|
|
"სარბიელი"
პირველი სიმაღლე რიკომ აიღო: შუმახერმა ლიდერობა კირხენს გადაულოცა
როგორც მოსალოდნელი იყო, "ტურ დე ფრანსის" მეხუთე ეტაპმა, რომელიც შოლესა და შატორუს შორის 232 კილომეტრს მოიცავდა, გენერალურ კლასიფიკაციაში არაფერი შეცვალა. ეტაპი ვაკეზე გადიოდა და პროგნოზირებადი ჯგუფური ფინიშით დამთავრდა, ოღონდაც, სიმართლე უნდა ითქვას, რომ სპრინტერებს მაგრად გაუმართლათ, პელოტონმა ბოლო მეტრებზე გაქცეულების დაწევა რომ მოახერხა, თორემ მესამე ეტაპის მსგავსად, ახლაც ხახამშრალნი დარჩებოდნენ. შეგახსენებთ, რომ მესამე ეტაპზე ოთხი მრბოლი თითქმის სტარტისთანავე, მეორე კილომეტრზე მოწყდა ველოქარავანს. ამ ოთხეულმა იმხელა უპირატესობა მიიღო (ფინიშამდე 80 კილომეტრით ადრე პელეტონი გაქცეულებს 14 წუთით ჩამორჩებოდა), რომ ძირითადმა ჯგუფმა დაწევა ვეღარ მოახერხა, ფინიშს გაქცეულებზე ორი წუთით გვიან უწია და შედეგად, სპრინტის ოსტატები ხელცარიელნი დარჩნენ. ამჯერად იერიში სამმა მრბოლმა წამოიწყო. სამივე ფრანგი იყო - "ფრანსაიზ დე ჟუს" ლილიან ჟეგუ, "კოფიდისის" ფლორენ ბრარდი და საფრანგეთის ჩემპიონი ჯგუფურ რბოლაში, "აგრიტუბელის" ნიკოლა ვოგონდი. ამჯერად პელოტონმა სიფრთხილე გამოიჩინა და გაქცეულებს ძალიან დიდი უპირატესობის მიღების საშუალება არ მისცა, თუმც ფრანგულმა სამეულმა ბოლომდე იბრძოლა. განსაკუთრებით ვოგონდი აქტიურობდა, ვინც სწორედ იმ კუთხის მკვიდრია, სადაც რბოლა ტარდებოდა და ოჯახის წევრებისა და მეგობრების თვალწინ თავი დადო გამარჯვებისთვის. ვოგონდის სულ ცოტა დააკლდა ტრიუმფამდე. უკვე შატორუს ქუჩებში და, სხვათა შორის, სწორედ ამ ქალაქშია დაბადებული ჟერარ დეპარდიე, ვოგონდიმ, რომელმაც იგრძნო პელოტონის სუნთქვა ზურგს უკან, მიატოვა ჟეგუ და ბრარდი და უკანასკნელი შემორჩენილი ძალებით გაქროლდა ფინიშისკენ. ეს ფინიში ოციოდე მეტრით ადრე რომ ყოფილიყო, ნიკოლა მოიგებდა კიდეც, მაგრამ ამ ბოლო მეტრებზე პელოტონმა ისიც ჩაყლაპა და წინ განთქმული სპრინტერები გაცვივდნენ. ყველას ამრეიკული "კოლუმბიას" ბრიტანელმა მრბოლმა მარკ კავენდიშმა აჯობა და ბოლო მეტრების ისეთი დიდოსტატები მოიტოვა უკან, როგორებიც ესპანელი ოსკარ ფრეირე, გერმანელი ერიკ ცაბელი და ნორვეგიელი ტორ ჰუსჰოვდი არიან. 23 წლის კავენდიში გახდა ბოლო ხუთ წელიწადში "ტურის" ეტაპის მომგები პირველი ბრიტანელი. კავენდიშმა წლევანდელ "ჯირო დიტალიაზეც" მოიგო ორი ეტაპი და შატორუში გამარჯვებით კი კიდევ ერთხელ ყველას დაუმტკიცა, რომ სპრინტში მასაც ეთქმის სიტყვა და ამ სიტყვას ყველამ ანგარიში უნდა გაუწიოს. თანაც, კავენდიში თურმე დარწმუნებული იყო საკუთარ გამარჯვებაში და რბოლის დაწყებამდე თავისი მენეჯერისთვის უთქვამს, ფულის შოვნა თუ გინდა, ტოტალიზატორში დარეკე და ჩემს მოგებაზე 1000 ევრო დადეო. გუშინ "ტურზე" მეექვსე ეტაპი იყო და აიგურანდედან სუპერბისამდე მდებარე 195,5-კილომეტრიან გზაზე ველოსიპედისტთა წინაშე პირველი მთები აღიმართა. არა, ეს არც პირინეები იყო და არც ალპები, მაგრამ გზის ბოლოსკენ ორი მეორე კატეგორიის მთა, თანაც აღმართში ფინიშით, უკვე საქმე იყო და გვარიანი ბრძოლაც გაჩაღდა. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა ლიდერის შეცვლით დასრულდა, რადგანაც ბოლო, კილომეტრნახევრიან ციცაბო აღმართში, როდესაც რიკარდო რიკომ და ალეხანდრო ვალვერდემ შეუტიეს, შტეფან შუმახერი უხერხულ პოზიციაში აღმოჩნდა, წინ მავალის ბორბალს წამოედო, დაეცა და კიდეც რამდენიმე მრბოლი ზედახორაში მოაყოლა. შუმახერმა დაახლოებით ნახევარი წუთი დაკარგა და გენერალურ კლასიფიკაციაში წინ კიმ კირხენი და კედელ ევანსი გაატარა. ეტაპი რიკომ მოიგო. 24 წლის იტალიელი საერთო ჩათვლის ლიდერებს უკვე გვარიანად ჩამორჩება, მაგრამ ახალგაზრდა მრბოლი არც გეგმავდა მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას. აი, ერთი სამთო ეტაპის მოგება მის გეგმებში ნამდვილად შედიოდა და ვინ იცის, რიკარდომ ეს გეგმა გადაჭარბებითაც კი შეასრულოს. "სონი დიუვალის" მრბოლმა ეტაპის ბოლო ას მეტრზე აჯობა ასეთი ფინიშების ოსტატ ვალვერდეს და მათ უკან კი ევანსი იყო. აღსანიშნავია ახალგაზრდა ჩეხის, რომან კროიცაგერის მშვენიერი შედეგი (მე-6 ადგილი და %7 წამი გამარჯვებულთან) და ერთ-ერთი ფავორიტის, დამიანო კუნეგოს მარცხი, რომელმა ბოლო აღმართში 32 წამი წააგო. გენერალური კლასიფიკაციის თავში 28 წლის ლუქსემბურგელი კირხენი მოექცა, ევანსი მასთან 6 წამს აგებს, დენის მენშოვი - წუთსა და 3 წამს, ვალვერდე - წუთსა და 12 წამს, კარლოს სასტრე - წუთსა და 34 წამს, ხოლო კუნეგო - წუთსა და 42 წამს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |