|
|
"სარბიელი"
ბექემის მოგონებანი
კოკი კანდელაკი
ინგლისელმა ნახევარმცველმა დევიდ ბექემმა განაცხადა, რომ წინა ზაფხულს "მილანში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში მაინც ამერიკაში წასვლა არჩია და "ლოს ანჯელეს გალაქსიში" ჩაირიცხა. "ძალიან ახლოს ვიყავი "მილანში" გადასვლასთან. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მაინც ამერიკაში წასვლა ვარჩიე. "როსონერი" უმაღლესი კლასის გუნდია, რომელიც ბოლო წლებში ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს. ეს კლუბი სერია ფ-ში ყველაზე მეტად მომწონს. სწორედ ასეთი კლუბი მინდოდა, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" მერე, მაგრამ "ლოს ანჯელესის" ვარიანტიც ძალიან მიმზიდველი გახლდათ. ასეა თუ ისე, იტალია ზოგადად ძალიან მიყვარს და მომწონს, ხშირად ჩამოვდივარ დასასვენებლად" - უთხრა ბექემმა "გაძეტა დელო სპორტს". მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ფეხბურთელმა თავისი აზრი ინგლისის ნაკრების ახალ მწვრთნელზე, იტალიელ ფაბიო კაპელოზეც გამოთქვა: "ის არის მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია ჩვენს ნაკრებს წარმატება მოაპოვებინოს. კაპელო ჭკვიანი კაცია და იცის, რა სჭირდება გასამარჯვებლად. თუ კარგად არ ითამაშებ და ბოლომდე არ დაიხარჯები, შემადგენლობაში ვერ მოხვდები." "მანჩესტერის" ექსლეგენდამ კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა, რომელიც "წითელი ეშმაკებიდან" "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. შეგახსენებთ, რომ სწორედ ასე მოიქცა თავის დროზე ბექემი. "ჩემი ოცნება იყო "მანჩესტერში" თამაში, ისევე როგორც "რეალში". ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო "წითელი ეშმაკების" დატოვება და დარწმუნებული ვარ, ასეა კრიშტიანუსთვისაც. მას თავისი ცხოვრების არჩევნის გაკეთება მოუწევს. როცა "წითელი ეშმაკებიდან" წამოვედი, ერთადერთი კლუბი, რომელშიც გადასვლა მინდოდა, სწორედ "რეალი" გახლდათ. მადრიდში ცხოვრება და სამეფო გუნდის ღირსების დაცვა საოცარი რამაა, ამაზე კარგი კარიერაში ცოტა რამ თუ შეგხვდება. იგივეს ვიტყოდი "მანჩესტერზეც". მრავლისმეტყველია, რომ რონალდუს ამ ორ გრანდს შორის უწევს არჩევანის გაკეთება" - დასძინა ბექემმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |