|
|
"სარბიელი"
მესამე და გერმანული
ბაჩო სვანიძე
დღეს გერმანულ ჰანოვერში შვიდკაცა რაგბიში ბოლო, ფინალური ეტაპი დაიწყება, სადაც 12 უძლიერესი ნაკრებში საქართველოც მოხვდა. ჰანოვერის შვიდკაცას ხუთი საუკეთესო ნაკრები გაისად დუბაიში გასამართ მსოფლიოს თასზე ითამაშებს და თუ საქართველომ საგაისო საგზური მოიპოვა, ეს მისთვის მესამე მსოფლიოს თასი იქნება. პირველად ჩვენებმა ჯერ კიდევ კლოდ სორელის მწვრთნელობისას, 2001 წელს, არგენტინულ მარ დე პლატაში გამართულ შვიდკაცას მსოფლიოს თასზე ითამაშეს და იქ დებიუტანტებისთვის საპატიოზე მეტი, მე-10 ადგილი დაიკავეს. ჩვენმა მოშვიდკაცეებმა მიჯრით მეორე მსოფლიოს თასზე, 2005 წელს ითამაშეს და შედეგი ერთი ადგილით გაიუარესეს. თუმც ელიტაში მუდამ ტრიალებდნენ და მსოფლიო ეტაპებზე ყოველთვის მოწიწებით პატიჟებდნენ. 2005 წლის შემდეგ კი ვითარება უარესობისკენ შეიცვალა. შვიდკაცა რაგბის ჩვენში თითქოს ყურადღება აღარ ექცეოდა და ქართველებიც მსოფლიო ეტაპების სერიებიდან უმალვე ამოშალეს, არადა, იქამდე ევროპული სერიის რამდენიმე ეტაპზე იმარჯვეს. 2002 წელს ჩვენებმა ლუნელის შვიდკაცა მოიგეს, 2003 წელს ისევ ლუნელის და თბილისის ეტაპებზე გაიმარჯვეს, 2004 წელს კვლავ თბილისის ეტაპზე იჩემპიონეს, 2005 წელს კი ბათუმის შვიდკაცა მოიგეს და ელიტაში დასაბრუნებლად გაემზადნენ. მომდევნო ორი წელი საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ცდილობდა ელიტაში დაბრუნებას, წლეულს კი შედარებით წარმატებული სეზონი დაიწყო და ევროპაში საუკეთესოებშიც გაერია, თუმც დაბრუნება არც ისე ხმაურიანი გამოუვიდა... საქართველომ წლეულს ორ ეტაპზე, პოლონეთსა და თბილისში იშვიდკაცა. პოლონეთში მე-5, ხოლო თბილისში მესამე ადგილი დაიკავა და ჰანოვერის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ მდევრებმა ვერ ივარგეს. ასეა თუ ისე, ჩვენები თავიდან იწყებენ და, თუ დღეს და ხვალ ჰანოვერში სახუთეულოდ იჩაუქებენ, ზედიზედ მესამე მსოფლიოს თასზე მოხვდებიან. ჰანოვერში საქართველოს ნაკრებს ჩვენი რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე გაჰყვა. შემადგენლობა კი სერიოზული შეკრიბეს ქართველებმა. ჩვენს რაზმში ყველა მორაგბე მენაკრებეა და საკმაო გამოცდილებაც დაუგროვდათ. ახლა მთავარია, მწვრთნელმა კახა ალანიამ ბიჭების შეთამაშება და მინიმუმ, ჯგუფიდან გასვლა მოახერხროს, რათა დუბაის საგზურისთვის იბრძოლონ. ჰანოვერში საქართველოს ნაკრები ბოლო, მე-12 ნომრად არის განთესილი, თუმც შვიდკაცაში განთესვა ზოგადი და პირობითია, ამიტოს ჩვენებმა ციფრებს ყურადღება არ უნდა მიაქციონ, მით უმეტეს, ჯგუფურ ეტაპზე ისეთი მეტოქეები არ ჰყავთ, წინასწარ განწირულები იყვნენ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |