"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

როცა ბობოლები უქმობენ

კახა ლომაშვილი

საჩოგბურთო სამყარო ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა. ერთთვიან ინტერვალში ორი სლემტურნირის მოლევის შემდეგ ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება - თუმც ეს შტილი მხოლოდ აგვისტოს დასაწყისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ახალი ქარიშხალი პეკინში დაუბერავს, სადაც ოლიმპიადაზე სათამაშოდ ჩოგბურთელთა უმეტესობა აპირებს ჩასვლას.

ამ კვირას კი ერთბაშად ექვსი ტურნირი იმართება, თუმც ალბათ არ გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ ბობოლათა უმეტესობა ჯერჯერობით დასვენებას ამჯობინებს - ორი დიდი საჩოგბურთო ფორუმი მოიტოვეს უკან და ახლა დასვენებას ამჯობინებენ.

ჩვენ კი ყველაფერს თანმიმდევორბით მივყვეთ და შვეიცარულ გშტაადში მომხდარი ამბებით6 დავიწყოთ - წესით და რიგით, აქ როჯერ ფედერერსაც უნდა ეთამაშა, რადგანაც უიმბლდონური ბალახის შემდეგ დიად ალპელს უყვარს ხოლმე მშობლიური ტრიბუნების წინ გამოჩენა, თუნდაც ჩოგნაობა თიხნარზე უწევდეს. თუმც ამჯერად ფედერერს ასეთი წვრილ-წვრილი ტურნირებისთვის არ სცალია, რადგანაც ლონდონშო განცდილი ძალიან მწარე დამარცხება ჯერ კიდევ მოსანელებელი აქვს.

სხვა მხრივ კი მოქმედი ჩემპიონისა და წლეულს მეორე ნომრად განთესილი პოლ-ანრი მატიოს გასილაქების ამბავი ვთქვათ, რომელიც ახალგაზრდა ხორვატმა მარინ ჩილიჩმა ორ სეტში მიჩოგნა და ახლა მეოთხედფინალში იგორ ანდრეევს შეხვდება. ადგილობრივებს საგულშემატკივროდ სტანისლას ვავრინკა ჰყავთ, რომელიც აშკარად ტიტულზეა დაგეშილი. თუმც ეს შვეიცარიელი კინაღამ პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ნაკლებად ცნობილ თანამემამულე შტეფან ბოლთან და გაჭირვებით, მხოლოდ მესამე სეტის ტაიბრეიკზე გატეხა მეტოქე - 7:6 5:7 7:6.

აი, შტუტგარტში კი რაფაელ ნადალს ელოდნენ და დიდ დახვედრასაც უწყობდნენ, მაგრამ ესპანელმა იქაურებს მოუბოდიშა - უკაცრავად, მაგრამ მუხლების ტკივილი მაწუხებს და დასვენება მჭირდებაო. თანაც ახლახან ოცნებაასრულებულ მალიორკელს უიმბლდონის მოგებით დატკბობა უფრო უნდა და გერმანულ თიხნარზე სარბენად ნამდვილად არ სცხელა.

ეტყობა, მოჩვენებითი გამოდგა მარატ საფინის დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შესახებ ატეხილი აურზაური. მოგეხსენებათ, რუსმა ლონდონში თავისთვის საძულველ ბალახზე მშვენივრად ითამაშა და ნახევარფინალსაც უწია - ეს მისი საუკეთესო გამოსვლა იყო უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ იმედი გაჩნდა, ეგებ მარატმა შეძლოს ძველ დონეზე თამაშიო, მაგრამ შვედურ ბასტადში რუსმა გოლიათმა ისევ დაგვანახვა, რომ სტაბილურობასთან ვერ ძმაკაცობს. საფინმა შეცდომებს შეცდომები მიაყარა და პოტიტო სტარაჩეს გამარჯვება ხელებში მიაჩეჩა. სხვა ამბებიდან კი მასპინძელი ბიორნ რენკვისტის გამარჯვება გამოვყოთ, რომელმაც თანამემამულე მიკაელ რიდერშტადტს მოუგო. ეს მატჩი რატომ გამოვყავით. საქმე იმაშია, რომ რენქვისტი ბოლო შვედია, რომელმაც იუნიორებში სლემტიტულის მოგება შეძლო. თუმც ეს შორეულ 1997 წელს მოხდა, მას შემდეგ კი ამ ვიკინგს ხეირიანი არაფერი უქნია და კარგა ხანია, რეიტინგის უფსკრულშია ჩაკარგული. ახლა კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ შვედმა კალმოსნებმა რენკვისტს ამ გამარჯვების შემდეგ ირონიული სტატიების სეტყვა დააყარეს და ჩოგბურთელმაც ალბათ ინატრა, ნეტავ, ეს თამაში სულ არ მომეგოო.

კიდევ ერთი ტურნირი ამერიკულ ნიუპორტში იმართება, რომელიც ამასთანავე სეზონის უკანასკნელი საბალახო შეჯიბრია. პირველივე წრეში გაირკვა, რომ იქაურ ტრადიციას დარღვევა არ უწერია - საქმე იმაშა, რომ ტურნირის 32 წლიან ისტორიაში პირველ ნომრად განთესილს არასდროს უმარჯვია და წლეულსაც ასე იქნება, რადგანაც პირველი ნომერი მარდი ფიში უცბად დაიფრინეს. ეს მისია სრულიად უცნობმა ინდოელმა როჰან ბოპანამ იკისრა.

ქალები კი ამ კვირაში პალერომოსა და ბუდაპეშტში არიან თავმოყრილნი. აქ კი ბობოლებს მართლაც ვერსად მოჰკრავთ თვალს და ამიტომაც ძნელია რაიმე ისეთის გამოყოფა, მოსათხრობად რომ ღირდეს. ერთი იმას გეტყვით, რომ ბუდაპეშტში დიდად გაუცრუვდათ იმედები ადგილობრივებს, რადგანაც კნაჭა მასპინძელმა აგნეს სჟავაიმ ერთი წრეც ვერ დაძლია და სლოვაკ ანდრეა კლეპაჩს ვერაფერი მოუხერხა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com