|
|
"სარბიელი"
ფილოსოფოსი ალონსო კახა ლომაძე
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, "რენოს" ესპანელი პილოტი ფერნანდო ალონსო ფიქრობს, რომ მის გუნდს ძალუძს სეზონის მეოთხე ადგილზე, ანუ ტოპ-გუნდების, "ფერარის", "მაკლარენისა" და "იქც-ზაუბერის" უკან დასრულება. საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხსენებული სამი გუნდის გარდა, ფრანგულ საჯინიბოს კონსტრუქტორთა თასზე კიდევ სამი გუნდი უსწრებს - "ტოიოტა", "რედ ბული" და "უილიამსი". ესპანურ "ელ პაისთან" ინტერვიუში ფერნანდომ განაცხადა, რომ აღარ ფიქრობს პირად წარმატებებსა და პოდიუმზე, რადგანაც პირადად მას არანაირი საჩემპიონო შანსი აღარ გააჩნია: "ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, "რენომ" მეოთხე ადგილი დაიკავოს გუნდურ ჩათვლაში". ალონსოს აზრით, "რენო" დიდად არ ჩამოუვარდება მის წინ მყოფ გუნდებს და პატარა გამართლების შემთხვევაში შეძლებს კონკურენტების გადასწრებას. "რედ ბულის" პოდიუმი კანადაში, დიდწილად, იღბლის საჩუქარი იყო. სილვერსტოუნზე "ჰონდას" პოდიუმს რაც შეეხება, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ეს გუნდი რაკეტის სიჩქარით პროგრესირებს. ჩვენთვის მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ქულები მოვიპოვოთ - განაცხადა ორგზის ჩემპიონმა და იქვე ფილოსოფიურად დაამატა - არის სეზონები, როდესაც ყველაფერი შენ სასარგებლოდაა, მაგრამ ისეთებიცაა, როდესაც ხელაღებით არ გიმართლებს. მე ვამჯობინებ, უიღბლობის პორცია წლეულს ბოლომდე მივიღო, რადგანაც ტიტულითვის მაინც ვერ ვიბრძვი".
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |