"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

მოჭიდავეთა გზები იყოფა: კლასიკოსები მინსკში მიდიან, თავისუფლები - ბორჯომში

ლექსო მაისურაძე

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები თბილისში დაბრუნების შემდეგ ვარჯიშს ფალავანთა კლუბში აგრძელებს. ნაკრების თავკაც ბეგი დარჩიას განკარგულებაში ყველა ის ფალავანია, ვინც ბორჯომული შეკრება მოიარა. ბიჭები ტრავმებს არ უჩივიან და სრული დატვირთვით ვარჯიშობენ. ხვალ გამთენიისას კი ნაკრები ბელარუსში გაემგზავრება ორკვირიან შეკრებაზე, სადაც 14 მოჭიდავეს ორი მწვრთნელიც გაჰყვება.

ბეგი დარჩიამ ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "ბორჯომის შეკრება ნაყოფიერი გამოდგა, კმაყოფილი ვარ. ბელარუსში კარგ პირობებში მოვემზადებით. ჩვენთვის ცალკე სპორტული ბაზა იქნება გამოყოფილი და იზოლირებულ გარემოში მხოლოდ მოჭიდავეები ვიქნებით.

ჩვენს გარდა მინსკში ჩამოვლენ სომხეთის, საფრანგეთისა და საბერძნეთის ნაკრები. ბელარუსები კი 4 ნაკრებს გამოიყვანენ. ინტენსიური ვარჯიშები მოგვიწევს და გვექნება ორთაბრძოლები სხვა ქვეყნის სპორტსმენებთანაც, თუმც ჩვენ მაინც საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ლიცენზიანტი მოჭიდავეების გარდა სხვა ბიჭებიც წაგვეყვანა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ოლიმპიადაზე წამსვლელებს სპარინგპარტნიორობას გაუწევენ. იქიდან დაბრუნებულები თბილისში 5 დღეს გავჩერდებით და 2 აგვისტოს პეკინში წავალთ".

ანტიკოსთა მსგავსად, ფალავანთა კლუბში ვარჯიშობს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც.

ზაზა თურმანიძის ფალავნები თბილისში რამდენიმე დღეს გაჩერდებიან და 16 ივლისს ბორჯომის სასტუმრო "ოლიმპს" მიაშურებენ, სადაც თვის ბოლომდე დარჩებიან.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com