პრეამბულა
ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო:
1. ვადასტურებთ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის მნიშვნელობას, განზრახული გვაქვს გავაღრმავოთ პარტნიორობა ორი ერის საკეთილდღეოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით.
2. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, სამართლის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
3. ხაზს ვუსვამთ ორმხრივ სურვილს გავაძლიეროთ ურთიერთობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, დიპლომატიის, მეცნიერების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და
კულტურული გაცვლის გაფართოება
ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო გამოხატავენ სურვილს, მოხდეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის პროგრამების გაფართოება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიისა და დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებას და გაზრდის ურთიერთგაგებას.
1. აღიარებენ რა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობას, ორივე მხარეს განზრახული აქვს შემდგომში ხელი შეუწყონ კულტურულ და სოციალურ გაცვლას და საქმიანობას ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა ფულბრაიტის პროგრამა, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა (FLEX), სტუდენტური გაცვლა (UGღAD), საკანონმდებლო განათლება და პრაქტიკა (LEAP), საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამა და ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამა.
2. ხაზს ვუსვამთ რა ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის სიახლეებისა და დინამიზმის აუცილებლობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს უზრუნველვყოთ გაძლიერებული თანამშრომლობა უმაღლესი განათლების, ბიზნესისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. შეერთებული შტატები გეგმავს გაამარტივოს შეერთებული შტატების ვიზის მოთხოვნის პროცესი ამერიკის კანონმდებლობის და პროცედურების შესაბამისად, ისე, რომ კულტურის, განათლების, ბიზნესის და სამეცნიერო საქმიანობაში კვალიფიციურ პირებს მიეცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა.















































































