"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ოლიმპიადა წამწამზე

ლექსო მაისურაძე

დავით ბედინაძე ძილშიც პეკინზე ფიქრობსპეკინის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. ჩინეთის ოლიმპიადისთვის ჩვენი მოჭიდავეებიც ემზადებიან და ვარჯიშს და მონდომებას არ აკლებენ. ორიოდე დღეა, საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომში 10 დღიანი მოსამზადებელი ეტაპი მოილია, ახლა მცირე ხანს თბილისში დაჰყოფს და მალევე ბელორუსს მიაშურებს ორკვირიანი დასკვნითი შეკრების გასავლელად. იქიდან ჩამოსული ნაკრები რამოდენიმე დღეს თბილისში გაჩერდება და 2 აგვისტოს პეკინში გაემგზავრება...

ადრეც გვეწერა და კიდევ გავიმეორებთ, ჩინეთში ქარველი გულშემატკივრები წარმატებას ყველაზე მეტად მოჭიდავეებისა და ძიუდოისტებისაგან ელიან და ეს არცაა გასაკვირი. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი "ანტიკოსთა" ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი, 25 წლის დავით ბედინაძეა (60კგ). მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონისგან სპეციალისტებიც და ქომაგებიც ბევრს ელიან. თავის მხრივ ბედინაძე საპეკინოდ გაორმაგებული ენერგიით ემზადება, მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ფინურ ტამპერეში გამართული ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა და ახლა მარტო ოლიმპიადაზე ფიქრობს.

დათო ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა, ძველი ამბები გაიხსენა და მოახლოებულ ოლიმპიადაზეც გვიამბო...- ბორჯომში 10 დღიანი შეკრება გავიარეთ. მწვრთნელები კმაყოფილები არიან. ეს ერთ-ერთი ეტაპი იყო, რომელიც ოლიმპიადამდე აუცილებლად უნდა მოგველია. ბორჯომული შეკრება ყოველთვის ნაყოფიერია, მით უფრო ახლა. იქაური ჰაერი და კლიმატი ბიჭებისთვის საჭირო იყო. ნაკრებში მცირე ტრავმიანობაც წარსულს ჩაბარდა და ამჟამად ყველა ჯანზეა, ფიზიკურად მაქსიმალურად ვიტვირთებით. სწორედ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო ეს დრო და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით საქმე კარგადაა. მწვრთნელები და ექიმები სულ თავს დაგვტრიალებდნენ და ისინიც კმაყოფილები არიან.

- ტრავმა ახსენე და აქვე გვითხარი, თვითონ რა პრობლემები გქონდა.

- თვენახევრის წინ ვარჯიშზე ტვინის შერყევა მივიღე და გარკვეული პერიოდი გამიცდა, ვერ ვვარჯიშობდი, თუმც ახლა ყველაფერი რიგზეა, ბორჯომში მთელი ძალით დავიტვირთე, ერთი ეგაა, წონის პრობლემა მაქვს, 8 კილო უნდა დავიკლო. იოლი საქმეა არაა, მაგრამ ამასაც მოევლება. ცალკე დიეტა, ვარჯიშები და ჩემ წონას დავიბრუნებ.

- 13-27 ივლისს ნაკრები ბელორუსში ორკვირიან შეკრებას გაივლის, ალბათ იქ უნდა მოხდეს სასურველ ფორმაში შესვლა, მერე ხომ ოლიმპიადამდე არც არაფერი რჩება.

- მინსკის შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია. იქ ჩვენ გარდა 8-9 ძლიერი ნაკრები მოიყრის თავს. ხარვეზები თუ კი რამე დამრჩა, საბოლოოდ უნდა აღმოვფხვრა. საერთოდ მინსკში ხშირად მივდივართ ხოლმე და საკმაოდ კარგად გვაქვს დაცდილი ბელორუსული მომზადება. ამის მერე თბილისში ჩამოვალთ და 2 აგვისტოს უკვე ოლიმპიადაზე წავალთ, იქ კი 10 დღე გვექნება ადაპტაციისთვის.

- წლეულს ტამპერეში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოგიხდა. ბაქოში მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი, ალბათ კიდევ უფრო მოუთმენლად ელოდი ევროპირველობას. გული არ დაგწყდა, ფინეთში რომ ვერ იჭიდავე.

- ჯერ ახალგაზრდა ვარ და ყველაფერი წინ მაქვს, თუმც გარკვეულწილად გულიც დამწყდა. სხვადასხვა მიზეზების გამო გამოვტოვე ევროპის ჩემპიონატი. მეც და მწვრთნელებსაც ბოლო მომენტამდე ვერ გადაგვეწყვიტა, გამოვსულიყავი თუ არა, მაგრამ მერე ცალკე ტრავმები, ცალკე წონის პრობლემა და მწვრთნელებმა გადაწყვიტეს დამესვენა, არ უნდოდათ ოლიმპიადის წინ გამოვფიტულიყავი. ახლა მთავარი ოლიმპიადაა და მერე ევროპირველობაზე გამოსვლაც მომიწევს...

- ახლა როცა ოლიმპიადამდე თვეც აღარ რჩება, რას მიიჩნევ შენს მთავარ კოზირად და პირიქით, რა გაქვს გამოსასწორებელი.

- ჩემი მთავარი პლუსი ტექნიკაა და ხშირად ამის ხარჯზე ვიმარჯვებ. მინუსი კი მაინც ფიზიკური მხარეა. ვერ ვიტყვი, რომ ნაკლებს ვვარჯიშობ ან რაიმეს ვაკლებ ამ მხრივ, მაგრამ აქ სხვა მომენტია, იგივე ბევრი ევროპელი ბუნებრივად არის ძალიან ძლიერი და ამიტომაცაა ამ კომპონენტში რომ მჯობნიან. თუმცა ჩემი ტექნიკის წყალობით გამარჯვებული უფრო ხშირად გამოვდივარ. ისე კი, ბორჯომში ფიზიკურ მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე და იგივეს გაკეთებას მინსკშიც ვაპირებ.

- პეკინში სუსტი მოჭიდავე არავინ იქნება და იოლად ალბათ ვერავის მოუგებ. თუმც შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგეებად მაინც ვინ მიგაჩნია, ან უხერხული მეტოქე თუ გყავს.

- ისეთ წონაში გამოვდივარ, მართლაც რთულია წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება, ყველასთან მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა ვიყო. არიან ძლიერი სპორსმენები იგივე კორეიდან, იაპონიიდან. ჩემთვისაც არ იქნება იოლი ჭიდაობა, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვარ და ყველა სიფრთხილით მომეკიდება. ასეა, ჩვენ თუ წინა მსოფლიოს და ოლიმპიურ ჩემპიონს ვაკვირდებით და ვსწავლობთ, ისინი მე დამაკვირდებიან. მნიშვნელოვანი იქნება ფსიქოლოგიური მომზადებაც. ამ მხრივ საქმე უკეთ არის. ადრე უფრო მიჭირდა. პირველად რომ მსოფლიოს ფინალი ვიჭიდავე ძალიან ვნერვიულობდი. მერე ნელ-ნელა მივეჩვიე და ახლა შედარებით კარგად ვარ, თუმც რაც არ უნდა იყოს ოლიმპიადაზე პირველად გამოვდივარ და მაინც ძნელია. გამოცდილება ვისაც აქვს გვამხნევებენ, რამაზ ნოზაძე და მანუჩარ კვირკველია გვეუბნებიან, ისეთი რთულიც არაა, მაგრამ თავად უნდა გამოსცადო რომ მიხვდე რა არისო. მწვრთნელებიც მაქეზებენ და სჯერათ, რომ მედლის აღება შემიძლია. მართლა არაფერს დავიშურებ, კარგად რომ გამოვიდე და ქართველი ხალხი, ჩემი ქვეყანა გავახარო. ახლა ჩემი ფიქრები მთლიანად ოლიმპიადისკენაა მიმართული, ძილშიც კი ამაზე ვფიქრობ...

- და ბოლოს, ჩვევად გექცა, ხშირად ორთაბრძოლებს შეხვედრის მიწურულსღა იგებ. მსოფლიოს ჩემპიონიც ასე გახდი. რას იტყვი, რატომ ხდება ასე.

- ვერ გეტყვი, ასე გამოდის. ოღონდ თავიდან პირიქით მე ვაგებდი მსგავსად და ახლა გამოვასწორე. რა თქმა უნდა სჯობს, რომ ოლიმპიადაზე თავიდანვე დავწინაურდე, ხოლმე და გულშემატკივარი ნაკლებად ვანერვიულო. ისე კი, ენერგიის კარგად განაწილება შემიძლია, რომ ბოლოს ახალი ძალით შევუტიო მეტოქეს. ვნახოთ რა იქნება, ძალიან მინდა კარგად გამოსვლა და ქართველი ხალხის გახარება...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com