მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-15
"ბანკი ქართუ" საკანონმდებლო ცვლილებებით შეშფოთებულია

ბანკი "ქართუს" განცხადებით, ხელისუფლების მიერ წარმოებული უსამართლო პოლიტიკის შედეგად ბანკიდან 45 მლნ ლარის დეპოზიტების გადინება მოხდა. "ინტერპრესნიუსი" ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"ბანკი ქართუ" ისურვებდა, რომ ბოლო დროს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სამართლიანი სამართლის ინტერესები ედოს საფუძვლად. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო მოქმედებებს საფუძვლად მხოლოდ პოლიტიკური მიზნები უდევს. ბანკის მესაკუთრის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ახლობლების დაპატიმრებები, ტერორი მის სამშენებლო ობიექტებსა თუ სს ,,ქართუ ჯგუფის" სხვა ქონებაზე, საინკასაციო მანქანისა და ბანკის კუთვნილი მსხვილი თანხების დაყაჩაღება) "შავი ფულის გათეთრების" აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებით, გაუგონარი ზეწოლა კლიენტებზე, რის შედეგადაც ბანკიდან დეპოზიტების გადინების საერთო თანხამ თითქმის 45 მლნ ლარი შეადგინა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ უკანონო ქმედებებისა, რაც ხელისუფლებამ უკვე განახორციელა. ყველაფერი დაიწყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წლის 7 ოქტომბერს გაკეთებული საჯარო განცხადების შემდგომ, როდესაც მან საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის სურვილი გამოხატა.
ხელისუფლების წარმომადგენლების უკანონო მოქმედებებს რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნები უდევს საფუძვლად, კიდევ ერთხელ დაადასტურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ბატონმა პეტრე ცისკარიშვილმა. მან ა.წ. 8 ნოემბერს საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა: "საინტერესოა, რა მოხდება, ასეთი პიროვნება (მხედველობაშია ბიძინა ივანიშვილი), ებრაული წარსულითა და გვარით, დამასკოთი ან ისრაელის სახელმწიფოსთან სხვა დაპირისპირებული დედაქალაქით მართული, ისრაელში რომ ჩასულიყო და პროცესების მართვა მოესურვებინა. რომ მოეთხოვა მოქალაქეობა უნდა მივიღოო, ბანკებიდან ფული ჩემი საინკასაციო მანქანებით აქეთ-იქით უნდა ვატაროო... ასეთი განცხადებები რომ გაეკეთებინა იერუსალიმსა და თელ-ავივში, მას ვინმე გააჩერებდა. იფუნქციონირებდა პოლიტიკურად. ერთი წამით მაინც დაფიქრდით".
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადება ნათელს ხდის, რომ "ბანკი ქართუს" კუთვნილი საინკასაციო მანქანა ორ მილიონ აშშ დოლართან და ერთ მილიონ ევროსთან ერთად უკანონოდ არის ხელყოფილი პოლიტიკური და არა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით.
აღნიშნულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონიც ,,საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ". ამ კანონით სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი რედაქციით არის წარმოდგენილი და ა.წ. 7 ნოემბრიდან უკვე ამოქმედებულია შესული ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 823-ე მუხლი.
ეს ცვლილება სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს საბანკო სისტემას, ლახავს მისი, ასევე მთლიანად ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს, რამდენადაც შექმნილ საკანონმდებლო გარემოში ბანკი, როგორც პირველი რიგის იპოთეკარი, ფაქტობრივად აღარ წარმოადგენს უზრუნველყოფილ კრედიტორს და თუ იპოთეკის რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდება, რომ საგადასახადო გირავნობაჰიპოთეკის წარმოშობის საფუძვლები არსებობდა ბანკის იპოთეკის რეგისტრაციამდე (თუმცა მოგვიანებით გამოვლინდა), მაშინ პირველ რიგში დაკმაყოფილდება საგადასახადო გირავნობაჰიპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა და მხოლოდ შემდეგ (თუ რამე დარჩა) ბანკის მოთხოვნა, რაც უგულებელყოფს საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისწორის პრეზუმფციას და ფაქტობრივად უარყოფს იპოთეკის არსსა თუ საყოველთაოდ აღიარებულ ფუნდამენტურ პრინციპებს.
ბანკების მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, თუ ბანკის კლიენტი ბანკში ჩადებული ქონების, მცირედი თანხის გადახდით, დაბრუნების მიზნით გაურიგდება შემოსავლების სამსახურს და თავად გახდება ე.წ. დარღვევის, ანუ საგადასახადო გირავნობაჰოპოთეკის წარმოშობის საფუძვლების ,,აღმოჩენაში" დამხმარე პირი.
რა მოცულობის ვოლუნტარიზმი მოჰყვება ამ ცვლილებებს, ძნელი გასათვლელია, მით უფრო, რომ ჩვენი ბანკის მმართველობის ძველი გუნდის, სავარაუდოდ, გააზრებული პოლიტიკის შედეგად, მსხვილი მსესხებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების ოდიოზური ფიგურების კონტროლქვეშაა და გამორიცხული არ არის, ერთობლივად დაგეგმილი და ღრმად შენიღბული ახალი პროვოკაციები ვიხილოთ.
ცხადია, ასეთ ვითარებაში საკრედიტო დაწესებულებები არაპროგნოზირებად გარემოში ექცევიან და საბანკო სისტემის მდგრადობის ცნება მეტად მყიფე და საგადასახადო ორგანოების ,,კეთილ ნებაზე" დამოკიდებული ხდება, რაც უთუოდ შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს დეპოზიტართა და ბანკების სხვა კრედიტორთა ფულადი სახსრების დაცულობის საიმედოობას, ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის იპოთეკური საკრედიტო ოპერაციების განხორციელება-გაფართოებას.
სს ,,ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობის შეშფოთებას აძლიერებს ის გარემოება, რომ ორიოდე წლის წინათ, ზუსტად ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა დაიბლოკა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საბანკო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით; თუმცა დღეს არც საქართველოს ეროვნულ ბანკს, არც საბანკო ასოციაციასა და არც ერთ კომერციულ ბანკს მინიმალური პროტესტიც არ გამოუთქვამს აღნიშნულ საკითხზე, რაც უფრო მეტ საფუძველს უქმნის ეჭვს, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა პოლიტიკურადაა მოტივირებული და მხოლოდ სს ,,ბანკი ქართუს" სადამსჯელო ოპერაციად გამოიყენებენ; მით უმეტეს, რომ ცვლილებები ორგანულად ჯდება ბატონ ბიძინა ივანიშვილისა თუ საქართველოში მისი საკუთრების წინააღმდეგ განხორციელებული მრავალი უკანონო აქტის კონტექსტში .
ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მათ უზარმაზარი ფულადი თუ ინტელექტუალური რესურსი აქვთ ჩადებული საქართველოში ცივილიზებული საბანკო ინსტიტუტების ჩამოყალიბება-განვითარებაში და ხშირ შემთხვევაში, თავად არიან ქართული საბანკო დაწესებულებების მნიშვნელოვანი წილის მფლობელები.
სს "ბანკი ქართუ" გამოთქვამს რა საფუძვლიან შეშფოთებას საქართველოს საბანკო სისტემაში ბოლო პერიოდში, მათ შორის ზემოთ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დამოკიდებულებაში შექმნილი ვითარების გამო, მოუწოდებს საქართველოს ეროვნულ ბანკს, საბანკო ასოციაციას, საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, პრინციპული შეფასება მისცენ ჩვენი ბანკის ირგვლივ შექმნილ რეალობას, რაც უთუოდ დამღუპველად იმოქმედებს მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორზე და წინ აღუდგნენ ბანკებთან პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების მცდელობის თითოეულ შემთხვევას", - ნათქვამია განცხადებაში..








კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი