"საქართველოს რესპუბლიკა "
# 81
პარასკევი, 24 აპრილი, 2009 წელი

ვინ დაარღვია ომის კანონი...

ინტერვიუ ორგანიზაცია "HUMAN RIGHTS WATCH"-ის სამხედრო ექსპერტთან ბონი დოჩერტისთან

ამას წინათ საერთაშორისო ორგანიზაცია "HUMAN RIGHTS WATCH"- მა რუსეთ-საქართველოს ომის თაობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის კორექტირება მოახდინა: საბრძოლო მოქმედებების დროს კლასტერული იარაღით დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე შემცირდა. უფრო ადრე კი 25 ადამიანი სახელდებოდა.

იმისთვის, რომ გამერკვია, თუ რა სახის იარაღი გამოიყენა კონფლიქტის ორივე მხარემ და რა სტადიაშია საქართველოსა და რუსეთში კლასტერული იარაღის კონვენციის რატიფიცირების პროცესი, "რგქფტ კშპრეთ ცფესრ"-ის სამხედრო ექსპერტს, პროფესიით იურისტს ბონი დოჩერტის მივმართე. იგი ავღანეთში, ერაყში, ლიბანში, ისრაელში მუშაობდა. 2008-ში კი ადგილზე სწავლობდა აგვისტოს ომის შეადეგებს, ასევე აქტიურად იყო ჩართული კლასტერული იარაღის შესახებ კონვენციის შემუშავება-ამოქმედების პროცესში. ბონი დოჩერტის ისიც ვკითხე, რომელია უფრო მართებული ტერმინი: "კასეტური" თუ "კლასტერული".

- მართებულია არა "კასეტური ბომბი", არამედ "კლასტერული იარაღი". მიპასუხა მან. - ბომბი ტექნიკურად ჰაერიდან ვარდება, ხოლო კლასტერული იარაღი მიწისაა. თუ მაინც და მაინც ბომბის ხმარებაა აუცილებელი, უნდა ვიხმაროთ "კლასტერული ბომბი" და არა "კასეტური". კლასტერული იარაღი შედგება ორი ნაწილისგან: გამანაწილებლისა და პატარა, ასე ვთქვათ, "ქვეიარაღისგან", რომელიც ძირითადის შემადგენლობაში შედის. გამანაწილებელი შედგება ბუდისგან, რომელიც რაკეტას ან ბომბს ჰგავს. იგი შეიცავს და გამოუშვებს ათობითა და ათასობით პატარა ქვეიარაღს. თავად გამანაწილებელი საშიში არაა, მაგრამ როცა იგი პატარა ბომბებს შეიცავს, რეალურად საშიში ხდება. თითოეული "ქვეიარაღი" არის პატარა იარაღი, რომელიც აფეთქებებს იწვევს ან ფეთქდება მოგვიანებით, როცა მას ვინმე შეეხება.

- რატომ გადაწყვიტეთ უკვე ანგარიშში შესული ინფორმაციის შესწორება.

- როცა საქართველოს მიწაზე გაჩაღებული კონფლიქტის დროს კლასტერული იარაღის ზემოქმედებას ვიკვლევდით, 2008-ის ოქტომბერში ორი სხვადასხვა კვლევა ჩავატარეთ. მერე საქართველოში კვლავ დავბრუნდი, რათა მოძიებული ფაქტების დეტალიზირება მომეხდინა, უფრო მეტი ინფორმაცია შემეგროვებინა, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად გადაწყვეტილებები ერთად მიმეღო და მონაცემები განგვეახლებინა. ჩვენ 100 ადამიანს ინტერვიუ ჩამოვართვით, ვესაუბრებოდით ომის მოწმეებს, დაზარალებულებს, ფიზიკურ მტკიცებულებებს ადგილზევე ვაანალიზებდით.

- რა სახის იარაღი აღმოაჩინეთ და სად.

