მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-11-15
არჩევნის ზღვარზე, ანუ ვდგავართ თუ არა ახალი "იზმის" წინაშე ?

მაპატიე, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ ეს წერილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მრავალჯერ გამეორებული და უკვე გაცვეთილი ფრაზით უნდა დავიწყო: - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ ძალიან დიდი ძვრები გამოიწვია!
დიახ, ნამდვილად დიდი ძვრები გამოიწვია.
არადა ყველასათვის ცნობილია, რომ ნებისმიერმა ცვლილებამ, ნებისმიერმა "შეჯანჯღარებამ", ანუ ე.წ. "სტატიკური" მდგომარეობიდან ამ შემთხვევაში კი სტაგნაციური მდგომარეობიდან", თუნდაც სულ მცირე გადახრამაც კი შესაძლოა ისეთი კატაკლიზმები გამოიწვიოს, რომლის შედეგების გამოსწორებას რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს (შეგახსენებთ ე.წ. "პეპლის ეფექტს": - პეპელამ ტრანსილვანიაში რომ ფრთები დაიქნიოს, ამას შეიძლება კალიფორნიაში ქარიშხალი მოჰყვეს).
ბუნებრივია, რომ ყველა პლუსს, თავისი მინუსიც ახლავს და ყველა მინუსს, თავისი პლუსი, მაგრამ "გრანდიოზული რყევების" მაინცადამაინც ნუ შეგეშინდებათ. რაც არ უნდა იყოს, მაინც საქართველოში ვართ და არა სადმე საბერძნეთსა თუ იტალიაში (იმედია მიხვდით, თუ რატომ ვახსენე ეს ორი ქვეყანა) და ამიტომ მშვიდად, აუჩქარებლად და ყოვლად უემოციოდ შევაფასოთ არსებული რეალობა.
შევაფასოთ ყოვლად უემოციოდ და თითოეული პუნქტი შეძლებისდაგვარად განვიხილოთ, რადგანაც თუ უემოციოდ შევხედავთ, ავტომატურად ჩნდება სიტყვა "მაგრამ".
დიახ, სწორედ ის "მაგრამ", რომელსაც ზოგჯერ ცივი წყლის გადასხმა და ზოგჯერ შეცდომებისგან თავის არიდება შეუძლია.
მაშ ასე, დავიწყოთ:

მოხდა ქართული მედიასივრცის სრული ლუსტრაცია
მოხდა და როგორც საქართველოს მოსახლეობამ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და მასზე დაქვემდებარებული მედიასაშუალებების ლექსიკონში ტერმინი "თავისუფალი სიტყვა", არ არსებობს.
ეს ერთის მხრივ კარგია, რადგანაც უკვე მივიწყებულ ლოზუნგში, "რუსთავი 2" - დეზინფორმატორი", "იმედმა", საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, "ტაბულამ", "პრესა.გე"-მ, "რეალ-ტვ"-მა და კიდევ ზოგიერთმა გამოცემამ თავიანთი ადგილი იპოვეს.
კარგია, რადგანაც მოსახლეობამ სწორად შეაფასა როგორც ზოგიერთი ტელეკომპანიისა თუ გამოცემის, ასევე ზოგიერთი ვითომდა "თავისუფალი ჟურნალისტის" მისწრაფებები და დაინახა მათი ნამდვილი სახე.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ...
აღმოჩნდა, რომ ამდენი წელი "მწარედ გვატყუებდნენ".
აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ანუ ის ხალხი, ვისაც ბეჭდურ მედიაზე ხელი არ მიუწვდება, ინფორმაციულ მირაჟში ყოფილა.
აღმოჩნდა, რომ ყველა ის ტელეკომპანია, რომლებიც მთელს საქართველოს ფარავენ, ხელისუფლების დაკვეთას, ანუ ხალხის მოტყუების და "ტვინის გამორეცხვის" მეტს არაფერს არ აკეთებდნენ.
