"სარბიელი"
# 158
შაბათი, 12 ივლისი, 2008 წელი

მწარე დეჟავიუ: როულინსონი მეორე ოლიმპიადას ტოვებს

ვანო კობიაშვილი

ტრავმებმა ისე უმოწყალოდ დარია ხელი თარჯმორბენალ ქალებს, რომ პეკინში 400 მეტრ თარჯრბენში ქალთა შეჯიბრი იქნებ გასაუქმებელიც კი გახდეს. რუსმა მსოფლიოს რეკორდსმენმა იულია პეჩორკინამ თქვა უარი ოლიმპიადაზე, ახლა კი იმავეს გაკეთება ორგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ავსტრალიელ იანა როულინსონს მოუხდა.

როულინსონმა 2007 წლის სექტემბერში ოსაკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, შემდეგ შანხაიში ერთ კომერციულ ტურნირზე ირბინა და ისე იტკინა ცერა თითი, რომ 9 თვე აღარ გასულა სარბენ ბილიკზე. ავსტრალიელმა რამდენიმე დღის წინ პოლონურ ბიდგოშჩში სცადა სირბილი, მაგრამ მიხვდა, რომ საქმე ცუდად იყო.

"საშინლად იმედგაცრუებული ვარ. დიდი ხანი ვფიქრობდი, რა მექნა და აი, ბოლოს ყველაფერს ავტომატურად გაეცა პასუხი - ისევ მეტკინა ცერი! გუშინ სარბიელზე გავედი, მაგრამ თარჯებზე ხტომა კი არა, სწორზე სირბილიც ვეღარ შევძელი. მორჩა, ვერც ამ ოლიმპიადაზე წავალ".

როულინსონმა მერე დასძინა, დეჟავიუს გრძნობა მაქვსო. 25 წლის ავსტრალიელი ოთხი წლის წინაც ზუსტად ანალოგიურ ჩიხში აღმოჩნდა. 20-ისა იყო, 2003 წელს პარიზში მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდა, მაგრამ მერე ტრავმა მიიღო და 2004 წლის ათენის ოლიმპიადა გამოტოვა. არადა, უნიჭიერესი სპორტსმენია და ავსტრალიაში ბევრს დაწყვეტს გულს, ოლიმპიური ოქრო რომ ვერ მოიგოს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com