მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-12-17
ხსოვნა: აკადემიკოსი რობერტ ადამია

საქართველოს სამეცნიერო და საინჟინრო საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა: შეწყდა გამოჩენილი ქართველი მამულიშვილის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოსის, საქართველოს სახელმწიფო და გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემიების ლაურეატის, პროფესორ რობერტ ადამიას სიცოცხლე.
წავიდა ჩვენგან უაღრესად კეთილშობილი, ჭეშმარიტი ინტელიგენტი, მაღალი ზნეობისა და ღირსების მქონე პიროვნება. სამეცნიერო საზოგადოებას გამოაკლდა საყოველთაოდ აღიარებული მკვლევარი და მეცნიერების დიდი ორგანიზატორი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლის საქმეს მიუძღვნა.
რობერტ ადამია დაიბადა 1933 წელს მოსამსახურის ოჯახში. მან თავიდანვე შეისისხლხორცა მშობლების მიერ აღიარებული ფასეულებები - სიკეთე, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება და სამშობლოს ერთგული სამსახური. თბილისის მე-8 ვაჟთა საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტზე ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით. შრომითი საქმიანობა 1956 წელს, ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, დაიწყო უკრაინაში, ქალაქ კომუნარსკის მეტალურგიული ქარხნის ფურცელსაგლინავ საამქროში და ორი წლის განმავლობაში გაიარა გზა ოსტატიდან ცვლის უფროსის თანამდებობამდე. 1958 წელს სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ასპირანტურის კურსის გასავლელად მივლინებული იყო მოსკოვში, მეტალურგიული მანქანათმშენებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-მეტალურგის აკადემიკოს ალექსანდრე ცელიკოვის ხელმძღვანელობით 1962 წელს ბრწყინვალედ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომლის შედეგები სწრაფადვე დაინერგა პერვოურალსკისა და ნიკოპოლის მეტალურგიულ ქარხნებში და ქვეყანამ უდიდესი ეკონომიკური ეფექტი მიიღო, ხოლო ლიცენზიები ბატონ რობერტის გამოგონებაზე გაიყიდა საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიასა და შვეიცარიაში.
საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი მშობლიურ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტს დაუბრუნდა და სულ მალე, 36 წლის ასაკში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - "მეტალურგიული მანქანების ოპტიმალური დინამიკის გაანგარიშების საინჟინრო მეთოდები", რომლის შედეგების გამოქვეყნებამ, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო სტატიების სახით, ბატონ რობერტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემოქმედებითი ნიჭიერებითა და დიდი შრომისმოყვარეობით დაჯილდოებულმა მეცნიერმა შედარებით მოკლე დროში, თავისი კვლევის შედეგებით, არსებითად გაამდიდრა სარწმუნო გადაწყვეტილებებისთვის ძნელად მისაწვდომი სამეცნიერო ტექნიკური დარგი. მან პირველმა დაიწყო მძიმე მრეწველობის მანქანებში გარდამავალი რეჟიმების დროს დინამიკური მახასიათებლებისა და რთული რხევითი პროცესების შესწავლა, რითაც აღიარებული იქნა ახალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიმართულების ფუძემდებლად მძიმე მანქანების დინამიკური პროცესების ოპტიმიზაციური სინთეზის სფეროში.
ბატონმა რობერტ ადამიამ 1971 წელს დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა. 1972 წელს მისი ინიციატივით საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიულ ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა ლითონთა წნევით დამუშავების კათედრა, რომლის პირველ გამგედ ერთსულოვნად აირჩიეს. ათ წელზე მეტ ხანს განაგებდა ამ კათედრას, რომელიც მისი ხელმძღვანელობით საყოველთაოდ აღიარებულ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრად იქცა.
ბატონი რობერტ ადამია სათავეში ჩაუდგა მისივე ინიციატივით დაარსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქუთაისის სამეცნიერო ქვედანაყოფს. ამავე პერიოდში, 1983 წელს, იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს მანქანათა დინამიკისა და სიმტკიცის სპეციალობით. ქუთაისში მოღვაწეობის რამდენიმე წლის მანძილზე ბატონი რობერტის დიდი ძალისხმევითა და ორგანიზაციული ნიჭის წყალობით სამეცნიერო ქვედანაყოფი მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად გადაიქცა. ამ ცენტრს იგი მრავალი წლის განმავლობაში ედგა სათავეში. ქუთაისში მოღვაწეობის დროს მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა მრავალი სამეცნიერო მიმართულება და სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ლაბორატორია. ფასდაუდებელია ბატონი რობერტის მოღვაწეობა ამ ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე, რაც სათანადოდ აღინიშნა კიდეც მისი არჩევით ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქედ 1994 წელს.
რობერტ ადამიას მეცნიერული ღვაწლისა და შემოქმედების დიდი აღიარება იყო მისი მსოფლიო მექანიკოსთა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის წევრად არჩევა იტალიის ქალაქ უდინეში 1990 წელს.
რობერტ ადამია 1993 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს მანქანათმშენებლობისა და გამოყენებითი მექანიკის დარგში, ხოლო 1991 წელს იგი საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა.
1998 წლიდან რობერტ ადამია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაფიელ დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორად აირჩიეს, რომელსაც ჩვეული შემართებითა და ენერგიულობით უხელმძღვანელა 2006 წლამდე. 2006 წლიდან კი დღემდე ამავე ინსტიტუტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი - მანქანათმშენებლობის პრობლემათა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა და ამავე დროს იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეცნიერული მოღვაწეობის მანძილზე რობერტ ადამიამ 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, მათ შორის 12 მონოგრაფია და 30-ზე მეტი გამოგონებაა, რომელთა ნაწილი აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში, ესპანეთში, რუსეთში, უკრაინაში, რუმინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამოიცა. მისი მონოგრაფია "მანქანათა დინამიკა" გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომად აღიარეს მანქანათმშენებლობისა და მანქანათმცოდნეობის დარგში. უკანასკნელი მონოგრაფია კი "სამანქანო სისტემების დინამიკური პროცესების ოპტიმიზაცია" მიმდინარე, 2011 წელს გამოაქვეყნა, ისიც ფუძემდებლური სამეცნიერო ნაშრომია. 1994 წელს რობერტ ადამიას მონოგრაფიისათვის "დიზელის ძრავის აირმიმოცვლის ტრაქტის რაციონალური დაპროექტების საფუძვლები" მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უმაღლესი ჯილდო - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია, ხოლო 2000 წელს ნაშრომთა ციკლი "მექანიკური სისტემების დინამიკური პროცესების გაანგარიშებისა და რაციონალური დაგეგმარების საფუძვლები" აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით.
დიდია მისი როლი როგორც პედაგოგის, აღმზრდელის, სამეცნიერო კონსულტანტის ახალგაზრდების მეცნიერებად ჩამოყალიბების საქმეში. რობერტ ადამიას ხელმძღვანელობითა და კონსულტაციით 20-ზე მეტმა პიროვნებამ დაიცვა სადოქტორო, ხოლო რამოდენიმე ათეულმა საკანდიდატო დისერტაციები.
ბატონი რობერტ ადამია იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის და კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი, სამეცნიერო ჟურნალების და კრებულების რედაქტორი და რედკოლეგიის წევრი, ღირსების ორდენის კავალერი.
რობერტ ადამია მრავალმხრივ განსწავლული ადამიანი ბრძანდებოდა. მან საფუძვლიანად იცოდა ფილოსოფია, ზედმიწევნით კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას. ზეპირად იცოდა ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსთა შედევრები არა მარტო ქართულ, არამედ ინგლისურ, გერმანულ, რუსულ, იტალიურ ენებზე. მისი მომადლებული დეკლამაციის ნიჭი აღტაცებასა და გაოცებას იწვევდა ქართველ თუ უცხოელ სპეციალისტთა შორის.
მოუშუშებელი და გაუსაძლისი ტკივილი არგუნა ბედმა ბატონ რობერტ ადამიასა და მის მეუღლეს უკეთილშობილეს ქალბატონს ციცი თავხელიძეს ერთადერთი შვილის - 28 წლის მარიკას დაღუპვით. მხოლოდ შრომაში და შემოქმედებით პროცესში შესძლო ამ ადამიანმა გამკლავებოდა სატკივარს. იგი, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, სიცოცხლის ბოლომდე, ჩვეული ენერგიითა და თავდადებით შრომობდა. ბატონი რობერტი უაღრესად გულისხმიერი, ყურადღებიანი და კეთილშობილი პიროვნება იყო. მისი ცხოვრება მაგალითია იმისა, როგორ უნდა დაუდგეს ადამიანი გვერდში ნიჭიერ, განათლებულ ახალგაზრდობას, დამწყებ მეცნიერებს, არ მოაკლოს მათ სითბო და ყურადღება.
წავიდა ჩვენგან ღირსეული მამულიშვილი, გამოჩენილი მეცნიერი, მოაზროვნე, დიდი ორგანიზატორი, თავის ქვეყანასა და ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული, გულისხმიერი, თბილი, თავმდაბალი და ყველა საუკეთესო ადამიანური თვისებებით შემკული უზადო პიროვნება, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ხალხის, ახალგაზრდების აღზრდისა და დაკვალიანების სამსახურს შეალია.
აკადემიკოს რობერტ ადამიას სახელსა და საქმეს დავიწყება არ უწერია. მისი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების, კოლეგების, აღზრდილების ხსოვნაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია













კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
16
18
19
23
25
26
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი