"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ეს კაცი იდიოტი ყოფილა!

პაპუნა კედია

კრიშტიანუ რონალდუსაც მეტი რა უნდოდა, ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის გუშინწინდელ გამონათქვამს სიამოვონებით აჰყვა და კმაყოფილებით განაცხადა: დიახ, მე მონა ვარ!

"ასი პროცენტით ვიზიარებ ბლატერის მოსაზრებას" - განცხადა "მონამ", რომელსაც კვირაში 120 ათას გირვანქას უხდიან, ცხოვრობს 4 მილიონ გირვანქად ღირებულ ვილაზე და სადაცაა "ნაიკთან" 23 მილიონ გირვანქიან სპონსორულ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

მაგრამ, განა ის, რაც ბლატერმა თქვა შემოსავლებთან იყო რაიმე კავშირში. ანდა, რას ნიშნავს სიტყვა "მონა", ღარიბს, თავისუფლებააყრილს თუ ორივეს ერთად.

შეგახსენებთ, რომ ფიფას პრეზიდენტმა ფეხბურთელის კლუბიდან არგაშვების წინააღმდეგ გაილაშქრა და თქვა, რომ "თანამედროვე მონობის" ასეთ ფორმას დღევანდელ საფეხბურთო მსოფლიოში აქა-იქ ვაწყდებით, რაც ძალიან არასასურველია. მან ეჭვქვეშ დააყენა ის არგუმენტი, რომ რაკიღა ფეხბურთელს ამა თუ იმ კლუბთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული (თან ნებაყოფლობით), მას აღარ აქვს უფლება რაიმე მიზეზით სხვაგან მოუნდეს გადასვლა. ნუთუ არ შეიძლება, ეს მოთამაშე იმ კლუბს ვერ შეეწყოს, ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდეს, იქაურ კლიმატს ვერ შეეგუოს ან რაიმე სხვა მოხდეს. ერთი სიტყვით, პრობლემა, რომელიც ბლატერმა წამოჭრა, ფართოა და 23 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩარჩოებს სცილდება, მაგრამ ფიფას პრეზიდენტის ნათქვამი დიდ რეზონანსს რომ გამოიწვევდა, გასაკვირი არ იყო.

ბლატერს, უპირველეს ყოვლისა, ინგლისური კლუბების მთავარგამგებელნი აღუშფოთდნენ და ესეც ბუნებრივი რეაქცია გახლდათ. ჯერ ერთი, ისინი თავიანთი საუკეთესო მოთამაშეების სხვაგან გაქცევის პრეცედენტს ებრძვიან და მეორეც, ალბათ, ეროვნული სოლიდარობის მომენტიც მოქმედებს: ინგლისურ კლუბს სხვებმა საქმეები როგორ უნდა აურიონ.! - მოგეხსენებათ, ინგლისელები პატივმოყვარე ხალხია.

"მონებს უფრო ახრჩობდნენ, წყალში ყრიდნენ, ტანჯავდნენ, ვიდრე მილიონებს უხდიდნენ" - თქვა ამ ქვეყნის ყოფილმა ვარსკვლავმა ლუთერ ბლისეტმა, რომელსაც მივუბრუნდებით.

"ბირმინგემ სიტის" აღმასრულებელი შეფი კარენ ბრეიდი:

"მონები. ეს არასწორი სიტყვაა. მე მათ დაქირავებულ მუშახელს დავარქმევდი. ჩვენ ხომ იმ ხალხზე ვლაპარაკობთ, რომელთაც ექვსციფრიანი შემოსავლები აქვთ. მათ კონტრაქტების იგნორირების ნება რომ დაერთოთ, ფეხბურთში სრული ანარქია დაისადგურებდა. ის, რაც ბლატერმა თქვა, დაუჯერებელია. ფიფა მუდმივად ისეთი წესების მოგონებას ცდილობს, კლუბებმა სარფი რომ დაკარგონ. როდესაც ფეხბურთელი კონტრაქტს აფორმებს, უნდა ესმოდეს, რომ ის ფარატინა ქაღალდი არ არის, რომელსაც უკეთესი შემოთავაზებისთანავე დახევს".

"უიგანის" თავმჯდომარემ, დეივ ვილანმა უბრალო კომენტარი არ იკმარა და ბლატერის ფიფას პრეზიდენტობიდან გადადგომა მოითხოვა. თან, ილანძღებოდა:

"ეს კაცი სრული იდიოტი ყოფილა. აუცილებლად უნდა დავაყენოთ ბლატერის შემოწმების საკითხი, შეუძლია კი მას იმ თანამდებობაზე მუშაობა, რომელიც უკავია. თუმცა, აშკარაა, რომ არ შეუძლია. როგორ შეიძლება ისეთი შტერობის თქმა, რომ ფეხბურთელები თანამედროვე მონები არიან".

"ბირმინგემის" თავმჯდომარე დევიდ გოლდი:

"მგონი, როდესაც ადამიანი ამდენი წლის განმავლობაში ძალაუფლებას ფლობს, ენის დაუფიქრებელ ტარტალსაც იწყებს. რაც მან თქვა, ქედმაღლური სისულელე და სრული ნაგავია. ბლატერს მონები დაბალშემოსავლიანი ქვედალიგელებისთვის რომ ეწოდებინა, კიდევ გაიგებდა კაცი, საითაც მიჰყავდა საუბარი, მაგრამ ამის თქმა რონალდუზე, რომელსაც კვირაში 120 ათას გირვანქას უხდიან, მედლის მხოლოდ ერთ მხარეზე ყურებაა".

უწინ "პორტსმუთის", ახლა კი "ლესტერის" მეპატრონე მილან მანდარიჩი:

"ბლატერს წლების განმავლობაში ბევრი საშინელი რამ უთქვამს, რაც ახლა განაცხადა, ყველაზე კოშმარულია იმ განცხადებებს შორის მე რომ ოდესმე მომისმენია. შეიძლება, დღევანდელ ფეხბურთელებს თანამედროვე მონები უწოდო. განა შეიძლება გებრალებოდნენ ეს ადამიანები, რომლებიც უზარმაზარ გასამრჯელოს იღებენ იმაში, რისი კეთებაც უყვართ."

"უოტფორდის", "მილანისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ლუთერ ბლისეტი:

"ნუთუ ბლატერი ვერ ხვდება, რა აგრესია შემოაქვს ისეთი სიტყვის წამოსროლით, როგორიცაა "მონობა". განა შეიძლება ეს სიტყვა მილიონერებს მიუსადაგო. მას ამ სიტყვის ძალა, ეტყობა, კარგად არ ესმის. ის ხომ ამით შეურაცხყოფას აყენებს ხალხს, რომელიც წლობით მართლა მონურ მდგომარეობაში იყო. ნუთუ, სანამ პირს დააღებდეს, ბლატერი ცოტას მაინც არ ფიქრობს. სიტყვა მონობის წამოროშვით მან ხომ შეურაცხყოფა მიაყენა უამრავ შავკანიან ფეხბურთელს, რომელთაც დაინახეს, რომ ფიფას პრეზიდენტი სხვა პლანეტაზე ცხოვრობს. დღევანდელი ფეხბურთელების მონებთან შედარება არაფრით შეიძლებოდა".

მწვრთნელთა ლიგის ასოციაციის აღმასრულებელი შეფი ჯონ ბარნუელი:

"ბატონი ბლატერის გამონათქვამი გვაჩვენებს, რომ ეს ადამიანი პროფესიული ფეხბურთისგან ძალიან შორის არის. სატრანსფერო სისტემის წეს-კანონები ხომ თავად მისმა ორგანიზაციამ შეიმუშავა. როდესაც საუბრობ ადამიანზე, რომელიც კვირაში 120 ათას გირვანქას იღებს, სიტყვა მონა არ უნდა წამოგცდეს".

კიდევ შეგვეძლო სხვა ინგლისელი საფეხბურთო მოღვაწეების გამონათქვამთა თარგმნა, მაგრამ ვფიქრობთ, ერთისა და იმავეს გამეორება გამოვა, კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებული კონფლიქტის არსი კი ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ მაინც გავიმეორებთ: პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გასულ გაზაფხულზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" განახლებულ, მდიდრულ კონტრაქტს მოაწერა ხელი, ზაფხულის პირას კი კბილითა და ფრჩხილით დაიწყო ინგლისის ჩემპიონისგან თავის დასახნელად ბრძოლა. რონალდუს მადრიდის "რეალში" სურს გადასვლა.

დაბოლოს, თემა მართლაც ძალიან ფართო და საინტერესოა. გარდა მონობის საკითხისა, საკუთრივ რონალდუსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ურთიერთობაც მრავალ კითხვის ნიშანს სვამს. ბოლოს და ბოლოს, იურიდიული მხარე ცალკე იყოს და არის მორალური ასპექტიც, თუმცა ამ მხრივაც აზრთა სხვადასხვაობაა. რასაკვირველია, ერთი ნიჭიერი ჭაბუკისგან მსოფლიო დონის ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტიდმა" და მისმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა გამოთალა, მაგრამ ეს ბიჭი რომ ამბობს, ხუთი წლის მანძილზე "მანჩესტერს" გულითა და უნარით ვემსახურე და არაერთი ჯილდოს მოგებაში დიდი წვლილი შევიტანე, ასე რომ, ვალში არა ვარო, ტყუის.

დაგვეთანხმებით, მართლაც რომ თემაა!



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com