"ლელო "
# 186
ორშაბათი, 10 აგვისტო, 2009 წელი

ანჩელოტის ტრიუმფალური დასაწყისი

ილია ბაბუნაშვილი

ჩელსი-მანჩესტერ იუნ 2:2, პ. 4:1

ჩელსი: ჩეხი, ივანოვიჩი (46. ბოსინგვა), ტერი, კარვალიო, ე. კოული, ლემპარდი, ესიენი, მალუდა (77. დეკუ), ობი მიკელი (65. ბალაკი), ანელკა (83. კალუ), დროგბა.

მანჩესტერი: ფოსტერი, ო'ში (76. ფაბიო და სილვა), ევანსი, ფერდინანდი, ევრა, ქერიკი, ფლეტჩერი (75. სქოულზი), ჯი-სუნ პარკი (75. გიგზი), ნანი (62. ვალენსია), ბერბატოვი (75. ოუენი), რუნი.

გოლები: 0:1 ნანი (10), 1:1 კარვალიო (52), 2:1 ლემპარდი (71), 2:2 რუნი (90)

მაყურებელი: 85 896

კარლო ანჩელოტი `ჩელსიში~ მუშაობას ჯილდოს მოგებით იწყებს - გუშინ, `უემბლიზე~ ლონდონელებმა, `მანჩესტერ იუნაიტედს~ პენალტებში მოუგეს. თამაშის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა. მოვლენები ასე განვითარდა: მატჩი სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც მანჩესტერელმა ნანიმ ანგარიში მახვილი კუთხიდან გახსნა, თუმცა რიკარდო კარვალიუმ გაქვითა და შემდეგ, `ჩელსი~ დაწინაურდა კიდეც - საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე, ფრენკ ლემპარდის საკამათო გოლმა `ლურჯებს~ კინაღამ ძირითად დროშივე მოუტანა გამარჯვება. მაგრამ, 2009 წლის `ქომუნითი შილდი~ ფრიად დრამატული და ვნებათა ღელვით აღსავსე დაპირისპირება გამოდგა - შეხვედრის მთლად მიწურულს უეინ რუნიმ წონასწორობა ერთხელაც აღადგინა და საქმე პენალტების გადასაწყვეტი გახადა. ამასთან, როგორც BBჩ-ის კორესპონდენტი წერს, რუნის გოლით სამართლიანობაც აღდგა.

რა სამართალზეა ლაპარაკი? საქმე ის გახლავთ, რომ სანამ ლემპარდი `ჩელსის~ დააწინაურებდა, წამებით ადრე, მიხაელ ბალაკმა პატრის ევრას წინააღმდეგ იუხეშა. მსაჯს, კრის ფოის ეს ეპიზოდი გამოეპარა და იმის მიუხედავად, რომ ევრა თამაშიდან ძალისმიერი გზით იყო გამოთიშული, ლონდონელთა გოლი ჩათვალა.

ასე და ამგვარად, საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც ჩელსელთაგან ლემპარდმა, ბალაკმა, დიდიე დროგბამ და სალომონ კალუმ იყოჩაღეს, მანჩესტერელთაგან კი მხოლოდ მაიკლ კარიკმა დაუმიზნა ხეირიანად, რაიან გიგზსა და ხსენებულ ევრას კი მეკარე პეტრ ჩეხმა აუღო.

კაცმა რომ თქვას, ორივე გუნდი ქებას იმსახურებდა. `ჩელსი~ იმიტომ, რომ ისევე როგორც მაისში, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში, `ევერტონის~ წინააღმდეგ ჩამორჩენას არ შეეპუა და გაიმარჯვა, `მანჩესტერ იუნაიტედი~ კი იმიტომ, რომ ჯერ ერთი წაგებას არც ის ეგუებოდა და მეორეც, დაამტკიცა, რომ კრისტიანო რონალდოს მადრიდში წასვლის შემდეგ უეინ რუნის მისი ადგილი საუცხოოდ დაუკავებია.

