|
|
"სარბიელი"
ბუნტი ბარსელონაში
გიორგი კაკაბაძე
კატალონიურ "ბარსელონაში" არეულობა გრძელდება. კვირას გამართულ ყრილობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ პოსტი კი შეინარჩუნა, მაგრამ შესაძლოა, მაინც მოუწიოს გადადგომა, რადგან ახლა გადამწყვეტი სიტყვა გენერალურ ასამბლეაზეა. მართალია, ოპოზიციური ძალების ლიდერმა ორიალ ჟირალტმა თქვა, შედეგებს ვცნობთ, ისედაც ფაქტია, რომ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მუშაობით უმეტესობა უკმაყოფილოა, მაგრამ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ჯერჯერობით არ ვაპირებთო, თუმცა დირექტორთა საბჭოს 17 წევრიდან 8 გადადგა და ლაპორტა, მისი გუნდითურთ, არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" 39 389 წევრიდან დიდმა ნაწილმა თავი შეიკავა, ხოლო მათგან ვინც თავისი არჩევანი რომელიმე მხარის სასარგებლოდ დააფიქსირა, ლაპორტამ მხოლოდ ხმების 37,75 პროცენტი, ოპოზიციამ კი 60,6 პროცენტი მიიღო. თუმცა ლაპორტასთვის უნდობლობის გამოცხადებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის ოპოზიციონერებს ზუსტად 6 პროცენტი დააკლდათ. "ძალიან უკმაყოფილონი ვართ კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობითა და ხელმძღვანელობით. ცხადია, ჩვენ მოსაზრებებს არ იზიარებს არც ლაპორტა და არც ის ხალხი, ვინც მის გვერდით დარჩა. ფაქტია ისიც, რომ "ბარსელონას" წევრების უმეტესობა ლაპორტას აღარ ენდობა და ცვლილებებს ითხოვს. თუმცა ვცნობთ ყრილობის შედეგებს და ჩვენ დემოკრატიულ გუნდს დიდ წარმატებას ვუსურვებთ. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება" - თქვა გადამდგარმა პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ალბერ ვისენსმა. მის გარდა, გადადგნენ ვიცე-პრეზიდენტები მარკ ინგლა და ფერან სერიანოც. ასევე ანტონიო როვირა, კლაუდიო ვივეს-ფიერო, ევარისტ მურტრა, ხავიერ კამბარა და ხოსეპ ლუის ვილასეკა. უახლოეს მომავალში ლაპორტამ მათი შემცვლელები უნდა აირჩიოს და იგი სწორედ ამას აპირებს. მას პოსტზე დარჩენის იმედი აქვს, მინდა ჩემი საქმის კეთება, როგორც წესით მეკუთვნის, 2010 წლამდე გავაგრძელოო. "კლუბში არასახარბიელო მდგომარეობაა და სწორედ ახლაა საჭირო ერთად დგომა და თავდაუზოგავი შრომა, რათა ვითარება გამოსწორდეს. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და მუშაობა გავაგრძელოთ, ეს აუცილებელია, თორემ მომავალი სეზონი მალე დაიწყება. თუმცა იმას კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გასულ კვირას უმეტესობამ ჩემს საწინააღმდეგოდ მისცა ხმა და ამას კარგად ვიაზრებ. ამიტომ, მე და დირექტორატმა გადავწყვიტეთ, ჩემი ბედი გენერალურ ასამბლეას მივანდოთ, რომელსაც ბოლო სიტყვა ეკუთვნის" - თქვა ლაპორტამ. მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ბოლო ორი სეზონი ძალიან არადამაჯერებლად ჩაატარა და მიუხედავად ვარსკვლავური შემადგენლობისა და დიდი ფინანსური დანახარჯისა, ვერაფერი მოიგო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |