"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

თესალონიკის თეზისები: დევეცი ძალიან შორს დაეცა

ვანო კობიაშვილი

ანტიკურ ეპოქაში მძლეოსნობის მშობელი ბერძნების ჩამომავლები თანამედროვე მძლეოსნობაში, ცხადია, სპორტის ამ სახეობაში გიგანტი ქვეყნების რიცხვს არ ეკუთვნიან, მაგრამ ისეც არ დაცემულან, რომ ოლიმპიადებზე ერთი-ორი მედალი მაინც არ დარჩეთ.

ახლაც ბერძნებმა ოლიმპიადის წინ თესალონიკში დიდი ტურნირი გამართეს და მოწვეულ სტუმრებთან შეჯიბრში გენერალური რეპეტიცია გაიარეს. საუკეთესო ფო რმაშია მათი "ოქროს იმედი", სამხტომელი ქალი ხრიზოფიგი დევეცი, ვინაც კუბელ იარდელის სავინესთან შეჯიბრში სეზონის საყოველთაო რეკორდი დაამყარა, როცა ერთ-ერთ ცდაზე სამი ხტომის ჯამში 15,22 მეტრზე დაეშვა. თანაც განა ერთი ცდა გაუვარდა, როგორც ხშირად ხდება - დევეციმ სტაბილურად კარგი ნახტომები შეასრულა და მეორედ 15,21 მეტრზეც კარგად ისკუპა.

დევეცი ასე კარგად რომ გამო ვიდა, ეს სავინეს დამსახურებაცაა, რაკიღა კუბელი კალია ერთთავად ფეხდაფეხ სდევდა და მანაც ორჯერ გადაიტანა ტანი 15 მეტრს იქით, რაც ქალებში გვარიან შედეგად ითვლება - სავინე ერთხელ 15,12 მეტრზე დაეშვა, მეორედ კი 15,02 გადაზომა.

არა უშავდა სლოვენიელ მარია სესტაკსაც, ვინაც საუკეთესო ცდაზე 14,90 მეტრზე ისკუპა, თუმც ასეთი შედეგით მაინც გაუჭირდება ოლიმპიადაზე მედლისთვის ბრძოლა.

ასევე რიგიან ფორმაში ჩანს სიგრძეზე მხტომელი კაცი ლუის ცადუმასი, ვინაც თესალონიკში 8,36 მეტრზე გადახტა და თუ პეკინში 10-20 სანტიმეტრს მოუმატებს, სერიოზულად აანერვიულებს სადღეისოდ მსოფლიოს საუკეთესო სიგრძეზე მხტომელს, პანამელ ირვინგ სალადინოს. ის ასევე 8,10 მეტრზეც გადახტა. ასე რომ, მისთვის 8% მეტრი პრობლემა არ არის და თუ სალადინოს ოქრო ვერ აართვა, ნაკლებად ბრჭყვიალა მედალს უცილობლად მოიხელთებს.

დევეცისა და ცადუმასისგან განსხვავებით, მთლად რიგიან ფორმაში ვერ ჩანს ოთხი წლის წინ მშობლიური ათენის ოლიმპიადაზე ქალთა 400 მეტრ თარჯრბენის მომგები ფანი ჰალკია. ოლიმპიური ჩემპიონი ათენის შემდეგ ისედაც ძუნწად ენახვებოდა მძლეოსნების გულშემატკივრებს, 2008 წელს კი დიდ ტურნირებზე თითქმის არ გამოჩენილა. თესალონიკში მან თარჯებით დამძიმებული 400 მეტრი არცთუ სანაქებო დროში, 57,57 წამში მოილია და მხოლოდ მეხუთემ დაასრულა შეჯიბრი, ამასთან მთელი წრის განმავლობაში ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. აქ გამარჯვება დარჩა ჩეხ გოგონას, 56,22 შედეგის მაჩვენებელ სუზანა ჰეინოვას.

არ გაუმართლა კაცთა 110 მეტრ თარჯრბენში საბერძნეთის ჩემპიონ კონსტანტინოს დუვალიდისს. გარბენის ერთ-ერთი ფავორიტი, იამაიკელი მორის ვიგნალი მესამე თარჯს გამოედო, წაიქცა და ბერძენი ჩემპიონიც წაიყოლა. აქაც ჩეხმა იმარჯვა - 13,32 წამით საუკეთესო იყო პეტრ სვობოდა, რომელიც ევროპელ თარჯრმორბენლებში სეზონის რეკორდს (13,29) ფლობს.

თესალონიკში გახლდათ არაერთი კარგი სიმაღლეზე მხტომელი კაცი (ქალთა შეჯიბრიც რომ ყოფილიყო, ბლანკა ვლასიჩს ვინ ჩაასწრებდა საბერძნეთში). მათ შორის გამოირჩეოდნენ შვედი შტეფან ჰოლმი და რუსი იური რიბაკოვი. შვედმა 2,32-მეტრიანი ნახტომით იმარჯვა, რუსი კი 2,30 მეტრით მეორეზე გავიდა. ასეთივე შედეგით მესამე იყო კიდევ ერთი შვედი ლინუს ტორბლანდი. ბერძენთა ჯილა კიპრიოტ კირიაკოსი კი 2,27 მეტრზე და მეოთხე ადგილზე შეჩერდა.

ქალთა 100-მეტრიან გარბენში გაიელვა მსოფლიოს ჩემპიონმა, მაგრამ მშობლიურ ჩემპიონატში მხოლოდ მეოთხეზე გასულმა და ამდენად ოლიმპიადაზე 100-მეტრზე სირბილში ადგილდაკარგულმა ვერონიკა კემპბელ-ბრაუნმა. იამაიკელმა საბერძნეთში 10,85 შედეგით მოიგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმოკლეს და უპრესტიჟულეს ოლიმპიურ დისტანციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი ქალია და კინგსტონში შემთხვევით მოეცარა ხელი. თესალონიკში იამაიკელ შავ ავაზას ახლოსაც ვერავინ გაეკარა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com