აღმოჩნდა, რომ ამ მედიასაშუალებების ეთერით გადაცემული ნებისმიერი გადაცემა (პოლიტიკური თოქ-შოუ იქნება ეს, მუსიკალური გადაცემა, სერიალი, თუ კომედიური პროგრამა) მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის "დაბოლების" მეთოდი ყოფილა და ჩვენი "საყვარელი ჟურნალისტები", ტელეწამყვანები, თუ "მსახიობები", ჩვეულებრივი ჩინოვნიკები არიან.
ის ჩინოვნიკები, რომლებიც "პირუთვნელად" ასრულებენ "დებულებით" გათვალისწინებულ მოვალეობებს და არა მარტო არსებულ რეალობას ამახინჯებენ (ძალიან რბილად რომ ვთქვა), არამედ აუხდენელი ოცნებების ტყვეობაში ამყოფებდნენ საზოგადოების დიდ ნაწილს.
აღმოჩნდა, რომ არც ზოგიერთი "ოპოზიციურად" განწყობილი მედიასაშუალების მფლობელებიც არ ყოფილან "ფრთიანი ანგელოზები". ისინი ხშირად მერკანტილურ ინტერესებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ხალხის პრობლემებზე.

მოხდა პოლიტიკური სპექტრის ნაწილობრივი ლუსტრაცია
ანალოგიური სიტუაცია მოხდა ე.წ. "ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც".
აქაც საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა პროცესები.
ნათლად გამოჩნდა, თუ ვინ "ათამაშებდა ერთ ადგილს" ამდენი ხნის განმავლობაში და ვინ იყო ნამდვილი ცვლილებებისთვის მებრძოლი.
ნათლად გამოჩნდა ხელისუფლების სილაჩრე.
გამოცოცხლდა დაჭაობებული პოლიტიკური გარემო.
საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოში ჩამკვდარი დემოკრატიული ინსტიტუტების ამუშავების გარკვეული იმედი გაუჩნდა.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ...
ივანიშვილის კართან გაკოტრებული პოლიტიკანების რიგი დადგა. იმ პოლიტიკანების, რომლებიც უკვე კარგა ხანია, მიმხვდარნი იყვნენ, რომ მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ადგილი "პარაშასთან" იყო, მაგრამ ივანიშვილის "ფრთის ქვეშ დაბუდრებით" მათ ისევ "თეთრ რაშზე ამხედრების" სურვილი დაუბრუნდათ.
რესპუბლიკელებსა და ალასანიაზე "სტავკის" გაკეთებით, ასევე ზოგიერთ პოლიტიკოსსა თუ "პერებეზჩიკზე" დადებითი შეხედულებების გამოთქმით, ივანიშვილმა საზოგადოებაში ქართული ოცნების ასრულების იმედი დაამუხრუჭა.
დაამუხრუჭა, რადგანაც ყველასათვის ცნობილია, რომ რესპუბლიკელებისა და ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოში მოკალათებული ზოგიერთი ადამიანის "ქართული ოცნება", სულაც არ არის ქართული. მათი ოცნება უფრო "თავისუფლების ინსტიტუტის" ოცნებას ჰგავს (შეიძლება თამამად ითქვას, რომ "ჰგავს" კი არა, უარესიცაა).
ამ "მაგრამთან" დაკავშირებით კითხვები ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა.
სოციალურ ქსელ ფეისბუკზე შეიქმნა გვერდი სახელწოდებით "რა შეკითხვით მიმართავდით ბიძინა ივანიშვილს", რომელზეც სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანებმა, მრავალი შეკითხვა დასვეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
1. ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, ჟურნალისტი, ბიზნესმენი:
ჩემო ბიძინა, მე ის კატეგორია ვარ, რუსეთის ხელს რომ ხედავს თქვენს გაპოლიტიკოსებაში, მაგრამ წლებია ვარ "რესპების" ამომრჩევლი. კი ვარ ახლა "გაჭედილი დასაკლავი ვარიასავით" - "რესპები" მიყვარს, თქვენი გულწრფელობის კი, არ მჯერა. მინდა გთხოვოთ, რაიმე მითხრათ, მე რიგით მოქალაქეს ისეთი, რომ დაგიჯეროთ. დამამშვიდეთ - რას უქადით ამ საცოდავ ქვეყანას. უკან რუსული ლომის ხახაში, თავისი წეს-ჩვევებიანად ხომ არ შეგვაბრუნებთ.
2. ლიკა-ხატია ყარალაშვილი, მხატვარი:
რატომ აიყვანეთ პირად ვექილად ეკა ბესელია და ხომ არ აპირებთ პოლიტიკური გვამების გაცოცხლებას.
3. ირაკლი ჟვანია, მოქანდაკე:
ბატონო ბიძინა, თუ მოხვალთ ხელისუფლებაში და არ გააკეთებთ იმას, რასაც დღეს ამბობთ, რა მექანიზმი გვექნება, რომ ხელისუფლებიდან "ჩამოგაშოროთ". თუ კვლავ რევოლუცია უნდა მოვაწყოთ ან თქვენს საპირწონედ ახალი ოლიგარქი ვეძებოთ.
(ამ შეკითხვებზე ჩემს კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ, როგორც ხედავთ, თვით "რესპების" (რესპუბლიკელები) "ფანებსაც" არ ეხატებათ გულზე ბიძინა ივანიშვილი. არ "ეხატებათ", რადგანაც მისი პიროვნება მაინც იმ ქართულ ოცნებასთან იგივდება, რაც "რესპების" ოცნებისგან საკმაოდ შორს დგას).
ივანიშვილის მიმართ გაჩენილი შეკითხვების პარალელურად გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება, რომელთა ცივ გონებაზე (ვიმეორებ: - "ცივ გონებაზე") წაკითხვა მომავალი პროცესების განვითარებისადმი საკმაოდ სერიოზულ დაფიქრებას გვაიძულებს.
გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს (ავტორის გვარს სპეციალურად არ ვუთითებ, რადგანაც მის მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და არ მინდა, რომ მოსაზრების შეფასებისას ავტორის პიროვნებამ იქონიოს გავლენა).
"მესიის მოლოდინში დაბრმავებული ხალხი. აი გამოჩნდა ახალი მესია - დათო და ლევან ბერძენიშვილები თეთრ რაშზე, იქით ალასანია - ფასკუნჯზე. აი გაიხსნა ცა და გამოჩნდნენ რესპუბლიკელები,შეეგებეთ ახალ მესიას მათი სახით, თუ გინდათ ცისკარზე ილოცეთ მათზე,ხოლო იმ ხალხს, ვინც საქართველოს და ეროვნულობას იცავდა, შავრაზმელები დაუძახეთ და განდევნეთ, უეჭველად წინ წახვალთ.უბრალოდ სოროსის ერთი სოროდან მეორე სოროში შეყოფთ თავს. ეეჰ, ესე იყო ზუსტად 2003 წელს, მაშინ როდესაც იგივე ხალხი მიშას ელოდებოდა მესიად, თავის სოროსთან და რესპუბლიკელებთან ერთად.რამ დაგაბრმავათ... ნუთუ არავის შეგწევთ ძალა შეუძახოთ მაინც, რომ რესპუბლიკელებთან ერთად ეროვნული საქმე არ გაკეთდება. თორემ გნახავთ 1 წელში მათ მლანძღველთა და მაგინებელთა რიგში და მერე დაიწყება - შევცდი, მე რა ვიცი ვინ იყვნენ ეს რესპუბლიკელებიო და ა.შ.მერე მართლა გვიან იქნება".
არც ამ მოსაზრებაზე გავაკეთებ კომენტარს. არ გავაკეთებ და უბრალოდ ვიტყვი, რომ აბანოსი არ იყოს, "თეთრიც კარგად ჩანს და შავიც".

ხალხი გამოფხიზლდა და ცვლილებების იმედი გაუჩნდაგამოფხიზლდნენ.
გამოფხიზლდნენ და არა მხოლოდ იმათ, ვინც არჩევნების დროს ასე თუ ისე, მაინც იხდიდა თავის მოქალაქეობრივ ვალს, გაუჩნდა რეალური ცვლილებების იმედი, არამედ იმათაც, ვინც პოლიტიკურ პროცესებში ნებისმიერი სახით მონაწილეობის მიღების წინააღმდეგი იყო და მრავალწლიან დარდს უბანში, მეზობლებთან "ნწუ, ნწუ, ნწუ, რას გვიშვება ეს მთავრობას" ძახილში ახშობდა.
"ქართუ ბანკის" წინააღმდეგ განხორციელებული ყაჩაღობის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა ამ ბანკში ანგარიში გახსნა და ამით თავიანთი პოზიცია დააფიქსირა.
გაირღვა ინფორმაციული ვაკუუმი.
რეგიონებში დარჩენილი ხალხი, ის ხალხი, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ვითარებას "კურიერების" საშუალებით გებულობდა და "გაზაფხულის მათ ქუჩაზე მოსვლის" მოლოდინში "100-პროცენტიანი დასაქმებულობისგან" დარჩენილ თავისუფალ დროს სერიალების, მაიკო ასათიანის, ნანუკას და "კომედი" შოუების ცქერაში ატარებდა, ცოტა "აზრზე მოვიდა".
რა თქმა უნდა, საზოგადოების ასეთი გააქტიურება კარგია, მაგრამ...
მოქალაქეების ინდიფერენტული ნაწილი იმდენად მიეჩვია უმუშევრობას (დიახ, სამწუხაროდ "მიეჩვია"), რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, მისი ქველმოქმედების "გაზიარების"იმედად მიაჩნიათ.
"ქართუ ბანკის" ახალი მეანაბრეების გვარიანი ნაწილი, მათ მიერ შეტანილ თანხებზე ორი ნულის მიწერას თუ არა, გაორმაგებას მაინც ელოდება (ეს მეც ვიცი და თქვენც. ამიტომ ახლა არ მითხრათ "როგორ გეკადრებაო". ყველას შეგვიძლია ასეთი "მხარდამჭერების" გარკვეული რაოდენობის ჩამონათვალის გაკეთება და ყველამ ვიცით მათი პოლიტიკური "კრედო". ისინი ხშირად გვინახავს მიტინგებზე, საპროტესტო აქციებსა თუ ღონისძიებებზე 10, 15, თუ 20 ლარის მოლოდინში. ამიტომ ამაზე საუბარს არ ვაპირებ).

ხელისუფლება შეშინდა
ხელისუფლება უბრალოდ კი არ შეშინდა, მაგრადაც დაფრთხა.
დაფრთხა და რამდენიმე დიდი შეცდომაც დაუშვა.
ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, "ქართუ ბანკის" საინკასაციო მანქანის დაყაჩაღება, ორგანიზაციებისთვის "ქართუ ბანკის" მომსახურებაზე უარის თქმის იძულება, ივანიშვილის მხარდამჭერებზე ზეწოლის განხორციელება, პრესკონფერენციაზე ჩადენილი სისულელე, "მეტრომანის" ბარათებზე ხუთი ლარის ჩარიცხვა და სხვა მრავალი სისულელე, ამ ხელისუფლების "ჩამოუშლელობის" შესახებ არსებულ მითს ფაქტობრივად აცამტვერებს.
დიპლომატიური კორპუსის მთელი შემადგენლობის "ხლება", ჯერ არ დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერის სახლში...
ეს ერთის შეხედვით შესანიშნავია, მაგრამ...
მაგრამ ეს მხოლოდ ერთის შეხედვით.
გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ არც ეს ხელისუფლებაა ჯაბანი.
მათაც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი აქვთ (საქართველოში არსებული ყველა საწარმო, "ვისოლი" იქნება ეს, "საქართველოს ბანკი" თუ სოფელ ჭანჭიეთის" შესასვლელში მდგარი "ბუტკა", ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონტროლდება).
