"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

სამეული მასტერსის თასზე

კახა ლომაშვილი

მასტერსის თასზე, ანუ როგორც მას სხვანაირად წლის შემაჯამებელ ტურნირს ეძახიან, თამაშის უფლება უკვე გაინაღდეს რაფაელ ნადალმა, როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

უიმბლდონის ახალდგამომცხვარი ჩემპიონი ესპანელი წლევანელ საჩემპიონო რბოლას ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს. რაფამ მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო 56 მატჩის მოგება და მხოლო 7-ში დამარცხდა, გარდა ამისა, მის ანგარიშზე უკვე ექვსი ტიტულია - მონტე-კარლო, ბარსელონა, ჰამბურგი, ქუინზი და ორი სლემტიტული "როლან გაროსისა" (ზედიზედ მეოთხე) და უიმბლდონის სახით. გარდა ამისა, ნადალმა კიდევ ორ ფინალში ითამაშა - ინდურ ჩენაისა და კიბისკეინში.

"ბედნიერი ვარ, მასტერსის თასზე თამაშის უფლება რომ უკვე გავინაღდე. ამ ტურნირზე ყოველთვის სიამოვნებით გამოვდივარ, წლეულს კი იქ გასამარჯვებლად ცდას არ დავაკლებ" - განაცხადა ნადალმა.

შანხაიში დაბრუნდება ფედერერიც, რომელიც საჩემპიონო რბოლაში მეორე ადგილზეა. მართალია, შვეიცარიელმა წლეულს მხოლოდ ორი ტიტული მოიგო (ეშტორილი და ჰალე), მაგრამ, სამაგიეროდ, ოთხი დიდი ტურნირის ფინალში იყო, თუმც ოთხჯერვე ნადალთან წააგო (მონტე-კარლო, ჰამბურგი, "როლან-გაროსი" და უიმბლდონი).

ჩინეთში ჩავა ჯოკოვიჩიც, რომელმაც სეზონის დასაწყისში საკმარისად ქულები მოიხვეჭა და დიდწილად ამის ხარჯზე გაინაღდა მასტერსის თასის საგზური. სერბის მთავარი მიღწევა წლეულს ავსტრალიური სლემის მოგებაა.

ჩვენში დარჩეს და ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამხელა უფსკრულია ამ სამეულსა და დანარჩენ ჩოგბურთელებს შორის - რომ იტყვიან, სხვადახვა დონეზე დაფრინავენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com