- საქართველოში საბრძოლო მოქმედებების შემდგომ კლასტერული იარაღის ოთხი სახე ვიპოვეთ. რუსეთმა გამოიყენა საჰაერო - ფწ--ბ:კექ, მიწის - ;ტ-#., გორში - ისკანდერის ტიპის იარაღი, რომელიც უცნობი სახის ბომბებს შეიცავდა. საქართველომ კი გამოიყენა მიწის - ქ85 (იგი 4 ცალ ქლ რაკეტას შეიცავს), რომელიც ისრაელისგან იყო შეძენილი. მე არ ვიცი, ეს იარაღი რომელ წლებში იქნა გამოშვებული. ვიცი, რომ 2006 წელს ისრაელმა იგი ლიბანში გამოიყენა, რაც ძალიან სეროზული კონფლიქტის მიზეზი გახდა.

აგვისტოს ომის დროს კლასტერული იარაღის ყველა მსხვერპლი ქართველი იყო. რუსულმა და ქართულმა კლასტერულმა იარაღმა მოკლა ყველაზე მცირე 16 და დაჭრა 54 მშვიდობიანი მოსახლე. თუ საკითხის მეტი დეტალიზირება გაინტერესებთ, რუსულმა კლასტერულმა იარაღმა მოკლა, როგორც მინიმუმი 12 მოქალაქე და დაჭრა - 46. ქართულმა - მოკლა 4 და დაჭრა - 8.

ჩვენ ვიყავით საქართველოს 19 ქალაქსა და სოფელში, გორსა და ქარელის რაიონებში. რუსეთმა კლასტერული იარაღი გამოიყენა ახალდაბაში, ძლევიჯვარში, გორში, ფხვენისში, რუისში, ვარიანში, ვარიანის მეურნეობაში. ორგანიზაცია ტწკცუპშფტ ზუწზდუბთ ფშვ-მა კლასტერული ქვეიარაღი იპოვა ქვემო ხვითსა და ზემო ნიქოზში. მოსახლეობა დაზიანდა გორში, რუისსა და ვარიანში. კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ საქართველომ კლასტერული იარაღი გამოიყენა ბროწლეთში, დიცში, ქვემო ხვითში, მეღვრეკისში, ფხვენისში, შინდისში, ტირძნისში, ზემო ხვითსა და ზემო ნიქოზში. მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე დაზარალდა ბროწლეთში, ფხვენისში, შინდისში, ტირძნისში.

- აქვს თუ არა ქვეყანას, რომელიც ომის დროს თავდაცვის პოზიციაშია, კლასტერული იარაღის გამოყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ აგრესორი ქვეყანა ამ იარაღს იყენებს.

- ჩვენ გვჯერა, რომ კლასტერული იარაღის გამოყენება მისაღები არ იქნება, განსაკუთრებით კი ხალხით დასახლებულ ადგილებში. ომის კანონის თანახმად, კონფლიქტის დროს ერთი მხარის მიერ ძალადობის გამოყენება მეორე მხარის ძალადობას არ ამართლებს.

რუსეთმა დაარღვია არსებული კანონი ომის შესახებ და კლასტერული იარაღი დასახლებულ ადგილებში გამოიყენა. ჩვენ არ შეგვიძლია დავადასტუროთ საქართველოს მიერ ომის კანონის დარღვევა. თუ მიზანი არ იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშის კლასტერული იარაღით მიტანა, მაშინ საქართველოს ომის კანონი არ დაურღვევია. მტკიცებულებების თანახმად გორის რაიონში ქართული კლასტერული ბომბები იარაღის გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. თუ ეს ასეა, ეს არ ითვლება ძალადობის აქტად, მაგრამ ამ იარაღის გამოყენება კვლავ აბსოლუტურად მიუღებელია მისი საშიში შედეგების გამო. ჩვენ არ გამოგვიკვლევია სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ კლასტერული იარაღის გამოყენება, მაგრამ საქართველომ თავად უნდა გამოიძიოს, მოხდა თუ არა სამხრეთ ოსეთში ომის კანონის დარღვევა.

რუსეთმა და საქართველომ ხელი არ მოაწერეს კლასტერული იარაღის კონვენციას (იგი კრძალავს მის გამოყენებას), რომელიც 2008 წლის დეკემბრიდან ამ ხელმოწერისთვის ღიაა.

- დღესდღეობით რომელი ქვეყნები იყენებენ ამ იარაღს და რატომაა იგი ასე საშიში.

- არ ვიცი, 2008 წლის აგვისტოს შემდგომ რომელიმე ქვეყანამ გამოიყენა თუ არა კლასტერული იარაღი. ვიცი, ის, რომ ბოლო რამდენიმე დეკადის განმავლობაში, როგორც მინიმუმი, 15 სახელმწიფომ, ისევე როგორც არასახელმწიფო საჯარისო ფორმირებებმა, კლასტერული იარაღი 32 ქვეყანაში გამოიყენეს.

კლასტერული იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საშიშია ორი მიზეზის გამო. უპირველესად, მას აქვს მოქმედების ფართო არეალი, რაც აფეთქების დიდ ამპლიტუდას გულისხმობს. ამგვარი მახასიათებელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ დაზიანებას იწვევს. მეორე: კლასტერი არ ფეთქდება მაშინვე. ის მიწაზე აგდია, როგორც მიწის ნაღმი და კონფლიქტიდან რამდენიმე თვის მერე ადამიანთა სიკვდილსა და დაზიანების მიზეზი ხდება. არსებული ომის კანონი კრძალავს ამგვარი იარაღის გამოყენებას, ახალი კონვენცია კი - ამ იარაღის წარმოებას, დაგროვებასა და გავრცელება-ტრანსპორტირებას.

- რა სახის სანქციები დაწესდება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც კლასტერულ იარაღს გამოიყენებს.

- ქვეყნებს, გაეროს, რეგიონალურ ორგანიზაციებსა და არასამთავრობოებს მხოლოდ გაკიცხვა შეუძლიათ. ოფიციალურად სანქციები დაწესებული არ იქნება.

- ამ იარაღის რა მარაგია საქართველოსა და რუსეთში.

- არ ვიცი, რამდენი აქვს იგი საქართველოს. ჩვენი გამოთვლით რუსეთს მილიონობით კლასტერული იარაღი აქვს დაგროვილი. საჯარო ინფორმაციის მიხედვით, რუსეთს ამ იარაღის 16 ტიპი აქვს (საქართველო ფლობს ქ85-ს). რუსეთს ასევე აქვს კლასტერულის ორი ძველი მოდელი. თუმცა როცა მათი შენახვის ვადა იწურება, ისინი დაშლას ექვემდებარება. როგორც მინიმუმი, 34 ქვეყანა 210 ტიპის კლასტერულ იარაღს აწარმოებს. 13 ქვეყანა ავრცელებს 50-ზე მეტ კლასტერულ იარაღს და უგზავნის 60 სხვა ქვეყნის როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო შეიარაღებულ ჯგუფებს. რუსეთი ჩეჩნეთში ამ იარაღს იყენებდა 1994-1996 წლებსა და 1999-ში. ამ იერიშების დროს ორგანიზაცია რფტვშსფზ შტეუკტფეშწტფდ-ის მონაცემების მიხედვით 636 დაშავდა, მათ შორის 301 დაიღუპა. სსრკ კლასტერულ იარაღს ავღანეთში იყენებდა.

კლასტერული იარაღის აღრიცხვა ყოველთვის რთული პრობლემა იყო, რადგანაც მისი შესწავლა საველე პირობებში მუშობას გულისხმობს. მისი აღრიცხვა მისი გამომყენებელი სახელმწიფოებისგანაც პასუხს მოითხოვს. საქართველოში მუშაობისა და აგვისტოს კონფლიქტის კვლევის დროს ჩვენ არანაირი უჩვეულო სირთულეები არ შეგვქმნია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსეთი კვლავ განაგრძობს იმის უარყოფას, რომ მან ეს იარაღი აგვისტოს ომის დროს გამოიყენა.

ია მერკვილაძე,

"სრ" საკ. კორ. ნიუ-იორკი, აშშ



(c) გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2009 წელი


მოგვწერეთ opentextge@gmail.com