|
|
"სარბიელი"
ქალი და ურო
ვანო კობიაშვილი
მას შემდეგ, რაც 2007 წელს დოპინგ-ტესტზე ჩავარდა ორი რუსი "გოგონა" - მსოფლიო რეკორდსმენი ტატიანა ლისენკო და ექსრეკორდსმენი გულფია ხანაფეევა, ქალ უროსმტყორცნელთა სექტორს გამოკვეთილი მედროშე არ ჰყოლია. ეს რუსები ადრე ყველას ამარცხებდნენ და ერთმანეთთან შეჯიბრში როგრიგობით ისაკუთრებდნენ მსოფლიო რეკორდს, მაგრამ თურმე რის ხარჯზე... თავისუფალ ტახტს წლეულს რამდენიმე პრეტენდენტი გამოუჩნდა - ძველებს, მაგალითად კუბელ იფსი მორენოს და პოლონელ კამილა სკოლიმოვსკას ახლებიც გაეჯიბრნენ და გვერდით ჩააჩოჩეს. 77,32-მეტრიანი ნატყორცნით სეზონის რეკორდს დაეუფლა ბელარუსი აქსანა მიანკოვა, რომელიც ლისენკოს რეკორდს 1,29 მეტრით ჩამორჩა. თუმც პეკინში მას ოქრო ნაღდად არ აქვს გარანტირებული, რაკიღა გამოცდილ მორენოს-სკოლიმოვსკას რომ თავი დავანებოთ, ბოლო დროს ჰორიზონტზე კიდევ ერთი ზორბა მეუროვე ქალი გამოიკვეთა. სლოვაკმა მარტინა დანისოვა-ჰრასნოვამ თავისი სამძლეოსნო კარიერის განმავლობაში სხვა რამეების შორს გადაგდებაც სცადა. იყო ბირთვის მკვრელიც და ბადროს მტყორცნელიც, მაგრამ მაინც და მაინც გადასარევად ვერც ერთში ვერ გამოდიოდა. ბოლოს საკუთარ თავში უროს მტყორცნელის ნიჭი აღმოაჩინა და შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე სერიოზული გამოცდა გაიარა, თუმც მთლად კარგად ვერ ჩააბარა - საუკეთესო ნატყორცნი 68,15 მეტრს უწია. მაგრამ წლეულს ის მძლავრ მტყორცნელად ჩამოყალიბდა და ივნისში ზედიზედ ორ ტურნირზე გადააცილა ურო 74 მეტრს. და თუმცა ლისენკოს რეკორდამდე მაშინ კარგა 4 მეტი დააკლდა, ხალხი მაინც ალაპარაკდა - ცოტა ხანში ეს იქნება ვინც იქნებაო. ახლახანს კი სლოვაკმა მეუროვემ ფრანგულ რეიმსში გამართულ შეჯიბრში უფრო გაიმყარა სწრაფად მზარდი ოსტატის სახელი, როდესაც ურო 76,82 მეტრზე გასტყორცნა და ყველა დროის მე-15 შედეგი აჩვენა, უძლიერეს მეუროვე ქალთა შორის კი საპატიო მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ ნატყორცნით დანისოვამ უკვე ჩამოიტოვა მორენო, ხოლო მიანკოვასა და სკოლიმოვსკამდე ბევრიც აღარაფერი აკლია. ურო რომ გაფრინდა, მივხვდი, რომ საკუთარ რეკორდს გადავაჭარბებდი, მაგრამ ამხელა მატებაზე როგორ ვიოცნებედიო - ასეთი მოკრძალებით გამოხატა სლოვაკმა სიხარული. ისე კი მან სტაბულირად კარგად ისროლა, ექვსი ცდიდან არცერთი არ გაცუდებია და ხუთჯერ გადააცილა 70 მეტრს, ხოლო 76 მეტრს იქით ორჯერ დასცა რკინის წნელმობმული ბირთვი. რეიმსიდან საკმაოდ შორს, ფინურ ლაჰტიში კი კაცი მეუროვეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. სადღეისოდ საუკეთესოთაგან იქ მხოლოდ უნგრელი კრისტიან ფარსი გახლდათ და მას მძლავრი მეტოქეები არ ედგნენ გვერდით, მაგრამ ფარსმა მაინც მოინდომა და ერთბაშად სამჯერ გადააცილა ურო გროსმაისტერულ 80 მეტრს. ბოლო, მეექვსე ცდაზე მან 81,96 შედეგი აჩვენა და სლოვენიელი პრიმოჟ კოზმუსის სეზონის რეკორდი ზუსტად ნახევარი მეტრით გააუმჯობესა. წლეულს კარგად სტყორცნიან კოზმუსი, იაპონელი კოჯი მუროფუში და ბელარუსი ანდრეი ვარანცოვი, ყველანი 81-მეტრიანები არიან, მაგრამ კრისტიან ფარსი მაინც ყველაზე სტაბილური ჩანს და აგერ უკვე მეხუთე ტურნირზე გადააცილა ურო სულ ცოტა 80 მეტრს. სხვათა შორის სახსენებლად: მსოფლიო რეკორდი 86,74 მეტრს შეადგენს და მას აგერ 22 წელია ფლობს საბჭოთაკავშირელი იური სედიხი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |