"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

პაუელი ჩასაფრდა

ვანო კობიაშვილი

ძნელი გასახსენებელია, 100 მეტრზე სირბილში ბოლოს როდის შეიქმნა ასეთი მჭიდრო კონკურენცია. ბოლო წლებში დიდ ტურნირებსა და ოლიმპიადებზე ხშირად ისეთი შემთხვევითი "ვიღაცეები" იმარჯვებდნენ, მათ ნამდვილად ვერ დაარქმევდი მსოფლიოს უსწრაფეს კაცებს. მაგალითად, 2003 წელს პარიზში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატისას, იმ ეპოქაში საუკეთესო მორის გრინს ტრავმა სტანჯავდა, სხვები კი დიდად ვერ ვარგოდნენ და უსახურზე უსახური შედეგით, 10.03 წამით, იმარჯვა სენტ კიტსისა და ნევისის დროშით მორბენალმა კიმ კოლინზმა. არადა, ახლა ასეთი დრო ბარე სამი-ოთხი ფიქსირდება კარგად განვითარებული სამძლეოსნო ქვეყნების შიდა ჩემპიონატებში.

მაგრამ სულ სხვაა ახლა. ის პერიოდი ქარიშხლისწინა "საეჭვო" ჩახუთულობას ჰგავდა, მერე კი ერთბაშად წამოვიდნენ მართლა ქარივით ბიჭები - მსოფლის ბევრგზის რეკორდსმენი, იამაიკელი ასაფა პაუელი, 2007 წელს ოსაკას მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გამსწრები, ამერიკელი ტაისონ გაი და ბოლოს, კიდევ ერთი იამაიკელი, ჯეელი უსაინ ბოლტი, რომელმაც წლეულს პაუელს რეკორდი რაღაც ფარტასტიკური შედეგით, 9,72 წამით ჩამოართვა.

ეს სამივე სპრინტერი ძალიან სწრაფია და მათგან ვის დარჩება ოლიმპიური ოქრო, ამის გამოცნობა მძლეოსნობის სპეციალსტ-პროგნოზისტს კი არა, ნოსტრადამუსს გაუჭირდებოდა, ცოცხალი რომ იყოს.

პაუელი წლების განმავლობაში საუკეთესო შედეგებს აცხობდა, რეკორდებსაც ამყარებდა, მაგრამ ორი კაცი ისე წამოეწია, რომ 26 წლის იამაიკელმა უკან მოხედვაც ვერ მოასწრო. მას, ფაქტობრივად, აღარაფერი არ შერჩა, ექსრეკორდსმენის ბრწყინვალებადაკარგული სტატუსის გარდა. რეკორდის ჩამორთმევის შემდეგ 4 წლით უმცროსმა ბოლტმა მას უშუალოდაც გაასწრო, თანაც სამშობლოში და იამაიკის ახალი სახე გახდა. მერე ასაფა თავს იმითღა იმშვიდებდა, იამაიკის ჩემპიონატში ბოლტთან შეჯიბრი ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად, ნაადრევად შევწყვიტე და ენერგია ოლიმპიადისთვის დავზოგეო. აქედანაც ჩანს, რომ ექსრეკორდსმენს უჭირს. საუკეთესო წლები უკან დარჩა, პეკინის ოლიმპიადა მისთვის, პრაქტიკულად, ბოლო შანსად რჩება, არადა, უდავოდ, სწრაფ და ნიჭიერ მორბენალს, მსოფლიოს და ოლიპიური ტიტულების გარეშე მოუწევს დიდი სპორტიდან წასვლა, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტი იქნებოდა.

პაუელმა მიმდინარე სეზონში უკან დააბრუნა რამდენიმე დიდი ტურნირიდან მიწვავა, რათა პეკინის სამზადისისთვის დაეთმო მთელი თავისი დრო. შეეგუა კიდეც "პირველი კაცის" სტატუსის დაკარგვას და ამბობს, ასე უფრო მყუდროდ ვგრძნობ თავსო. რას უნდა ნიშნავდეს მისი მიჩუმათება. სარბიელიდან გაპარვას, თუ მშიერი მტაცებლის ბუჩქებში ჩასაფრებას. ალბათ, იგი უფრო მსხვერპლის მოლოდინში გაყურსულ მტაცებლად თვლის საკუთარ თავს.

"ყოველთვის კარგია, როცა არავინ გაწუხებს და არავის ყურადღებას არ იქცევ. წინა სამი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო მე მთვლიდა ფავორიტად, მაგრამ, დიდწილად, ფსიქოლოგიური წნეხის გამო ვერ ვახერხებდი გამარჯვებას. ახლა კი მთელი მსოფლიო ბოლტის და გაის უმზერს გამადიდებელი შუშიდან და მე სავსებით მაწყობს ეს სიტუაცია - დამშვიდებული საუბრობს იამაიკელი ექსრეკორდსმენი - მე არ ვუთმობ დიდ დროს მეტოქეებზე ფიქრს, უფრო საკუთარ თავს ვამზადებ დიდი შეჯიბრისთვის და პეკინში თუ ისე გავიქეცი, როგორც შემიძლია, მაშინ ვერავინ შემაშინებს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com