|
|
"სარბიელი"
ისევ ჰემილტონი
ჰოკენჰაიმში მიმდინარე ტესტების მეორე დღესაც ყველაზე სწრაფი ლუის ჰემილტონი იყო. თანაც, "მაკლარენ-მერსედესის" ინგლისელმა პილოტმა ამ ჯერზე უფრო შთამბეჭდავად იჯირითა და დილის სესიისას რომ ჩაიგდო ლიდერობა ხელთ, ბოლომდე ახლო არავინ გაიკარა. მთლიანობაში ლუისმა 101 წრე დაარტყა ჰოკენჰაიმის ავტოდრომს და საუკეთესო წრეზე წუთი და 14,872 წამი აჩვენა. ჰემილტონს თითქმის ოთხი მეათედი წამით ჩამორჩა "უილიამს-ტოიოტას" გერმანელი ნიკო როსბერგი (1.15,257), ხოლო მესამე შედეგი მსოფლიოს ჩემპიონს, "ფერარის" ფინელ პილოტ კიმი რაიკონენს (1.15,296) ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ წინა დღესაც ეს სამეული იყო ყველაზე სწრაფი, ოღონდაც მაშინ რაიკონენი მეორე იყო, როსბერგი კი - მესამე, ამჯერად კი გაგერმანენებულმა ფინელმა აჯობა ნაღდ ფინელს. მეოთხე შედეგი ვეტერან შოტლანდიელს, "რედ ბულის" დევიდ კულტჰარდს ჰქონდა, მის უკან კი გერმანელები, "ფორს ინდიას" ადრიან სუტილი, "ტორო როსოს" სებასტიან ფეტელი , "ტოიოტას" ტიმო გლოკი და ესპანელი ექსჩემპიონი ფერნანდო ალონსო ("რენო") განლაგდნენ. დღის ბოლოს ჰემილტონმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ტესტების პირველმა ორმა დღემ ძალზე ნაყოფიერად ჩაიარა, თანაც, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ გავუსწარით "ფერარის", მაგრამ აშკარაა, რომ "მაკლარენმა" გვარიანი პროგრესი განიცადა".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |