"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

როცა სასტუმროს ოთახში ასვლაც ძნელია...

ილია ნანობაშვილი

- მართალია, თამაშები ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან მათე ვაწაძე და გიორგი მერებაშვილი ტრავმების გამო გვაკლდნენ, გაბონელი ლეგიონერებიც ვეღარ შემოგვიერთდნენ, ილია სპასოევიჩიც ვერ იყო ჯანზე.

- ბევრი ახალბედა გყავდათ გერმანიაში და მათზე რას იტყვი.

- კარგის გარდა, ვერაფერს. საკმაოდ პერსპექტიულები არიან და "დინამოს" მათი სახით კარგი მომავალი აქვს.

- რაინერ ცობელმა, ფაქტობრივად, გერმანულ შეკრებაზე გაიცნო გუნდი. როგორი მწვრთნელია, რას აქცევს ყურადღებას ყველაზე მეტად.

- ვფიქრობ, ვინც შეიძლებოდა მოეყვანათ მწვრთნელად, მათგან ცობელი იდეალური ვარიანტია. კარგი მწვრთნელია, ყველაფერს ყურადღებას აქცევს და დეტალებსაც კი არ ტოვებს.

- როგორც ვიცით, ცობელს ძალიან დამღლელი ვარჯიშები აქვს...

- საკმაოდ მკაცრია და მომთხოვნი, რის გარეშეც მწვრთნელის ფასი არაფერია. როცა დატვირთვები გვქონდა, სასტუმროს ოთახებში ძლივს ავდიოდით ხოლმე.

- თბილისში როდის დიაწყებთ ვარჯიშს.

- დღეს დაგვასვენეს, ხვალიდან კი ვიწყებთ.

- ტრავმირებულები, რომლებიც ახსენე, დაახლოებით როდის შემოგიერთდებიან.

- მერებაშვილმა ბოლო დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა და ხვალიდან გუნდთან იქნება. ასევეა ვაწაძეც. აკირემი და ოვონოც აქ არიან.

- და ფარერულ "რუნავიკთან" შანსებზე აღარც გეკითხები...

- ვეცდებით, პირველივე მატჩში გადავწყვიტოთ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი, მაგრამ დღეს ყველამ ისწავლა ფეხბურთი და სერიოზულად ვემზადებით. ისე არ არის, თითქოს წინასწარ მოგებული გვქონდეს "რუნავიკთან".

- ბოლოს ნაკრებზეც: მაისში ესტონეთთან ითამაშე...

- ვერ მოვიგეთ, თუმცა უპირატესობა ჩვენი იყო. მინდორი იყო ისეთი, საქართველოს ჩემპიონატშიც რომ გაგიკვირდება. ერთს ვიტყვი: პეტარ სეგრტი ძალიან კარგი მწვრთნელია, იცის გუნდის შეკვრა და "დაქოქვა", ტაქტიკურადაც ძლიერია. ახლა, როგორც ვიცი, შესაძლოა, ფოლკერ ფინკე დანიშნონ მწვრთნელად. ის ჩვენთან ერთად ჩამოვიდა გერმანიიდან და ვნახოთ, როგორ გადაწყდება მისი საკითხი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com