"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

სლოვაკი სლოვაკის ნაცვლად: პიტსბურგმა ჰოსა შატანით შეავსო

კახა ლომაშვილი

გავაგრძელოთ ნჰლ-ის თავისფალი აგენტების ბაზარზე მოხდარი ამბების მიმოხილვა. ბოლო დღეებში ბლომად საინტერესო სიახლე დაგროვდა და დროა, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

უმთავრესი მოვლენა იარომირ იაგრის ნჰლ-დან რუსეთში გაქცევა გახლდათ. ჩეხი სუპერვარსკვალი ომსკის "ავანგარდში" დაბრუნდა, გუნდში, რომელშიც 2004-05 წლების სეზონი გაატარა, როცა ოკეანისგაღმეთში ლოკაუტი ბობოქრობდა. ბევრი სამართლიანად იკითხავს - სამი წლის წინ ნჰლ-ში გაფიცვა იყო და გასაგებია, იაგრმა რუსეთში თამაში რატომ მოინდომა, მაგრამ ახლა რამ აიძულა ომსკში წასვლაო.

რამ და ფულმა - "ავანგარდმა" მომდევნო ორ წელში ჩეხს 25 მილიონი დოლარი შეაძლია და იაგრიც რუსეთში ახლად შექმნილ კონტინენტურ ლიგაში თამაშს დათანხმდა. ამ უზარმაზარი თანხის მიუხედავად, მაინც ბევრს გაუკვირდა დიდი ჩეხის გადაწყვეტილება, რადგანაც წესით და რიგით, კარიერის ამ ეტაპზე, მისთვის ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ უნდა ყოფილიყო. მით უმეტეს მაშინ, როცა ფულს არ დახარბდნენ თავად რუსი ჰოკეისტები - ევგენი მალკინი, სერგეი ფიოდოროვი და სხვები, რომლებმაც მაინც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში არჩიეს თამაში, თუნდაც უფრო ნაკლები ხელფასის სანაცვლოდ. არადა, იაგრს ნჰლ-ში მოწვევები ბლომად ჰქონდა - განსაკუთრებით მისი ყოფილი გუნდი "პიტსბურგი" და "ედმონტონი" აქტიურობდნენ, მაგრამ ჩეხი მაინც ომსკში წავიდა.

რახან "პიტსბურგი" ვახსენეთ, ამ გუნდის ამბებით გავაგრძელოთ - მოგეხსენებათ, "პინგვინებმა" ამ ზაფხულს ბლომად ჰოკეისტები დაკარგეს და გენერალურ მენეჯერ რეი შეროსაც გამალებით მოუწია მათი შემცვლელების მონახვა. უნდა ითქვას, რომ შერომ ეს საკმაოდ კარგად მოახერხა და "დეტროიტში" წასული მარიან ჰოსას მაგივრად ასევე სლოვაკი მიროსლავ შატანი მოიყვანა. შეტევის ხაზი ასევე გაძლიერდა საკმაოდ კარგი თავდასხმელების, უკრაინელი რუსლან ფედოტენკოსა და მეტ კუკის მოსვლითაც. ასე რომ, "პინგვინებს" მომდევნო სეზონშიც თავისუფლად შეეძლებათ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა.

დაცვის ხაზი მთლიანად გადაასხვაფერა "სან ხოსემ", რომელმაც აქცენტი ვეტერანებზე გააკეთა. გუნდმა ჯერ 37 წლის რობ ბლეიკი აიყვანა, რომელიც 5 მილიონით შეივსებს ჯიბეებს. ამის შემდეგ "ზვიგენებმა" "ტამპასთან" მასშტაბური გაცვლა განახორციელეს - ფლორიდიდან სან ხოსეს მიმართულებით წავიდნენ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მცველი დენ ბოილი და გამოცდილი ბრედ ლუკოვიჩი. ამის საპასუხოდ "ტამპამ" მიიღო ახალგაზრდა უკანახაზელი მეტ კარლი, ნიჭიერი ტაი ვიშარტი და მომდევნო დრაფტზე პირველ წრეში არჩევანის უფლება.

სიახლეები არის "რეინჯერსშიც" - გუნდის გენერალური მენეჯერი გლენ სატერი დაიღალა იაგრის ლოდინით (ჩეხს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული) და მას მალევე მოუნახა შემცვლელი "ვანკუვერის" ექსკაპიტან მარკუს ნესლუნდის სახით. თუმც მომდევნო ორ წელში 35 წლის ვეტერანისთვის 8 მილიონის მიცემა საკმაოდ სარისკო დაბანდება გახლავთ. გარდა ამისა, მანჰეტენზე ითამაშებს რუსი მცველი დმიტრი კალინინიც.

ცვლილებებია "მინესოტაშიც", რომელიც დატოვეს ვეტერანებმა, ბრაიან როლსტონმა ("ნიუ ჯერსი") და პავოლ დემიტრამ ("ვანკუვერი"). მათ მაგივრად გუნდმა დაიბრუნა ძველი ლიდერი ენდრიუ ბრიუნე, ვინც ბოლო სეზონებში "კოლორადოში" თამაშობდა. მის გარდა "ველურების" რიგებს დაიცავენ ფინელი ანტი მიეტინენი და ვეტერანი ოუენ ნოლანი. გუნდმა უკანა ხაზიც გააძლიერა, როცა "ნეშვილიდან" შემტევი მცველი მარეკ ჟიდლიცკი წამოიყვანა და საპასუხოდ მხოლოდ მომდევნო დრაფტზე მეორე წრის არჩევანი დათმო.

ნაკლებად აქტიურნი იყვნენ "ანაჰაიმი" და "კალგარი", რომლებსაც საგადასახადო ჭერის შევსებამდე არცთუ ბევრი უკლიათ. კალიფორნიელმა "იხვებმა" მხოლოდ ექსვანკუვერელი ბრენდან მორისონის დამატება შეძლეს. "კალგარიმ" კი წლეულს სწორედ "ანაჰაიმიდან" გამოგდებული ტოდ ბერტუცი აიყვანა.

დაცვაში არსებული უდიდესი პრობლემები მხოლოდ ნაწილობრივ გადაჭრა "ოტავამ", როცა გამოცდილი ჯეისონ სმიტი დაიმატა. ეს კანადელი კარგად შეადუღაბებს "სენატორთა" უკანა ხაზს, მაგრამ გუნდს სასწრაფოდ სჭირდება შეტევითი პოტენციალის მქონე მცველი და რადგანაც დღეისთვის თავისუფალ აგენტთა ბაზარზე თითქმის ყველა სახელიანი და ძლიერი ჰოკეისტი უკვე დატაცებულია, "ოტავას" გენერალურ მენეჯერ ბრაიან მიურეის ალბათ რაიმე გაცვლის გაჩარხვა მოუწევს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com