"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

შარაბიძის ორწლიანი გზა: ნიკორა-არონა-პამესა

ირაკლი პერტაია

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით ემზადება ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ჩვენს 18-წლამდელებს ახლახან შეუერთდა 210-სანტიმეტრიანი გიორგი შარაბიძე, რომელიც ესპანეთში იმყოფებოდა და იქაურ "პამესასთან" გააფორმა კონტრაქტი. მანამდე ის ტენერიფეს "არონაში" თამაშობდა და ამ გუნდს წარმატებების მიღწევაში ეხმარებოდა. სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ მისით გაცილებით სახელიანი "პამესას" ხელმძღვანელები და პერსპექტიული ქართველი ცენტრი თავისთან გადაიყვანეს. გიორგი შარაბიძესთან ლაპარაკი ცოტა წარსულიდან დავიწყეთ...- როგორ და როდის აღმოჩნდი ესპანეთში.

- "თსუ-ნიკორაში" ვთამაშობდი. 2 წლის წინ თბილისში "არონას" პრეზიდენტი გარსია სანტამარია იყო ჩამოსული, რომელმაც თავის გუნდში გადასვლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. თსუ-ში ძირითადში ვერ ვხვდებოდი, ასაკობრივ გუნდში მიწევდა თამაში და გადავწყვიტე, ესპანეთში მეცადა ბედი. იქ თამაშის და განვითარების მეტი შანსი მეძლეოდა.

- ჰოდა, რას იტყვი "არონაში" გატარებულ პერიოდზე.

- თავს არ ვიქებ, მაგრამ ტენერიფელებს საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევაში დავეხმარე. "არონას" ახალგაზრდული გუნდი 15 წელი არ გასულიყო ესპანეთის ჩემპიონატის პლეი ოფში, ხოლო ჩემი და გრიგოლ შვანგირაძის მეთაურობით გასულ სეზონში ეს მოახერხა. გრიგოლი 1991 წელსაა დაბადებული, ორივე "არონას" ლიდერები ვიყავით და ტენერიფელებიც ძალიან გვემადლიერებიან, მათი გუნდი პლეი ოფში რომ გავიყვანეთ, სადაც, სხვათა შორის, მადრიდის "რეალი" ვერ მოხვდა.

- "პამესამაც" ალბათ ამიტომ დაგადგა თვალი...

- რა თქმა უნდა. ვალენსიელების წინააღმდეგ მატჩში 26 ქულა გავაკეთე და ცხადია, ამან მათზე დიდი გავლენა მოახდინა.

- ვინ იყო შენი პირველი მწვრთნელი.

- ნუგზარ მარკოიშვილი, რომელსაც დიდად ვემადლიერები. ესპანეთში კი ვაჟა კვარაცხელიას დახმარებით წავედი, "არონას" პრეზიდენტი სწორედ მისი მოწვევით იმყოფებოდა თბილისში.

- "პამესას" ძირითად გუნდში გადასვლის შანსებზე რას იტყვი.

- ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. თავიდან ახალგაზრდულში ვითამაშებ, ძირითად გუნდთან კი ხშირად მომიწევს ვარჯიში და ვნახოთ. სხვათა შორის, "პამესაშია" თორნიკე შენგელიაც და ჩვენ ვალენსიელთა 20-წლამდელებში ვითამაშებთ. მთავარ გუნდში დამკვიდრებას კი დრო დასჭირდება, იქ ხომ უმაღლესი დონის კალათბურთელები თამაშობენ, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი გამთამაშებელი შემონდ უილიამსი.

- აქვე გკითხავ: ვინაა შენი იდეალი კალათბურთელი.

- დირკ ნოვიცკი. ისე, "არონაში" მადარებდნენ ცნობილი პაუ გასოლის ძმა მარკს, რომელიც პრიმერადივიზიონში თამაშობდა.

- საქართველოში გადმოვინაცვლოთ. მალე ჭაბუკთა ნაკრებს ი დივიზიონის მატჩები ეწყება...

- 25 ივლისს უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში ძალიან პრინციპული ტურნირი იწყება. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ფ დივიზიონში გადასვლა უნდა მოვახერხოთ. 2006 წელს შევძელით ელიტაში აღზევება, მაგრამ მერე ისევ დავქვეითდით. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს - ჩემს გარდა არაერთი ლეგიონერია: ნიკა მეტრეველი, კოკა ტომარაძე, ტატო ჩაჩიბაია, თორნიკე შენგელია...

- ქართველ და ესპანელ ახალგაზრდებს შორის რა განსხვავებას ხედავ," ისინი უფრო ნიჭიერები არიან.

- მთავარი განსხვავება პირობებშია, რომლის შედარებაც არ შეიძლება. იქ ყველამ ყველაფერი ზუსტად იცის, როდის რაზე უნდა ივარჯიშოს, როდის რა დავალება უნდა შეასრულოს. საქართველოში თაობა იქსაქსება, ესპანეთში კი თავიდან, ვიდრე სრულწლოვანებას არ უწევენ, ერთად არიან და თვალდახუჭულები უგებენ ერთმანეთს.

- ესპანეთის ნაკრები რომ ფეხბურთში ევროპის ჩემპონი გახდა, მაგ დროს ვალენსიაში ხომ არ იყავი.

- დიახ, იქ ვიყავი, სწორედ მაგ დღეებში გავაფორმე კონტრაქტი. სასწაული ზეიმი იყო, სახლში არავინ დარჩა, ყველა ქუჩაში გამოვიდა და ნაკრებში მოთამაშე ვალენსიელი ფეხბურთელების სახელებს ყვიროდნენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com