თავიდან, ყურადღება მიიპყრო იმ ამბავმაც, რომ `იუნაიტედის~ თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ახალი შენაძენები, მაიკლ ოუენი და ანტონიო ვალენსია სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ასე რომ, მატჩის სიმძიმე `ნაცნობმა სახეებმა~ იტვირთეს. მაგალითად, როდესაც ლემპარდმა მანჩესტერელთა კართან სახიფათო კუთხური ჩააწოდა და ბრანისლავ ივანოვიჩმა ახლოდან დაარტყა, ჩემპიონთა მხსნელად ევრა მოგვევლინა, რომელმაც ბურთს გზა გადაუღობა და ის ძელმა აისხლიტა. ამრიგად, `იუნაიტედი~ გადარჩა და ფრთაშესხმული მალე დაწინაურდა კიდეც: ნანიმ ივანოვიჩზე უკეთ დაარტყა, თუმცა ამ ეპიზოდში გოლის გასვლა, გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, მეკარე ჩეხის ბრალიცაა.

ოღონდ ეგაა, ჩეხზე ცუდის სათქმელად კაცს ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს: ამ ამბიდან საკმაოდ ცოტა ხნის შემდეგ ლონდონელების ჩაფხუტიანმა მეკარემ ორჯერ დიდებულად ითამაშა. ჯერ იყო და ჯი-სუნ პარკს არ გაატანინა და შემდეგ დიმიტარ ბერბატოვს ჩაუშალა ეპიზოდი. სხვათა შორის, პირველი გოლის გაშვების შემდეგ `ჩელსი~ შეცბა და ერთი ხანობა ცუდად ათამაშდა, მაგრამ ნიკოლა ანელკამ მიზანს სულ მცირე მანძილით რომ ააცილა, ცოტა გონს მოეგო, თუმცა... სულ მალე ისევ ჩეხს მოუხდა ნანისა და დარენ ფლეტჩერის მოკლე კომბინაციის შემდეგ ამ უკანასკნელის დარტყმის მოგერიება.

შესვენებისას ანჩელოტიმ მოსალოდნელი ცვლილება გააკეთა: ივანოვიჩი ჟოზე ბოსინგვათი შეცვალა და მალე ლონდონელებმა გაათანაბრეს კიდეც ანგარიში - `იუნაიტედის~ მეკარეს, ბენ ფოსტერს ტრიბუნიდან ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, ფაბიო კაპელო აკვირდებოდა. ფოსტერის სამწუხაროდ, ფლორინ მალუდას ჩაკიდებულ ბურთზე მან დროგბას ღონიერი წინააღმდეგობა ვერ გადალახა, ბურთს მუშტები ლაზათიანად ვერ უთავაზა და კარვალიუმაც ამით ისარგებლა - გაწოლილი თავურით მიაღწია მიზანს.

შემდეგ `იუნაიტედს~ კიდევ ერთი უიღბლობა ეწვია: მშვენივრად მოთამაშე ნანიმ მხარი იტკინა და მოედნიდან გასასვლელი შეიქნა. როგორც მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი, პორტუგალიელი პრემირლიგის პირველ ტურს გამოტოვებს. ნანის მაგივრად მოედანზე ვალენსია შევიდა.

თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე `ჩელსი~ ფრენკ ლემპარდის ზემოთ აღწერილი გოლით დაწინაურდა - მანჩესტერელებს ეგონათ ევრას წაქცევისთვის მსაჯი ჯარიმას დანიშნავდა, ლონდონელებმა კი მომენტით ისარგებლეს, გავარდნენ და ბურთი შეაგდეს. `იუნაიტედის~ ფეხბურთელები იცოცხლე, მსაჯს შემოეხვივნენ, მაგრამ რად გინდა, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც შორიახლოს `ჩელსის~ ფეხბურთელები ჩათვლილ გოლს ზეიმობდნენ.

აი, აქ, ფერგიუსონმა ლამის მთელი გუნდი შეცვალა: პარკის, ბერბატოვის, ფლეტჩერის და ო'შის ნაცვლად ოუენი, პოლ სქოულზი, გიგზი და ფაბიო და სილვა შეიყვანა. და როდესაც, მატჩის ბედი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, გიგზის მახვილგონივრული პასით რუნიმ ანგარიში გაქვითა.

ხოლო, თუ რა მოხდა პენალტების სერიაში, ზემოთ მოგახსენეთ.



(c) გაზეთი "ლელო"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2009 წელი

მოგვწერეთ opentextge@gmail.com