"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

ჰაიდფელდი პოზიციებს იბრუნებს

კახა ლომაძე

კუბიცა ჩემპიონობაზე ფიქრობს"იქც-ზაუბერისთვის" ჰოკენჰაიმურმა ტესტებმა ჩვეულებრივ სამუშაო ატმოსფეროში ჩაიარა და ახლა გერმანული საჯინიბო მშობლიური დიდი პრიზისთვის სრულ მზადყოფნაშია. ერთი კია, რომ გუნდის თავკაცების წინაშე კვლავ გაჩნდა პილოტთა სუბორდინაციის საკითხი. თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, პოლონელი რობერტ კუბიცა ერთი ხანობა სულაც გენერალურ კლასიფიკაციას ლიდერობდა და რა სალაპარაკო და გასარჩევი იყო, თუ ვინ ითვლებოდა "იქც-ზაუბერის" პირველ ნომრად, მაგრამ სილვერსტოუნმა და დიდი ბრიტანეთის დიდმა პრიზმა, ყველაფერი შეცვალაო ვერ ვიტყვით, მაგრამ საკმაოდ რომ აურ-დაურია სურათი, ამას წყალი არ გაუვა.

სილვერსტოუნზე კუბიცა უქულოდ დარჩა, ხოლო გერმანელმა ნიკ ჰაიდფელდმა, რომელიც სეზონის დასაწყისში მოიაზრებოდა კიდეც გუნდის პირველ პილოტად, ურთულეს პირობებში დიდებულად ირბოლა, მეორემ უწია ფინიშს და ახლა ის თანაგუნდელს გენერალურ კლასიფიკაციაში 10 ქულითღა ჩამორჩება.

ამასთან დაკავშირებით, "იქც-ზაუბერის" თავკაცმა მარიო ტაისენმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ტესტებისას ჰაიდფელდი ყოველთვის კუბიცას დონეზე იყო, ახლა კი დაამტკიცა, რომ ურთულეს პირობებში შეუძლია წარმატების მიღწევა. ვფიქრობ, ნიკი შემდეგ დიდ პრიზზეც კონკურენტუნარიანი იქნება".

"ჩვენს მანქანას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, რომელიც ბოლომდე არ აგვითვისებია, თუმც დღევანდელი დონითაც ჩვენ საბრძოლველად მზად ვართ" - ეს, უკვე თავად ჰაიდფელდის სიტყვებია, რომელიც გუნდშიც იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს და ერთი-ორი წარმატებული რბოლის შემთხვევაში, იქნებ საჩემპიონო ბრძოლაშიც ჩაებას.

თუმცა, ამ წუთისთვის ჩემპიონობაზე კუბიცა უფრო ფიქრობს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ დიდი სამეულის (კიმი რაიკონენი, ლუის ჰემილტონი, ფელიპე მასა) წევრები შეცდომებს დაუშვებენ.

"თუ ფავორიტები კვლავაც დაუშვებენ შეცდომებს, მაშინ მე შანსი მექნება. ამისთვის კი საჭიროა სტაბილურად დავაგროვო ქულები და ამ მხრივ სილვერსტოუნზე ჩემი შანსები გავანიავე. უახლოეს ეტაპებზე გამოჩნდება, შეგვიძლია თუ არა საჩემპიონო ბრძოლაში მონაწილეობა" - ბრძანა კუბიცამ, რომელიც, შეგახსენებთ და გენერალურ კლასიფიკაციაში ოდენ ორი ქულით ჩამორჩება ჰემილტონ-რაიკონენ-მასას სამეულს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com