"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

გაულიდან კირხენამდე

ზუსტად 50 წლის წინ, 1958 წელს ჩარლი გაულმა "ტურ დე ფრანსი" მოიგო და მას შემდეგ ლუქსემბურგელ ველოსიპედისტს უპრესტიჟულესი ველოტურის ლიდერის სარგო ყვითელი მაისურა აღარ სცმია. და აი, ნახევარი საუკუნის შემდეგ "ტურის" ლიდერი ისევ ლუქსემბურგელია, ამერიკული "კოლუმბიას" მრბოლი კიმ კირხენი, რომელიც პირველივე ეტაპიდან მოყოლებული, უაღრესად სტაბილურია ბარშიც, მთებშიც, ინდივიდუალურ რბოლაშიც და ეს უნივერსალიზმი მას მეექვსე, წლევანდელი "ტურის" პირველი სამთო ეტაპის შემდეგ დაუფასდა.

ლუქსემბურგელი მრბოლები და ამერიკული ველოგუნდები - "კოლუმბია" და "ჯერმენ შიპოტლი" ცალკე სალაპარაკო თემაა. კირხენის გარდა, გენერალური კლასიფიკაციის პირველ ოცეულში კიდევ ორი ლუქსემბურგელია - ძმები ფრენკ და ენდი შლეკები, რომლებიც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე ადგილებზე არიან და ლიდერ თანამემამულეს, შესაბამისად, წუთითა და 56 და წუთითა 58 წამით ჩამორჩებიან.

შლეკები დანიური სთს-ის მრბოლები არიან და ამ ჯერზე მათ გუნდის ესპანელი ლიდერის კარლოს სასტრეს გრეგარობა მოუწევთ, სამომავლოდ კი ისინი თავად გაიწევენ ყვითელი მაისურასკენ, მით უმეტეს, რომ ფრენკი ჯერ 28 წლისაა, ხოლო ენდი - სულაც 23-ის.

სასტრე კი ლიდერს წუთითა და 34 წამით ჩამორჩება და მთებში ძმები შლეკებისნაირი თანაშემწეების მყოლე უაღრესად საშიში იქნება.

ახლა ამერიკულ ველოგუნდებზე ვთქვათ. პირველ ოცეულში "კოლუმბიას" კირხენის გარდა, კიდევ ორი მრბოლი ჰყავს - უნივერსალი შვედი ტომას ლოვკვისტი მეექვსეა (%54 წმ), ხოლო ვეტერანი ამერიკელი ჯორჯ ჰინკეიპი - მეთხუთმეტე (%1.45). ასეთი ხალხის გვერდით ყოლა კირხენისთვისაც ძალზე ბევრს ნიშნავს, მაგრამ ამ ლუქსემბურელისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, გავბედავთ და ვიტყვით, რომ დიდ მთებში და განსაკუთრებით ალპებში, თავად კირხენს გაუჭირდება ფავორიტებთან ბრძოლა.

ჯერჯერობით მშვენივრად დაქრიან "ჯერმენ შიპოტლის" ველოსიპედისტებიც. ამ წუთისთვის ამერიკელი კრისტინ ვანდეველდე და ბრიტანელი დევიდ მილარი ლიდერს, შესაბამისად, 44 და 47 წამით ჩამორჩებიან და გენერალურ კლასიფიკაციაში მეოთხე-მეხუთე ადგილებზე არიან. წლეულს ნაკლებად სავარაუდოა და სამომავლოდ კი ვანდეველდე, ვინც მთებში მშვენივრად დადის, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

მეექვსე ეტაპის ერთ-ერთი მოულოდნელობა დამიანო კუნეგოს მარცხი იყო. "ჯიროს" ძველმა ჩემპიონმა წლეულს მთელი აქცენტი "ტურზე" გააკეთა, უმთავრეს ფავორიტთა ხუთეულშიც მოიაზრება და ამდენად, მოულოდნელი იყო მისი ჩამორჩენა ეტაპის ბოლო აღმართში. თუმც მისი გუნდის, "ლამპრეს" თავკაცები ამ ჩამორჩენის გამო დიდად არ ღელავენ, ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავთ, დამიანო დიდ ველოტურებზე პირველ კვირას, ყოველთვის სუსტად ატარებს და მერე უმატებსო.

ვნახოთ, როგორ მოუმატებს. ჯერჯერობით კი იტალიელი კირხენთან წუთსა და 42 წამს აგებს და მე-14 ადგილზეა.

ვნახოთ, ვნახოთ, კითხვები ჯერ კიდევ ბევრია, ჰორიზონტხე კი პირინეები გამოჩნდა. ხვალ და ზეგ, უკვე ნამდვილი მთები იქნება - ხვალ ორი პირველი კატეგორიის მწვერვალით, ოღონდაც დაღმართში ფინიშით და ზეგ კი ორი უმაღლესი სირთულის მქონე მთით და აღმართში ფინიშით.

გუშინ კი ერთი რიგითი ეტაპი იყო შუა საფრანგეთის საშუალომთიანეთში. ბრიუდედან აურილაკამდე ველოქარავანმა 159 კილომეტრი გაიარა.

ეტაპი 24 წლის ესპანელმა, "კაის დეპარნის" მრბოლმა ლუის ლეონ სანჩესმა მოიგო, რომელიც თითქმის მთელი გზა აქტიური იყო, მოწინავე ჯგუფს კი ფინიშამდე რამდენიმე კილომეტრით ადრე, მესამე კატეგორიის მთაზე გაექცა და უახლოეს მდევრები 6 წამით ჩამოიტოვა უკან.

საერთო ჩათვლაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ დევიდ მილარმა მეხუთედან მეშვიდე ადგილზე ჩაინაცვლა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com