"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

თურქებმა ქართველები ფიზიკურად დაჩაგრეს

ლექსო მაისურაძე

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს სტუდენტურ ჩემპიონატზე მეოთხედფინალური თამაში თურქეთთან ჩაატარა და სამწუხაროდ 30:33 წააგო. ვენეციაში გამართული დაპირისპირება უკომპრომისოდ წარიმართა, დიდი სხვაობით გაქცევას ვერც ერთი ნაკრები ვერ ახერხებდა, მეტოქეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე 27:27 იყო და საბოლოოდ, როგორც ვთქვით ჩვენებმა ოდენ სამი ბურთით წააგეს. ნამატჩევს ნაკრების თავკაცმა ირაკლი კეკელიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა - თანაბარი თამაში იყო. თურქეთს ფიზიკურად ძლიერი, მებრძოლი ნაკრები ჰყავს. არაფერი არ დავუთმეთ, მაგრამ ბოლოს ფიზიკურად ცოტა დავიღალეთ. ზედიზედ ჩატარებულმა სამმა თამაშმა გავლენა იქონია. კმაყოფილი ვარ იმით, რომ კარგი ტურნირი იყო და ბიჭებმა საკმაო გამოცდილება მიიღეს. ყველამ კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი შოთა თევზაძეს, რევაზ ჭანტურიას და ვლადიმერ რუსიას გამოვარჩევ.

ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა რატი მსხვილიძემ კი ეს გვითხრა: პირველი ტაიმი ქულა-ქულაში მიდიოდა. თურქებს ფიზიკურად კარგი ბიჭები ჰყავთ და დიდი ბრძოლა იყო. მეორე ტაიმის დასაწყისში 4 ბურთით გაგვექცნენ. მერე მეც გამაძევა მსაჯმა და ერთი ხანობა კაცნაკლულებიც იყვნენ ბიჭები, მაგრამ მაინც მაგრად იდგნენ და ბოლო მომენტამდე გარკვეული არაფერი იყო. 10 წუთით ადრე 27:27 იყო, მერე კი ნელ-ნელა დაგვჯაბნეს. მე იაპონიასთანაც მაგრათ მტკიოდა ხელი, მაგრამ ისეთი დაპირისპირება იყო ტკივილს ვეღარც ვგრძნობდი, რაც შემეძლო დავეხმარე ბიჭებს, ყველა ბოლომდე დაიხარჯა. განსაკუთრებით ვლადიმერ რუსიას გამოვარჩევ.

ჩვენები ახლა მე-5 მე-8 ადგილისთვის სერბეთს ეთამაშებიან და რევანშის ასაღებად იბრძოლებენ ჯგუფში წაგებული თამაშისთვის.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com