებოდა. ჩვენ "თბილისის" სახელით ვჩხუბობდით. კიევში წინა დღით უნდა გაფრენილიყავით, მაგრამ რეისი სამჯერ გადაიდო და უძილოებმა მეორე დღეს დილით ტურნირის დაწყებამდე ერთი-ორი საათით ადრე ჩავაღწიეთ უკრაინაში. ბიჭები დაღლილები და გამოფიტულები იყვნენ, მაგრამ არ დაუწუწუნიათ გაიმარჯვეს. მე კიევში არ მიჩხუბია, რადგან ეს სამოყვარულო ბრძოლები იყო. ჩვენებიდან კი დათო "კვადრატა" ტყეშელაშვილმა, ემზარ ტყეშელაშვილმა, გია კაბულაშვილმა და პაატა რობაქიძემ იჩხუბეს. - თქვენს ფედერაციაში გაწევრიანების სურვილი ბევრს აქვს. - შეიძლება არ დაიჯეროთ და ხანდახან ტელეფონს ვთიშავ იმდენი ზარი შემოდის, ჯერჯერობით არ გვაქვს საიმისო ბაზა, რომ ყველა მსურველი მივიღოთ. ხან სად ვვარჯიშობთ, ხან სად. ახლა ჩაფიქრებული გვაქვს და ალბათ მალე გამოგვივა კიდეც, ჩვენი პირადი სავარჯიშო დარბაზი გავაკეთოთ. - ხშირად ხდება, რომ სახელიანი სპორტსმენები ბრძოლა წესების გარეშეში გადადიან. თქვენ თუ აპირებთ რომელიმე ცნობილი ქართველი მოჭიდავის, მოკრივის ან მორაგბის "გადაბირებას". - ასეთი ინიციატივა თავად რამდენიმე ცნობილი მოჭიდავისგან მოდის. ახლა მათ ვინაობას ვერ გეტყვით. პეკინის ოლიმპიადის შემდეგ კი სიურპრიზები აუცილებლად იქნება. - მთლიანად ბრძოლებით ხართ დაკავებული თუ თქვენი პროფესიითაც მუშაობთ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი დავამთავრე, თუმც ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია. ბიჭები კი ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ. - დაოჯახებული ხართ და მეუღლე როგორ ეგუება თქვენს საქმიანობას. ბრძოლებზე დადის. - მეუღლე ყველანაირად გვერდით მიდგას. ბრძოლებზეც დადის და, ცხადია, მაგრად ნერვიულობს, ოღონდ გულის სიღრმეში იცის, რომ მოვიგებ და ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. - შვილები გყავთ. - ამ მხრივ გამიმართლა. სამი გოგო მყავს და საჩხუბრად საქმე არ ექნებათ. ეს ხუმრობით, სერიოზულად კი ბიჭი რომ მყავდეს, ვავარჯიშებდი და ვაჩხუბებდი კიდეც. ზოგს ჰგონია, რომ ჩვენი სახეობა სიცოცხლისთვის საშიშია, მაგრამ ასე არაა. მაგალითად ფეხბურთელმა ერთი მიკარებით შეიძლება სერიოზული ტრავმა მიიღოს, მორაგბეები კი სულ ძვლების მტვრევაში არიან და ტრავმას ასე იოლად არ იღებენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ როგორც და რასაც შეაჩვევ ორგანიზმს, ტრავმიანობაც შესაბამისი იქნება. - დაბოლოს, უახლოესი ტურნირი როდის გელით. - ოქტომბერში მოსკოვში "ჩემპიონთა თასი" გაიმართება, სადაც მსოფლიოს რვა საუკეთესო მებრძოლი იჩხუბებს. ჩემს წონაში მოსკოვში ორი ქართველი ვიქნებით, მე და გია ჩირაგაშვილი, იგივე "გლადიატორა". იმედია, ერთმანეთს ფინალში შევხვდებით და მთელ საპრიზო ფონდს, 60 ათას დოლარს, ჩვენ მოვხსნით.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |