"საქართველოს რესპუბლიკა "
# 186
პარასკევი, 18 სექტემბერი, 2009 წელი

ქართული სოფელი კვდება!

ანზორ თოთაძე

მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რომელიც ჩატარდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოში 3 668 სოფელი აღირიცხა. 3050 სოფელში ეროვნებით ქართველი მოსახლეობა ჭარბობდა; 171 სოფელში - აზერბაიჯანელი მოსახლეობა; 139-ში - სომეხი; 103-ში - ოსი; 26-ში - ბერძენი; 8-ში ქისტი; 3-ში - რუსი; 4-ში ავარელი და ა.შ. სოფლის მუდმივმა მოსახლეობამ 2 087 ათასი კაცი შეადგინა, ანუ ორი უკანასკნელი აღწერათშორის პერიოდში (1989-2002 წლებში) 323 ათასი კაცით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სოფელთან შედარებით ქალაქად უფრო ინტენსიური შიდა მიგრაციული პროცესების გამო, აღნიშნულ პერიოდში სოფლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 44,6 პროცენტიდან 47,7 პროცენტამდე გაიზარდა.

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით 5000 კაცზე მეტი 28 სოფელში ცხოვრობდა, მათ შორის: პირველ ადგილზეა მარნეულის რაიონის სოფელი სადახლო - 9 486 კაცი; მეორე ადგილი უკავია მცხეთის რაიონის სოფელ დიღომს - 8746; მესამე - თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალას - 8270 კაცი და ა.შ.

ამჟამად საქართველოში ბევრი სოფელი გაუკაცრიელდა - გაცივდა უკანასკნელი კერა. დაცარიელებული სოფლები კი უფრო საშიში სანახაობაა, ვიდრე უდაბნო. აკი დიდი ვაჟაც გულისტკივილით აღნიშნავდა: "რა საშინელი, შემაძრწუნებელი სიტყვაა "ნასოფლარი". 2002 წლის აღწერის მიხედვით 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 10 კაცი და ნაკლები მოსახლეობაა 152 სოფელში. ხოლო 905 სოფელში ანუ ქვეყანაში არსებული სოფლების 25 პროცენტში 100 კაცამდე ცხოვრობს. ბევრ სოფელში, სადაც ადრე ასობით კაცი ცხოვრობდა, ათიოდე კაციღა დარჩა, ზოგან კი - ორი-სამი. განსაკუთრებით შემცირდა მოსახლეობა საქართველოს ისტორიულ კუთხეებში - რაჭაში, ლეჩხუმში, სვანეთსა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში. მაგალითად, მოსახლეობის საგანგაშო კლებას აქვს ადგილი რაჭაში, სადაც 1939 წელს 67 ათასი, ხოლო 2008 წელს 23,6 ათასი კაცი ცხოვრობდა. ასე რომ, მარტოოდენ მამაპაპური კერის სიყვარულის ლიტონი ქადაგება მოსახლეობის ბარისაკენ ლტოლვას ვერ შეანელებს, თუ მთაში ხელისუფლებამ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური ღონისძიებები არ განახორციელა. მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან გაუკაცრიელებული ქართული სოფლების დაკავების არაერთ მცდელობას ჰქონია ადგილი. ამიტომ საჭიროა საქართველოს მთიანეთის სამეურნეო ათვისების რეალური პროგრამის შემუშავება და არა "მამაცური ფრაზების ბავშვურად სროლა".

მდგომარეობა, მართლაც, საგანგაშოა. ის, რომ 152 სოფელში 10 კაცამდე ცხოვრობს, ან თუნდაც ყოველ მეოთხე სოფელში (905 სოფელი) 100 კაცამდე ცხოვრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სოფლებში ძირითადად მოხუცებია დარჩენილი უგზოობის, უშუქობის და ყოველგვარი ინფრასტრუქტურის გარეშე, რომლებიც უიმედოდ ითვლიან თავიანთი ცხოვრების დარჩენილ დღეებს.

ყოველივე ზემონათქვამი არა მარტო ჩვენი თანამემამულეების გაუსაძლის პირობებში ცხოვრების დიდი ტრაგედიაა, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით უმძიმესი პრობლემაა. ფაქტობრივად, ჩვენი ჩრდილოეთის საზღვარი მოფარღალავებულია. რაჭასა და თუშ-ფშავ-ხევსურეთში 40 ათასი კაციც არ ცხოვრობს და ისინიც ფაქტობრივად მოხუცებია. ჩრდილოეთის საზღვართან მდებარე სოფლები ან გაუკაცრიელებულია ან ამ სოფლებში თითოოროლა კაცი თუ ცხოვრობს. მაგალითად, პირიქითა ხევსურეთის სოფელ ახიელში 1886 წელს 241 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად მხოლოდ 6 კაცი ცხოვრობს, ამღაში ეს მაჩვენებელი შესაბამისად 194 და 31 კაცს უდრის, ხოლო ჭიმღაში - 72 და 5 კაცს. ანალოგიური ვითარებაა სხვა სოფლებშიც. კერძოდ, ვაჟა-ფშაველას სოფელ ჩარგალში 1886 წელს 347 კაცი ცხოვრობდა, ამჟამად იქ 100 კაცი ცხოვრობს, სოფელ შუაფხოს მოსახლეობის რაოდენობა ამავე პერიოდში 215 კაციდან 38 კაცამდე შემცირდა, სოფელ მათურაში - 276 კაციდან 3 კაცამდე და ა.შ.

უახლოეს პერსპექტივაში მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილებების შედეგად საქართველოს სოფლის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები საგრძნობლად გაუარესდება. ამჟამად სოფლად გაცილებით ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე ქალაქად, მაშინ, როდესაც ადრე პირუკუ მოვლენას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 1970 წელს საქართველოში 90 207 ბავშვი დაიბადა, აქედან ქალაქად 42 781 და სოფლად 747 426 ბავშვი, ანუ სოფლად დაბადებული ბავშვები მთლიანად ქვეყანაში დაბადებული ბავშვების 52,6 პროცენტს შეადგენდა. 2008 წელს საქართველოში 56 565 ბავშვი დაიბადა, აქედან ქალაქად 39 206 ბავშვი (69,3 პროცენტი) და სოფლად მხოლოდ 17 359 ბავშვი (30,7 პროცენტი). ამავე პერიოდში, კერძოდ, 1970 წელს მხოლოდ თბილისში დაბადებული ბავშვები მთლიანად ქვეყანაში დაბადებული ბავშვების 17,9 პროცენტს უდრიდა, ხოლო 2008 წელს - 26,7 პროცენტს. შესაბამისად შობადობის კოეფიციენტები გაცილებით უკეთესია ქალაქად, ვიდრე სოფლად. კერძოდ, 2008 წელს მოსახლეობის ყოველ ათას კაცზე ქალაქად 17,0 ბავშვი დაიბადა, მაშინ როდესაც სოფლად ყოველ 1000 კაცზე მხოლოდ 8,4 ახალშობილი მოევლინა ქვეყანას.

აღნიშნულ მოვლენაზე რომ ნათელი წარმოდგენა ვიქონიოთ, უპირველეს ყოვლისა, შემდეგ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება. გაუსაძლისი ეკონომიკური პირობების გამო უკანასკნელ წლებში უაღრესად ინტენსიური გახდა არა მარტო გარემიგრაციული, არამედ შიდამიგრაციული პროცესებიც. სოფლის მოსახლეობა მაინც უპირატესად შიდამიგრაციულ პროცესშია ჩართული. 2002 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით წინა 9 წლის განმავლობაში 437 232 პირმა შეიცვალა ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილი. ადამიანთა უმეტესობა საცხოვრებელ ადგილს იცვლიდა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით. ამ აბურდულ ცხოვრებაში, ალბათ, ბევრს არც გაუმართლდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველო დატოვა და სხვა ქვეყნებში წავიდა ბედის საძებნელად, მაშინ მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა, ანუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის თითქმის მესამედმა გარე (საერთაშორისო) და შიდა მიგრაციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსახლეობის 2002 წლის აღწერით 9 წელიწადში ქვეყნის შიდა მიგრაციამ, ძირითადად სოფლიდან ქალაქად, 437 ათასი კაცი შეადგინა და აქედან 423 ათასი კაცი (96,8 პროცენტი) ქართველი იყო. ამრიგად, თითქმის მთლიანად ქართველი მოსახლეობისაგან იცლება სოფლები. აღნიშნულ 9 წელიწადში საქართველოში საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა მხოლოდ 4309 აზერბაიჯანელმა (შიდა მიგრაციაში მონაწილე მოსახლეობის მხოლოდ 1,0 პროცენტმა) და 3967 სომეხმა (0,9 პროცენტმა).

სოფლიდან ქალაქად მიგრირებულთა უმეტესობა ახალგაზრდა, ფერტილურ პერიოდში მყოფი ქალები არიან. დემოგრაფიაში ფერტილური პერიოდის დასაწყისად მიჩნეულია 15 წელი, ხოლო დასასრულად - 49 წელი. ამრიგად, ფერტილური პერიოდი შეადგენს საშუალოდ 35 წელს. 15-49 წლების ასაკში მყოფი ქალების რაოდენობა აღწერის მიხედვით 2002 წელს ქალაქად 654 ათას, ხოლო სოფლად - 506 ათას ქალს უდრიდა. ამრიგად, ფერტილურ ასაკში ქალაქად, სოფელთან შედარებით, 148 ათასი ქალით მეტია. ამასთან, ბავშვთა შობის (შვილიერების) ყველაზე უფრო ხელსაყრელი ასაკია 20-29 წლები. დაბადებულ ბავშვთა 60-70 პროცენტი ამ ასაკის ქალებზე მოდის.

.

(დასასრული იქნება)



(c) გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი




2009 წელი


მოგვწერეთ opentextge@gmail.com