მათ საკმაოდ სოლიდური ადმინისტრაციული რესურსი აქვთ ფინანსურ თუ კრიმინალურ მაქინაციებში გახვეული ადამიანების სახით (პოლიცია, ჯარი, სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანები, ასევე კერძო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხი, რომლებსაც საკმაოდ ნორმალური ხელფასები აქვთ და რომლებისთვისაც ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება, პირადი კეთილდღეობის ეჭვქვეშ დაყენების ტოლფასია. ასეთ დროს მხოლოდ მათი პირადი იდილია კი არ ინგრევა, ისინი არა მხოლოდ გაუსტუმრებელი კრედიტების, არამედ ზრდადი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის წინაშეც დგებიან".
ახალგაზრდები (ამ თემას არ შევეხები, რადგანაც არ მინდა ვილაპარაკო იმ ნიჰილიზმზე, იმ გაუნათლებლობაზე, იმ მერკანტელიზმზე, რაც დღევანდელი ახალგაზრდობის საკმაოდ დიდ ნაწილში "წარმატებულად განხორციელებულმა" განათლების რეფორმამ ჩანერგა)!
და რაც ყველაზე მთავარია:
ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელებს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ყოველთვის სჯაბნიდნენ.
დიახ, სჯაბნიდნენ ყოველთვის და ყველაფერში.
ბოკერია ყოველთვის "უჯოკრავდა" ხიდაშელს.
კუბლაშვილი - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" (წარმოგიდგენიათ, ერთი სჯობნიდა ამხელა ორგანიზაციას).
მერაბიშვილი - ყველა დანარჩენს (გავაგრძელო. მე მგონი, არ ღირს").
მოკლედ რომ ვთქვა, როდესაც სააკაშვილი თავისი "ნაკრებისთვის" ხალხს არჩევდა, "შესარჩევ ტურნირში" რესპუბლიკელებმა ვერც ერთი "ლიცენზია" ვერ მოიპოვეს (თუ არ ჩავთვლით რომან გოცირიძეს, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს).
"რესპუბლიკელები" იქეთ იყვნენ და ივანიშვილის "მრჩეველთა" საკმაოდ დიდმა ნაწილმაც ვერ მოახერხა სააკაშვილის გუნდში მოსახვედრი "ლიცენზიის" მიღება (არადა როგორ "ჩალიჩობდნენ". ხან წვიმაში იდგნენ, ხან გაზეთ "24 საათში" წერდნენ "ოპოზიციურ" წერილებს, ხან სად იყვნენ და ხან სად).
კიდევ უამრავ საკითხზე შეგვეძლო გვესაუბრა.
შეგვეძლო გვეფიქრა დანგრეული სოფლის მეურნეობის აღდგენის პერსპექტივასა და ტურიზმის განვითარებაზე. ქართული კულტურისა და მეცნიერების აღორძინებაზე. საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს ინტეგრაციაზე. ბოლოს და ბოლოს, პერსპექტივაში პირველი ქართველი კოსმონავტის შესახებაც შეგვეძლო გვეთქვა ორიოდ სიტყვა, მაგრამ...
მაგრამ არ ღირს.
არ ღირს, რადგანაც დღეს იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომელმაც საკმაოდ სერიოზული არჩევანის წინაშე დაგვაყენა. არჩევანის, რომელიც უნდა გავაკეთოთ არა ორ ადამიანს, ან ორ პოლიტიკურ ლიდერს შორის, არამედ იმ მომავალს შორის, რომელსაც ეს ლიდერები გვპირდებიან.
უნდა გავაკეთოთ არჩევანი, მაგრამ ისე, რომ არ აღმოვჩნდეთ კიდევ ერთი "იზმის" მდგომარეობაში.
ვერ გეტყვით რამდენად შესაძლებელია ეს, მაგრამ... ვცადოთ.














ავტორი:  გია გაბრიჭიძე


კალენდარი
იანვარი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
20
23
24
30
31
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი