"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

მაღალი ბიჭების მილიონები: არც ისე მძიმე ბრენდი და ძალიან მძიმე ბოგუტი

ირაკლი ფირაშვილი

კონტრაქტზე ხელი მოწერილია, ელტონ ბრენდი "ფილადელფია სიქსერზის" საკუთრებაა. "ლოს ანჯელეს კლიპერსიდან" გაქცეულმა ნბ-ას ერთ-ერთმა უძლიერესმა მძიმე ფორვარდმა ახალ გუნდთან 5-წლიანი და 82-მილიონიანი ხელშეკრულება გააფორმა და ამით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა - კალათბურთელი ბლომად ფულს ჩაიჯიბავს, გუნდს კი ახალი სუპერვარსკვლავი ეყოლება, ვისი ლიდერობითაც ერთ-ორ წელიწადში ვინძლო ჩემპიონობისკენაც გაიწიოს.

უკმაყოფილება კი ბრენდმა ლოს ანჯელესში დატოვა. "კლიპერსს" არ სურდა ვარსკვლავის დაკარგვა, მაგრამ "ფილადელფიასთან" შედარებით, ასე 20 მილიონით ნაკლები შეაძლია და ვეღარც დააკავა. ბრენდს კიდევ რამდენიმე კლუბი ეკურკურებოდა, მათ შორის, "გოლდენ სტეიტიც", მაგრამ არც მას აღმოაჩნდა წლიური 15 მილიონი.

ახალ ქალაქსა და ახალ გუნდში კი ახალმა კაცმა უკვე დაიწყო გაშინაურება და დაპირებების გაცემა. "ჩემი მხრივ, მძლავრ პირველ სეზონს გპირდებით" - ამბობს საშუალოდ, მატჩში 20 ქულისა და 10 მოხსნის მკეთებელი, 203-სანტიმეტრიანი და 115-კილოგრამიანი მანქანა.

ფილადელფიელმა საკალათბურთო კრიტიკოსებმა ეჭვი გამოთქვეს, ჩვენი გუნდი სწრაფ კალათბურთს თამაშობს და ამ პლეი ოფშიც ასე გავიდა, პირამიდის სამშენებლო კუბივით მძიმე ელტონ ბრენდმა კი ემანდ არ შეგვინელოს ტემპიო. ეს ხალხი "სიქსერზის" თავკაცმა მორის ბიქსმა დაამშვიდა, მთლად მასე მძიმეც არ არის, თქვენ რომ გგონიათ და ტემპს არ დავაგდებთო.

9 ივლისს კიდევ რამდენიმე თავისუფალმა აგენტმა ერთგულების ავტოგრაფი აღბეჭდა გუნდის მიერ შეთავაზებულ ახალ კონტრაქტზე. "მილუოკი ბაქსმა" არ ისურვა ავსტრალიელი ძონძროხა ცენტრის ენდრიუ ბოგუტის გაშვება და საახალბედო სამი სეზონის გავლის შემდეგ ხუთწლიანი და 72,5-მილიონიანი მსუყე ხელშეკრულება შესთავაზა, რაზეც ამხელა კაცი ლამის ცეკვით დათანხმდა. 211-სანტიმეტრიანი ბოგუტი უკანასკნელ რეგულარულ ჩემპიონატში 19,3 ქულასა და 9,8 მოხსნას კი იხვეჭდა და ამ სტატისტიკით ლიგის საუკეთესო ცენტრებში გაერია კიდეც, მაგრამ ეს მაინც ის არ არის, რასაც 2005 წლის დრაფტის პირველი ნომრისგან ელოდნენ და რის გამოც შეიძლება, კაცს ამხელა ფული შეაძლიო. მაგრამ გაძვირდნენ ნბა-ში ხეირიანი ცენტრები და "მილუოკისაც" ათეულობით მილიონთან განშორება მოუხდა, ზორბა ოზი რომ არ დაეკარგა.

"დალას მავერიკსს" გაცილებით იაფი დაუჯდა სენეგალელი დერგან დიოპი, რომელიც, სიმართლე ვთქვათ და, ბოგუტის ნახევარიც ვერაა. "ამ კლუბმა გასული სეზონის შუაწელს "ნიუ ჯერსიში" გაუშვა დიოპი და კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რათა იქიდან ჯეისონ კიდი წამოეყვანა, ახლა კი სენეგალელი ცენტრი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიბრუნა 5-წლიანი და 31-მილიონიანი კონტრაქტით და სავარაუდოდ, ისევ ერიკ დამპიეს თადარიგში ეყოლება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com