"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

რიჩარდ მათიაშვილისთვის ათვლის წერტილი ევროპის ჩემპიონატია: უცხოეთისკენ მაცქერალი არც ავიამშენს ივიწყებს

ირაკლი პერტაია

ჩვენში ასეა, თუ მოთამაშეს უცხოურ კლუბში გადასვლის ვარიანტი გამოუჩნდა, საქართველოში დარჩენაზე არ ფიქრობს და უმეტეს შემთხვევაში საზღვარგარეთ მიდის. დღეს არაერთი ქართველი ცდილობს უცხოური კლუბის მონახვას და მათ შორისაა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ავიამშენის" ცენტრი რიჩარდ მათიაშვილი. "რიჩო" ახლახან იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც ქალაქ ფრანკფურტში თავისუფალ აგენტთა კემპი გაიმართა და მრავალი გუნდის წარმომადგენელი თუ მენეჯერი ახალი კონტრაქტის მაძებარ მოთამაშეებს გულისყურით აკვირდებოდა. მათიაშვილს რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა, თუმც ჯობს თავად მას მოვუსმინოთ...- გერმანიაში ლევან მიქელაძის დახმარებით წავედი. მართალია, იგი ჯერ ჩემი ოფიციალური მენეჯერი არ არის, მაგრამ თუ ევროპულ გუნდში გადავალ, მიქელაძესთანაც გავაფორმებ კონტრაქტს.

- გერმანიაში კონკრეტულად რა ხდებოდა.

- ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა კემპი, სახელწოდებით "ქორთ საიდ". ეს არ გახლდათ იმ სახის შეკრება, აქამდე რომ ვყოფილვარ. აქ ასაკი არ იყო შეზღუდული და მოთამაშეები იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მათთვის სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლებს შეეხედათ. ერთი სიტყვით, ეს იყო თავისუფალ აგენტთა კემპი, რომელშიც 60-ამდე კალათბურთელი ვიღებდით მონაწილეობას.

- ცნობილი მოთამაშეები თუ იყვნენ.

- იქიდან გამომდინარე, რომ მე საზღვარგარეთის ლიგებში არ მაქვს ნათამაშევი, ბევრს არ ვიცნობდი. რა თქმა უნდა, იყვნენ ნორმალური დონის მოთამაშეები - მაგალითად, კემპზე ჩემი თანაგუნდელი იყო დანიელი ცენტრი, რომელსაც თავის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. იყვნენ შვედეთის და სხვადასხვა ეროვნული გუნდების წევრები, ასევე ამერიკელები, რომლებიც საკმაოდ ძლიერები არიან, მაგრამ ნბა-ში ვერ მოხვდნენ და ევროპაში ცდიან ბედს.

- რა სახის კემპი იყო, მატჩები გაიმართა.

- თავიდან ცოტა ვივარჯიშეთ, მერე კი გუნდები გაკეთდა და ვისპარინგეთ. ჩემს გუნდს "ევროპელი ვარსკვლავები" ერქვა. იყო ასევე "ადრიატიკის ლიგა", "ამერიკელი ვარსკვლავები", "ევროპის ნაკრები". ჩემთან იყო ის დანიელი ცენტრიც. საბოლოოდ სამივე მატჩი მოვიგეთ და ჩემპიონებიც გავხდით.

- და მთავარი კითხვა: დაინტერესდნენ შენით.

- როგორც ლევან მიქელაძემ მითხრა, 2 კლუბი დაინტერესდა და ვნახოთ, რა გამოვა. არ მინდა წინასწარ ლაპარაკი. თან მალე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვითამაშებ და მერე უფრო მკაფიოდ გამოჩნდება ყველაფერი.

- თუ უცხოური ვარიანტი არ გამოვიდა, სად ითამაშებ.

- "ავიამშენში". ეს გუნდი კარგ პირობებს მთავაზობს და თუ უცხოეთში არ წავედი...

- ტრავმის გამო ბოლო ხანებში ახალგაზრდულ ნაკრებში რამდენიმე ვარჯიში გაგიცდა. ახლა როგორ ხარ.

- გერმანიიდან რომ ჩამოვედი, ქუსლი დავიზიანე და ვარჯიშებიც ამიტომ გამიცდა. ახლა ყველაფერი კარგად არის, სრული დატვირთვით ვემზადები ევროპის ჩემპიონატისთვის.

- ახალგაზრდულ ნაკრებში ცენტრის პოზიციაზე თამაშობს გიორგი შერმადინიც და კონკურენციას გაუძლებ.

- ვარჯიშებზე, ერთმანეთში როცა ვთამაშობთ, ხშირად არის, რომ მწვრთნელი ერთ გუნდშათამაშებს მე და შერმადინს, თანაც ორივე ერთდროულად ვართ მოედანზე. მე უფრო უკან ვიხევ და თავდამსხმელად ვთამაშობ, შერმადინი კი გამოკვეთილი ცენტრია. 15 ივლისს იტალიაში, ამხანაგურ ტურნირზე მივდივართ და იქ უკვე ჩამოყალიბებულ სახეს მიიღებს ხუთეული.

- რას იტყვი ევროპის ჩემპიონატზე, მოვახერხებთ ფ დივიზიონში დარჩენას.

- საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და ვფიქრობ, ელიტაშიც დავრჩებით და ცოტა მეტსაც შევძლებთ. უკვე დროა, რომ ადგილის შენარჩუნებაზე კი არა, შედეგის მიღწევაზე ვიფიქროთ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com