"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

რა დაინახა 18:1-ში პორტუგალიის თავკაცმა

ნეკო ოსეფაიშვილი

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო-აფრიკული ზონის საერთაშორისო ტურნირზე ბოლო, მეექვსე ადგილი რომ დაიკავა, გეცოდინებათ. რა თქმა უნდა, ეს ცუდი შედეგია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ამ შეჯიბრში მსოფლიოს რეიტინგის პირველი ათეულის 5 ნაკრები მონაწილეობდა.

ქართველებმა პირველი მატჩი ჩაატარეს აფრიკის ჩემპიონ ლიბიასთან, რომელიც ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ქართველებს უპირატესობა ჰქონდათ და რამდენჯერმე შეეძლოთ მეკარე ალ შარიფის კარის აღება. პირველ ტაიმში გაიბრწყინა ქართველთა მეკარემ ლევან გაბუჩიამ, რომელმაც 2 500 მაყურებლის ტაში რამდენჯერმე დაიმსახურა.

შესვენების შემდეგ მცველთა დაუდევრობით ლიბიელები დაწინაურდნენ, 28-ე წუთზე კი უნგრელმა არბიტრმა კარიდან გამოსულ ლევან გაბუჩიას სახიფათო თამაშისთვის წითელი ბარათი უჩვენა, რაც საბედისწერო აღმოჩნდა - მეკარის ადგილი მცველმა გიორგი იოსებიძემ დაიკავა. საბოლოოდ, 1:4.

გამანადგურებელი კი მეორე ტური გამოდგა - უმეკარეო საქართველომ 1:18 წააგო მასპინძელ პორტუგალიასთან და ის ფაქტი, რომ ჩვენი ნაკრები ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ამ ტურნირზე გოლი გაუტანა პორტუგალიას, დიდი ვერაფერი ნუგეშია.

გოლი 21-ე წუთზე დავით დარჩიამ შეაგდო.

აი, რა დაწერა ამ შეხვედრის შემდეგ პორტუგალიურმა პრესამ...

"რეკორდი": "საქართველომ მეკარის გარეშე ითამაშა და შედეგიც შესაბამისი მიიღო. თამაშის განმავლობაში ქართველებს ჰქონდათ გოლის გატანის საშუალება, მაგრამ მეკარე ბებემ გამოიჩინა თავი".

"ჟოგო": "ეს თამაში ყველაზე სანახაობრივი იყო".

ბოლო მატჩში კი ქართველებმა, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო მხოლოდ ერთი მეკარით გაემგზავრნენ ტურნირზე, ხორვატებთან 1:5 წააგეს.

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფიფას ინსტრუქტორი ორლანდო დუარტე: "კარგი ნაკრები გყავთ. პირველ რიგში ტაქტიკა გაკლიათ, მაგრამ ასეთ რამეებს ფინანსები და შესაბამისი პირობები სჭირდება. მე მზად ვარ, ჩამოვიდე საქართველოში, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაფერს სჭირდება პროფესიონალური მიდგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს განვითარებას პერსპექტივა არ აქვს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com