"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ფოლკერ ფინკე: მინდა საქართველოში! გერმანელი ხორვატის გზაზე - ფეროვნული, საგურამო, ბაზა...

კობა ინასარიძე

პასუხი მალე იქნება

გუშინ თბილისში მყოფი საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი, 60 წლის გერმანელი ფოლკერ ფინკე ახლა უკვე შინ იქნება და ალბათ ფეხბურთის ფედერაციის წინადადებაზე საბოლოო სიტყვის სათქმელად ემზადება...

გერმანელი სპეციალისტი გუშინ გამთენიისას ჩამოვიდა და აეროპორტში პირველი ნაცნობი ვინც ნახა, თავისივე ყოფილი შეგირდი ლევან ცქიტიშვილი იყო. ფინკეს სწორედ ცქიტიშვილი დახვდა და პირველი მასპინძლობაც მან გაუწია.

დილით კი მწვრთნელი უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გარემოცვაში აღმოჩნდა და, ცხადია, მათი თანხლებით ეროვნულ სტადიონს მიაშურა: "კარგად ვიცი ქართული ფეხბურთი და კიდევ უკეთესად, თუ რომელ სტადიონზე ვარ ახლა" - ფინკემ "ეროვნულის" მოედანზე შეაბიჯა და აი, ეს სიტყვები თქვა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ გერმანელი მწვრთნელი "ეროვნულზე" ადრეც ყოფილა, ოღონდ მხოლოდ ტრიბუნაზე, ის საქართველო - იტალიის იმ შეხვედრას ესწრებოდა, რომელიც ჩვენებმა 1:2 დათმეს.

მასპინძლებმა ფინკეს ეროვნული სტადიონი ლამის კუნჭულ-კუნჭულ დაათვალიერებინეს და ბოლოს ყველანი ერთად საკონფერენციო დარბაზში აღმოჩნდნენ. ფინკე ძალიან დაინტერესდა ქართული ფეხბურთის დიდების ამსახველი ფოტო-კადრებით და ჩვენთვის საამო ერთი-ორი ძველი ამბავი თავადაც გაიხსენა. ჩამოუარა გერმანელმა ამ ფოტოებს და მერე ჟურნალისტთა კითხვებზე საპასუხოდ მოემზადა. მთავარიც აქვე ვთქვათ - ფინკე, მეტი რომ არ შეიძლება, ისეა დაინტერესებული საქართველოს ნაკრებში მუშაობით...

- როგორც უკვე ვთქვი, ქართულ ფეხბურთს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ჩემი ეს ვიზიტიც აუცილებელი იყო აქაურობას კიდევ უკეთ გასაცნობად. დღეს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს გავაგრძელებ და ვნახოთ, რა გამოვა. წინასწარ რა გითხრათ, ჩვენ პროფესიონალები ვართ და მოლაპარაკებების დასრულებამდე სიფრთხილე გვმართებს, ჯერ ვერანაირ დასკვნას ვერ გავაკეთებ. ფეხბურთში არის საიდუმლოებები და არ გვეკადრება, რომ ეს გავამხილოთ. მთავარი ნდობის ფაქტორია, რასაც ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან თავად ვგრძნობ კიდეც.

- გავიმეორებ, ვიცნობ ქართულ ფეხბურთსა და ქართველ ფეხბურთელებს, მეტიც ბევრ სხვა მწვრთნელზე უკეთესადაც კი ვიცნობ. ამიტომაც, როცა საქართველოში მოვდიოდი, კლაუს ტოპმიოლერთან კონსულტაციები არც დამჭირვებია. საქართველოში მუშაობა მსურს.

- ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი კიკნაძე, ზაზა ზამთარაძე - ყველა ეს ფეხბურთელი "ფრაიბურგში" ჩემი მწვრთნელობისას თამაშობდა და ყოველთვის ვცდილობდი, თითოეული ქართველი ფეხბურთელის მენტალიტეტი შემესწავლა, ჩავწვდომოდი მათ ფსიქოლოგიას. დიდი ხანი ერთად ვიყავით და ვფიქრობ, ქართულ ხასიათს უკვე კარგად ვიცნობ. "ფრაიბურგში", ასე ვთქვათ, ორი დაჯგუფება იყო - ქართული და ტუნისური. ძალიან მეგობრული გუნდი გვყავდა და ჩვენი გაქანების კლუბისთვის საკმაოდ წარმატებითაც ვთამაშობდით.

- ესტონეთთან და პორტუგალიასთან საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩები ვნახე და მთავარი პრობლემა, რაც მენიშნა, ისაა, რომ გუნდში დარღვეულია ასაკობრივი ბალანსი. ნაკრებში თამაშობენ 17-21 და 28-30 წლის ფეხბურთელები. თაობებს შორის, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ვაკუუმია, რისი გამოსწორებაც მთლად იოლი საქმე არ არის. თუმცა, ცხადია, შეუძლებელი არაფერია.

- ახლა თბილისში ვარ და ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს, რომ საქართველოს ნაკრები ჩემთვის გამოწვევა და აქ მუშაობაზე სერიოზულად ვფიქრობ. მაშინ, როცა "ფრაიბურგს" ვხელმძღვანელობდი, სხვადასხვა ნაკრების მწვრთნელებთან მქონდა ურთიერთობა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თუ დავინიშნე, უკვე თავად მექნება საქმე საკლუბო მწვრთნელებთან. ვეცდები, რომ ფეხბურთელი კლუბსა და ნაკრებს შორის გამოკიდებული არ იყოს, ხან ნაკრებმა უნდა დათმოს, ხან - კლუბმა. ისე კი, როცა ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დაუძახებენ, ვფიქრობ, ის სიხარულითა და სიამაყის გრძნობით უნდა მოდიოდეს. მაქსიმალურად მჭიდრო ურთიერთობა მექნება ნაკრების თითოეულ კანდიდატთან, ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ და მწვრთნელების ყურადღებას გრძნობდნენ.

- ჩემი დროის "ფრაიბურგი" მოკლე პასებზე აწყობილ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა და მიმაჩნია, რომ ნაღდი ფეხბურთიც სწორედ ესაა. ქართველებსა და ტუნისელებს ასეთი ფეხბურთი კარგად გამოსდიოდათ. თუმცა, ეფექტი არ უნდა დაიკარგოს და გუნდი შეტევაში არ გაერთოს. აუცილებელია, რომ მეტოქეს დაცვაშიც ხისტი თამაში დაუპირისპირო.

ფოლკერ ფინკემ ცოტაც ალექსანდრე იაშვილისა და ლევან კობიაშვილის კარგ ფეხბურთელობაზე ილაპარაკა და ეს სახელდახელო პრესკონფერენციაც ამით დასრულდა...

ეროვნული სტადიონიდან ფინკე და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები საგურამოში ნაკრების სანახევროდ აშენებულ ბაზისკენ გაემართნენ. იდეალურ გაზონზე გერმანელმა ფეხი შედგა თუ არა, ბრწყინვალეაო, თქვა და დასძინა, საქართველოში ჩემი პირველად ყოფნის შემდეგ არ მეგონა, ასეთ პროგრესს თუ დავინახავდიო. მერე ფინკეს ბაზის შენობა სართულ-სართულ დაათვალიერებინეს და გერმანელმაც ერთხელაც დაადასტურა საქართველოს ნაკრებში მუშაობის სურვილი.

ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან.. ან იქნებ უკვე გამოსულიც კი არის. ფედერაციის ხელმძღვანელები და ფოლკერ ფინკე გუშინ გვიანობამდე საუბრობდნენ.

ისე, რიგში ავრაამ გრანტი და ზიკოც არიან...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com