|
|
"სარბიელი"
ლიპის მაურინიუ და ტონის ესპანეთი
გიორგი კაკაბაძე
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებული მარჩელო ლიპის აზრით, მომავალ სეზონში სკუდეტოს ისევ "ინტერი" მოიგებს, რადგან "ნერაძურის" თავკაცად მისული ჟოზე მაურინიუ საოცარი სპეციალისტია. "მჯერა, სკუდეტოს ისევ "ინტერი" მოიგებს, რადგან მილანელთა პრეზიდენტის მასიმო მორატის მიერ კლუბში მოყვანილი ახალი მწვრთნელი ძალიან მომწონს. მაურინიუ გულჩათხრობილი პიროვნებაა, მაგრამ მასზე ყველა ფეხბურთელი კარგად ლაპარაკობს და ეს მრავლისმეტყველია. ესე იგი, პორტუგალიელი თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს, რაც ჩანს კიდეც" - განაცხადა ლიპიმ. ცხადია, 60 წლის სპეციალისტმა ნაკრებზეც ილაპარაკა. ჭაღარა, სიგარის მოყვარულ ტაქტიკოსს ნაკრების გაახალგაზრდავება სურს და შემადგნელობის შეცვლას აპირებს, მაგრამ არა ძირფესვიანად. "გუნდის გადაწყობა და კვლავ გამარჯვებული, შეკრული კოლექტივის ჩამოყალიბება მინდა. ბევრი მათგანი, ვინც ევრო 2008-ზე ითამაშა, დარჩება. ჭკვიანი ფეხბურთელები უნდა ამოვირჩიო, რომლებსაც კარგად აქვთ გააზრებული, თუ რა მნიშვნელოვანია ერთმანეთის დახმარება და გუნდური თამაში. სწორედ ასეთი თვისებების მქონე მოთამაშეების წყალობით მოვიგეთ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩინებული ახალგაზრდები გვყავს და ეს მახარებს, ისინი ნაკრების მომავალს წარმოადგენენ" - დასძინა ლიპიმ. ლიპისი სჯერა და ოპტიმისტური განწყობა აქვს მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელ ლუკა ტონისაც, ვისაც ევრო 2008 აშკარად ჩაუვარდა: "როგორც ყოველთვის, დიდი ზეწოლაა, მაგრამ ლიპი სწორი არჩევანი იყო, და ის საქმეს წინ წაწევს. რატომ ვითამაშეთ ცუდად ევრო 2008-ზე. მართლაც ცუდად დავიწყეთ და შევხვდით ჰოლანდიის ნაკრებს, რომელიც საოცარ ფორმაში გახლდათ. მერე ვითარება გამოვასწორეთ, მაგრამ მეოთხედფინალში ევროპის მომავალ და დამსახურებულ ჩემპიონ ესპანეთთან პენალტების სერიაში დავმარცხდით. ცოტა არ გაგვიმართლა კიდეც" - თქვა ტონიმ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |