|
|
"სარბიელი"
ჰოკენჰაიმით კმაყოფილები
კახა ლომაძე
ჰოკენჰაიმური ტესტების მესამე და დასკვნით დღეს ტოპ-გუნდებმა პილოტები შეცვალეს, ანუ "ფერარისა" და "მაკლარენ-მერსედესს", ამჯერად არა კიმი რაიკონენი და ლუის ჰემილტონი, არამედ, შესაბამისად, ფელიპე მასა და ჰეიკი კოვალაინენი უტარებდნენ ტესტირებას. შეგახსენებთ, რომ ტესტების პირველ ორ დღეს ყველაზე სწრაფი ჰემილტონის "მაკლარენი" იყო, ხუთშაბათს კი ყველას მასამ აჯობა. "ფერარის" ბრაზილიელმა ჰოკენჰაიმის ტრასას 109-ჯერ შემოუარა და საუკეთესო წრეზე წუთი და 14,989 წამი აჩვენა. "კარგი სამუშაო დღე იყო, ბლომად კილომეტრები გავიარე. მანქანა დაბალანსებული იყო და ვფიქრობ, გერმანიის დიდ პრიზზე კონკურენტუნარიანები ვიქნებით, თუმც ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სატესტო სესია "მაკლარენმაც" დიდებულად ჩაატარა" - განაცხადა დღის ბოლოს მასამ. ბრაზილიელს სულ მცირეით ჩამორჩა "ჰონდას" ინგლისელი მრბოლი ჯენსონ ბატონი (1.15,081), მესამე შედეგი კი "მაკლარენ-მერსედესის" ფინელ პილოტ ჰეიკი კოვალაინენს (1.15,289) ჰქონდა. მეოთხე "რედ ბულის" ავსტრალიელი მარკ ვებერი (1.15,378) იყო, მეხუთე - "ტორო როსოს" გერმანელი სებასტიან ფეტელი (1.15,556), ხოლო მეექვსე შედეგი "რენოს" ესპანელმა ფერნანდო ალონსომ (1.15,593) აჩვენა. ორგზის ჩემპიონი ესპანელი კმაყოფილი დარჩა ტესტების ბოლო დღით. "ნამვდილი სამუშაო დღე იყო და ასეთ პირობებში სასიამოვნოც კი იყო მუშაობა. ვფიქრობ, მზიან ამინდში "რენო" გაცილებით უკეთესია და ვიმედოვნებ, რომ გერმანიის დიდი პრიზის გათამაშებისას სწორედ ასეთი ამინდი იქნება. მთავარი კი ის გახლავთ, რომ გუნდი სწორი მიმართულებით მიდის, თუმც ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი" - ბრძანა ტესტების დასრულების შემდეგ ალონსომ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |