"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

უიმბლდონის ლეგენდები

ცნობილმა ინგლისურმა ტაბლოიდმა "სანმა" ორიოდ დღის წინ უიმბლდონის ათი უდიდესი ჩემპიონის კლასიფიკაცია მოახდინა. ვფიქრობთ, უინტერესო არც თქვენთვის უნდა იყოს, თუ რა თანმიმდევრობით დაალაგეს ბრიტანელმა კალმოსნებმა "სრულიად ინგლისის ბალახის ჩოგბურთის კლუბის" კორტებზე თავგამოჩენილი მეჩოგნეები. ოღონდ იმას დავამატებთ, რომ აქ მხოლოდ ღია ერაში, ანუ 1968 წლის შემდეგ მოღვაწე ჩოგბურთელები მოხვდნენ

10 როდ ლეივერი

ბევრის მიერ ყველა დროის უდიდეს ჩოგბურთელად მიჩნეულმა ავსტრალიელმა 1968 წლამდეც მოახერხა ორი უიმბლდონის მოგება. ლეივერი ახალი ერის პირველი უიმბლდონის ჩემპინიოცაა, როცა ფინალში თანამემამულე ტონი როუჩი დააჩოქა. თუმც ავსტრალიელის უდიდესი ტრიუმფის დრო მომდევნო წელს დადგა, როცა ინგლისური მეიჯორის მოგებასთან ერთად მან "დიდი სლემი" შეკრა, ანუ ერთ კალენდარულ წელიწადში ოთხივე სლემტიტული მოიგო და 1962 წლის საკუთარი მიღწევა გაიმეორა. ლეივერი დღემდე ერთადერთ ჩოგბურთელად რჩება, რომელმაც "დიდი სლემის" შეგროვება კარიერაში ორჯერ მოახერხა.

9 ჯონ მაკინროი

ცხელთავიანი ნიუორკელი ცნობილი გახლდათ როგორც თავისი ტიტულებით, ასევე კორტზე გიჟმაჟი ქცევით. მაკინროიმ 1980 წელს ბორგთან წააგო მატჩი, რომელიც დღემდე ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ფინალად მიიჩნევა, მაგრამ შვედზე შური შემდეგ წელსვე იძია. მომდევნო ხუთი ფინალიდან ამერიკელმა კიდევ ორში იმარჯვა, აქედან ერთ-ერთში ისევ დაიკმაყოფილა შურისძიების გრძნობა, ოღონდ ამჯერად ჯიმი კონორსზე.

8 ბორის ბეკერი

17 წლის ასაკში ჟღალთმიანმა გერმანელმა მთელი საჩოგბურთო სამყარო შოკში ჩააგდო, როცა უიმბლდონის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონად იქცა კაცთა შორის. ბეკერმა მალევე დაამტკიცა, რომ ეს შემთხვევითობა არ იყო და 12 თვეში შეძლო ტიტულის დაცვა. მართალია, მომდევნო ოთხი ფინალიდან გერმანელმა მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა, მაგრამ ის მაინც თავისი დროის ერთ-ერთი უმთავრესი კოლორიტი გახლდათ.

7 ტოდ ვუდბრიჯი

უიმბლდონი მხოლოდ ერთეულთა შეჯიბრი არ არის. ამ უპრესტიჟულეს ტურნირზე 1993-2004 წლებში ვუდბრიჯმა კაც წყვილებში 9 ტიტულის მოგება მოახერხა. ოზის მრავალწლიანი მეწყვილე თანამემამულე მარკ ვუდფორდი გახლდათ, თუმც ვუდბრიჯმა ბოლო სამი ტიტული იონას ბიორკმანთან ერთად მოიგო.

6 ბიორნ ბორგი

როცა შვედმა 1976 წლის ფინალში ფავორიტ ილი ნასტასეს მოუგო, ნაკლებად ვინმეს ეფიქრა, რომ ეს ბორგის მიერ ზედიზედ მოგებული ხუთი ტიტულიდან პირველი იქნებოდა. მაგრამ შვედი შეუცვლელად ბატონობდა 1981 წლამდე, გზად ორჯერ მოუგო ჯიმი კონორსს, სანამ მის დომინირებას ბოლო ჯონ მაკინროიმ არ მოუღო. ვინ იცის რამდენ ტიტულს მოიხვეჭდა ეს დიდი ვიკინგი, ჩოგბურთისთვის თავი ნაადრევად რომ არ დაენებებინა.

5 როჯერ ფედერერი

შვეიცარიელმა ჯადოქარმა შარშან გაიმეორა ბორგის მიღწევა და ზედიზედ 5 უიმბლდონი მოიგო, თუმც რეკორდამდე რაფაელ ნადალმა აღარ მიუშვა. ფედერერი ის მეჩოგნეა, რომელმაც თავის უკანასკნელ უიმბლდონზე მოთამაშე პიტ სამპრასი დასცა 2001 წელს, თუმც შვეიცარიელმა იქიდან მხოლოდ 2 წლის თავზე შეძლო თავისი პირველი ტიტულის მოგება.

4 შტეფი გრაფი

1988-96 წლებში გრაფმა ერთეულთა შორის ორის გარდა ყველა ტიტული დაისაკუთრა. დიდი გერმანელი ერთი თავით მაღლა იდგა თავის მეტოქეებზე და სამხრეთ-დასავლეთ ლონდონში შავდა უილიამსების გამოჩენამდე გაცილებით ადრე დაანახვა ყველას ძალისმიერი ჩოგბურთის უპირატესობა. მართალია, გრაფს ყველა სლემტიტული მინიმუმ ოთხჯერ აქვს მოგებული, მაგრამ უიმბლდონი იყო ადგილი, სადაც მისი სიდიდე ყველაზე მეტად კაშკაშებდა.

3 ბილი-ჯინ კინგი

მინიატურულმა ამერიკელმა ორი ტიტული ახალ ერამდეც მოიგო, რასაც 1968 წლის შემდეგ ოთხი მიაყოლა. კინგი ამის შემდეგ კიდევ სამჯერ გამოჩნდა ფინალებში. ამის გარდა ამერიკელმა ქალთა წყვილებში და მიქსტებში თამაშით დამატებით 14 ტიტული მოხვეჭა.

2. პიტ სამპრასი

"პისტოლ პიტი" ყველა ცილინდრიდან აფრქვევდა ცეცხლს და მეტოქეს მეტოქეზე ადუღებდა უიმბლდონზე მრავალწლიანი მეფობის პერიოდში. 1993 წლიდან 8 სეზონის განმავლობაში გასაოცარმა ამერიკელმა 7 ტიტული გაჩარხა და მართალია, ციდან დედამიწაზე ფედერერმა დააბრუნა - რომელიც აუცილებლად შეეცდება მისი რეკორდის გამეორებას - სამპრასის ფანტასტიური ჩოგნაობა ინგლისში კიდევ ათეული წლების განმავლობაში ემახსოვრებათ.

1 მარტინა ნავრატილოვა

შეგიძლიათ გიყვარდეეთ ან არ გიყვარდეთ ის, მაგრამ სუნთქვის შეკვრის გარეშე ვერ შეხედავთ მის უიმბლდონურ მონაგარს. მართლაც გონების დამბინდველი რიცხვებია - 9 ტიტული ერთეულთა, 7 წყვილთა და 4 შერეულ წყვილთა შორის. ბოლო ტრიუმფი კი მარტინამ 2003-ში, 46 წლის ასაკში, გადაიხადა, რითაც კინგს დაეწია და მასავით 20 ტიტული მოაგროვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com