"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ფაბრის სანტოროს ნიუპორტული ისტორია

კახა ლომაშვილი

ტაიბრეიკების სიუხვით გამოირჩა მეორე წრის შეხვედრები შვეიცარიულ გშტაადში. თუმც ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი იქნება, თუ იმასაც დავამატებთ, რომ კორტზე ივო კარლოვიჩი იყო გასული, რომელიც ამ საჩოგბურთო ლატარიის გარეშე იშვიათად ამთავრებს შეხვედრას. ამჯერად კი აყლაყუდა ხორვატსა და ვიქტორ ჰანესკუს მართლაც ზედმეტი მოუვიდათ, რადგანაც მთელი შეხვედრის განმვალობაში კინკილა ბრეიკიც არ გაუკეთებიათ. შედეგად, სამივე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა და მიუხედავად იმისა, რომ კარლოვიჩმა 28-ჯერ ჩააეისა და თან სამი მატჩოპოინტი ჰქონდა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც რუმინელს დარჩა.

მეოთხედფინალში ჰანესკუ ახალგაზრდა ჟერემი ჩარდის შეხვდება, რომელსაც ასევე სამი ტაიბრეიკის თამაში მოუწია. თუმც ფრანგს გაცილებით იოლი მეტოქე ჰყავდა კვალიფიკაციიდან მოხვედრილი გერმანელ დომინიკ მაფერტის სახით, რომელსაც წესით იოლად უნდა გამკლავებოდა. მაგრამ ჩარდიმ ამ შეხვედრას ბლომად ძალები შეალია და გერმანელი მატჩის დაწყებიდან მხოლოდ მესამე საათის თავზე გატეხა.

სამაგიეროდ, იოლად იხეირა მიხაილ იუჟნიმ, რომელიც პოლ-ანრი მატიოს მოულოდნელი გავარდნის შემდეგ ტურნირის მოგების მთავარ პრეტენდენტად იქცა, თავად რუსმა კი ფლავიო ჩიპოლა მიჩოგნა.

შვედურ ბასტადში საქმეში პირველად ვიხილეთ მოქმედი ჩემპიონი დავიდ ფერერი. ამ ესპანელს ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი უდგას, რადგანაც რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა გამაგრებული, საიდანაც ამ კვირის დასაწყისში ნიკოლაი დავიდენკო გადმოაგდო. ჰოდა, ეტყობა, ესპანელი ჯერ კიდევ ოცნებებში იყო, როცა კორტზე გავიდა, რადგანაც ბორის პაშანსკის დაწინაურების საშუალება მისცა. მისდა საბედნიეროდ, ფერერი მალევე მოეგო გონს და ჯერ დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, შემდეგ კი კიდევ ერთი ბრეიკი გააკეთა და დაწინაურდა კიდეც. მეორე სეტში კი სერბს შანსი აღარ ჰქონდა.

ფერერის შემდეგი მეტოქე მასპინძელთა მთავარი იმედი რობინ სოდერლინგია, რომელიც ბოლო ხანებში საკმაოდ ხეირიანად გამოიყურება და არც ესპანელს დაუხრის თავს. მეორე წრის შეხვედრაში კი ვიკინგი ბელგიელ ქონდრისკაც ოლივიე როხუსს გაუმკლავდა, რისთვისაც ორი სეტი თავისუფლად იმყოფინა.

ყურადღებას იქცევდა ტომი რობრედოსა და იონას ბიორკმანის მატჩიც. მოგეხსენებათ, ამ უკანაკსნელმა არცთუ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ წლის დასასრულს ჩოგბურთიდან მიდის და ამიტომაც ვეტერანს ტრიბუნები გახელებით გულშემატკივრობდნენ. თუმც ბიორკმანს ვერც ამან უშველა, რადგანაც რობრედომ სისწრაფის ხარჯზე ადვილად გაიტანა თავისი და მეოთხედფინალის საგზურიც გაინაღდა. ბიორკმანი კი მშობლიურ კორტსა და მაყურებელს თბილად გამოემშვიდობა.

შტუტგარტში ადგილობრივები ფილიპ კოლშრაიბერმა გაახარა. ეს ბიჭი აქამდე შვაბიაში ყოველთვის წარუმატებლად თამაშობდა, მაგრამ ახლა იოლი მეტოქე შეხვდა ყაზახი იური შუკინის სახით. გერმანელმაც ამით კარგად ისარგებლა, იოლად იხეირა და შტუტგარტის მეოთხედფინალს კარიერაში პირველად უწია. აქ კოლშრაიბერს ხუან მარტინ დელ პოტროსთან ელის რანდევუ, რომელმაც თავის მხრივ სიმონე ბოლელი 2 საათში მიჩოგნა.

ამერიკულ ნიუპორტში გამართული მატჩებიდან სუპერვეტერან ფაბრის სანტოროს გამარჯვება გამოვყოთ. 35 წლის ფრანგმა ამ კორტებზე 2 წლის წინაც იპირველა და მაშინ ტურნირის ყველაზე ასაკოვან ჩემპიონად იქცა. ეტყობა, სანტოროს ისტორიის ხელახლა გადაწერა უნდა, რადგანაც წლეულსაც ტიტულს უმიზნებს. გუშინ გამთენიისას კი ფრანგმა პაკისტანელ აისამ-ულ-ჰაქ ქურეშს გამოუყვანა წირვა.

ქალთა ტურნირების მიმოხილვა კი პალერმოთი დავიწყოთ, სადაც ჩვეულად კარგად გამოდის ანაბელ მედინა-გარიგესი. ეს ესპანელი ბევრი ტიტულებით ნაღდად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ სიცილიაზე უკვე ოთხჯერ უჩემპიონია და ახლა მეხუთეჯერ აპირებს პირველობას. საამისოდ გარიგესი არც თანამემამულეებს ინდობს და ბოლოს აგერ ნურია ლაგოსტერა ვივესს ისე გადაურბინა, თვალი არ დაუხამხამებია.

ბუდაპეშტში აგნეს სჟავაის მარცხით ყურებჩამოყრილი ადგილობრივი გულშემატკივარი კატალინ მორაშიმ გამოაცოცხლა, როცა ყველასთვის მოულოდნელად მესამე ნომრად განთესილი და წლეულს საკმაოდ რიგიანად მოთამაშე ცვეტანა პირონკოვა ადვილად მიჩოგნა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com