"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

შესაძლოა, ქართველები კიდევ გადმოვიყვანოთ

ნუკრი ლოლაძე

გუშინწინ რუსთავში "ოლიმპი" აზერბაიჯანულ "სიმურგს" ექსპერიმენტული შემადგენლობით გაეჯიბრა და 0:2 დაამარცხა.

ამ მატჩს თვალყურს ადევნებდა აზერბაიჯანელი "სტანდარდის" ქართველი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც და ჩვენც მაშინ გამოველაპარაკეთ...- ფეხბურთელებს ორი დღით დასვენების საშუალება მივეცი და მეც საქართველოში ჩამოვედი.

- ახალი სეზონისთვის ერთი ქართველი ფეხბურთელი, მეკარე მიხეილ ალავიძე უკვე წაიყვანეთ და კიდევ ხომ არ გეგმავთ ვინმეს დამატებას.

- გუნდი საკმაოდ ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა და, ბუნებრივია, შევსებასაც მივიღებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ქართველებიც დავიმატოთ.

- თქვენმა შვილმა, ბაჩანამ, თბილისის "ვიტ ჯორჯია" დატოვა. მან ჩვენთან საუბარში თქვა, არ გამოვრიცხავ, "სტანდარდში" აღმოვჩნდეო...

- ბაჩანა ჩვენთან ვარჯიშობს და ვნახოთ, რა იქნება.

- გუნდის დაკოპლექტებას როდის დაასრულებთ.

- 20 ივლისს უკვე მეცოდინება რა და როგორ იქნება, რადგან ამ დღეს ბულგარეთში წავალთ შეკრებაზე.

- "სტანდარდთან" რამდენხნიანი კონტრაქტი გაქვთ.

- ერთწლიანი და შემდეგ ვნახოთ...

- ახალ სეზონში კლუბის ხელმძღვანელობა რა მიზანს გისახავთ.

- ჩვენი მიზანი ხუთეულში მოხვედრაა.

- არ არის დიდი ხანი, რაც ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და საინტერესოა, ვის გულშემატკივრობდით...

- ამ ჩემპიონატს უფრო პროფესიული თვალით ვუყურებდი. საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატი იყო. სანახაობრივმა და შემტევმა ფეხბურთმა გაიმარჯვა - ესპანეთი ღირსეული ჩემპიონია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com