მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-02-25
სახელოვანი მამულიშვილი: აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე - 100
შესანიშნავი ადამიანის, მრავალმხრივ გამორჩეული დიდი ბიოქიმიკოსის, აკადემიკოს სერგი დურმიშიძის ცხოვრება და მოღვაწეობა სამაგალითოა ყოველი ქართველისათვის. მან დააარსა მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი, შექმნა თავისი სკოლა, იყო საქართველოში მცენარეთა ბიოქიმიის, ტექნიკური ბიოქიმიის და ქსენობიოქიმიის ფუძემდებელი. მრავალი წლის განმავლობაში ის მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. იგი იყო დამაარსებელი და პირველი დირექტორი მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტისა, რომელიც მის სახელს ატარებს. იგი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ბიოქიმიკოსთა საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

სერგი დურმიშიძე საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ქ. თბილისის საპატიო მოქალაქეა.

აკადემიკოსი სერგი დურმიშიძე მრავალი საპრობლემო საბჭოს, კომისიის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი, სამეცნიერო საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-მხატვრული ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი და შესანიშნავი ნაშრომების ავტორი გახლდათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

სერგი დურმიშიძე მკვეთრად გამოირჩეოდა თავისი არაჩვეულებრივი ადამიანური ხიბლით, განჭვრეტის უნარით, მაძიებელი და მახვილი გონებით, დიდი შრომისუნარიანობით, განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით, საქმისადმი პრინციპული მიდგომით და ამავე დროს კეთილი ადამიანური გულით. ყოველივე ამან განაპირობა მისი მეცნიერული მიღწევები, თანამდგომთა და მოწაფეთა სიმრავლე და დიდი სიყვარული..

სერგი დურმიშიძის მეცნიერული კვლევის დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. მსოფლიო აღიარება ჰპოვა მისმა გამოკვლევებმა სპირტული დუღილის ბიოქიმიაში, ორგანული მჟავებისა და ამინომჟავების ცვლაში, ფლავონოიდების ქიმიასა და ბიოქიმიაში, ფენოლური ბუნების ქიმიური რეგულატორების მეტაბოლიზმში, ქსენობიოქიმიაში. ასეთი მეცნიერული შედეგებით შეხვდებოდა სახელოვანი მეცნიერი თავის დაბადების 100 წლისთავს, დღეს რომ ჩვენს შორის ყოფილიყო.

მეცნიერული კვლევის შინაარსიანი, რთული და აღმავალი გზა განვლო აკადემიკოსმა სერგი დურმიშიძემ თავისი მოღვაწეობის ექვს ათწლეულში.

პირველი მეცნიერული ნათლობა მან მიიღო ცნობილ ქართველ მეცნიერ პროფესორ ვარლამ ღვალაძესთან, რომელსაც ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში, თავისი ორიგინალური სკოლა ჰქონდა ჩამოყალიბებული ბიოორგანულ ქიმიაში.

სერგი დურმიშიძე ახალგაზრდობიდანვე ეზიარა მოწინავე მეცნიერულ სკოლებს. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა აკადემიკოსების ლ. პრიანიშნიკოვის, ვ. ბუტკევიჩის, ა. კურსანოვის, ა. ოპარინის ლაბორატორიებში.

მან ბიოქიმიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას - ალკოჰოლური დუღილის ბიოქიმიას მრავალი ორიგინალური გამოკვლევა მიუძღვნა. პირველმა შეისწავლა რძემჟავის გენეზისი ალკოჰოლური დუღილის პროცესში. დაადგინა, რომ დუღილის პროდუქტებს შორის გამოვლენილი კორელაციური დამოკიდებულება პირობით ხასიათს ატარებს და მადუღარ არეში არსებული დუღილის ძირითადი და მეორეული პროდუქტები რთულ და მრავალმხრივ გარდაქმნებს განიცდის საფუვრების სხვადასხვა გენერაციების მიერ, გამოავლინა ამ გარდაქმნების ძირითადი გზები. მისი კვლევის ეს შედეგები საყოველთაოდ აღიარებულია და შეტანილია მრავალ ადგილობრივ თუ უცხოურ სახელმძღვანელოში. დუღილის ბიოქიმიაში ჩატარებულმა ამ გამოკვლევებმა თეორიული საფუძვლები შეუქმნეს ამ პროცესზე დამყარებულ ტექნოლოგიებს.

სპირტული დუღილის ბიოქიმიიდან მან თავისი მეცნიერული ძიება ორგანულ მჟავათა გენეზისზე გადაიტანა. მცენარეებში ორგანულ მჟავათა მეტაბოლიზმის პრობლემა ამ პერიოდიდან მოყოლებული საბოლოოდ დამკვიდრდა სერგი დურმიშიძის კვლევების სფეროში. მან პირველმა გამოავლინა მცენარის ღეროსა და გამტარი ნაწილების ბიოქიმიური როლი მცენარის საერთო მეტაბოლიზმში. ამ მიმართულებით შემდგომმა გამოკვლევებმა საერთო აღიარება ჰპოვა, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ.

დიდი საერთაშორისო აღიარება მოუტანა სერგი დურმიშიძეს გამოკვლევებმა ფენოლურ ნაერთთა ქიმიასა და ბიოქიმიაში. პირველად იქნა დადგენილი ვაზის მთრთიმლავ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება, იდენტიფიცირებულია მრავალი პრინციპული მნიშვნელობის ინდივიდუალური ნაერთი. შრომები, რომლებიც ვაზის მთრთიმლავი ნივთიერებების და ანთოციანების ქიმიას მიეძღვნა, შევიდა მსოფლიოს სპეციალურ ლიტერატურაში. სერგი დურმიშიძის ამ შრომებმა დიდი გავლენა მოახდინა ვაზისა და ღვინის ბიოქიმიურ და ტექნოლოგიურ გამოკვლევებზე.

1955 წელს გამოიცა აკადემიკოს ს. დურმიშიძის მონოგრაფია: "ვაზისა და ღვინის მთრთიმლავი ნივთიერებანი და ანთოციანები". დღესაც ეს ნაშრომი სამაგიდო წიგნს წარმოადგენს ფენოლურ ნაერთებზე მომუშავე მკვლევართათვის. უცხოელი მეცნიერების მიერ ამ წიგნის ძირითადი შინაარსი გადაითარგნა და გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში.

დიდი წვლილი მიუძღვის სერგი დურმიშიძეს ფენოლურ ნაერთთა მეტაბილიზმის შესწავლაში. 1952 წელს მან წამოაყენა ჰიპოთეზა ტოქსიკური არომატული ნაერთების ღრმა ჟანგვითი გარდაქმნების შესახებ მცენარეში. ამჟამად ეს ჰიპოთეზა ექსპერიმენტულად არის დადასტურებული. იგი საფუძვლად დაედო ფენოლური ბუნების ნაერთების დეტოქსიკაციის გზების შესწავლას. ეს გამოკვლევები ფართოდ არის აღწერილი ტექნიკური და მცენარეთა ბიოქიმიის სახელმძღვანელოებში, როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში.

აკადემიკოს სერგი დურმიშიძის ინტუიციამ, ფართო ერუდიციამ და დაუღალავმა შრომამ შექმნა სრულიად ახალი მიმართულება ბიოქიმიაში - მცენარეთა ქსენობიოქიმია. დაამუშავა რა მცენარეებში უცხო ნაერთთა დეტოქსიკაციის ახალი ბიოქიმიური კონცეფცია, იგი საფუძვლად დაედო ბიოსფეროს გასუფთავების ბიოქიმიური საფუძვლების შესწავლას. მისი და მისი მოწაფეების მიერ გამოვლენილია გარემოს დამბინძურებლები, როგორიცაა: ალიფატური, არომატული, პოლიციკლური, კანცეროგენული ნახშირწყალბადები, აზოტის ჟანგეულები, ნახშირჟანგი, ამონიაკი და ათობით სხვა ნაერთის გარდაქმნის გზები და ქიმიზმი მცენარეებში. დადგენილია, რომ მცენარეები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დამბინძურებლების შთანთქმისა და დეტოქსიკაციის უნარით, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას და ამჟამად უკვე გამოიყენება ბიოსფეროს გასასუფთავებლად გზატკეცილების გასწვრივ, ქიმიური და მეტალურგიული ქარხნების ტერიტორიების, ქალაქის ტიპის სამრეწველო დასახლებების გეგმაზომიერ-რაციონალური გამწვანებისათვის.

მცენარეებში ქსენობიოტიკების შთანთქმას და გარდაქმნას მიეძღვნა მონოგრაფიები, რომლებიც საქართველოს მეცნიერების ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბატონი სერგი ახალგაზრდებს თავისუფლად უზიარებდა ორიგინალურ იდეებს და აზრებს, მისი ხელმძღვანელობით მცენარეთა ბიოქიმიის - ამჟამად მისივე სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში მრავალი მიმართულებაა დამკვიდრებული, მრავალი გამოკვლევაა შესრულებული, მაგრამ იგი მხოლოდ ზოგიერთი შრომის თანაავტორია.

მიუხედავად ამ მოკრძალებისა, ს. დურმიშიძეს 300-ზე მეტი შრომა აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის რამდენიმე ფუნდამენტური მონოგრაფიაა.

მცენარეულ კვლევას ბატონი სერგი კარგად უთავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 25 წლის განმავლობაში კითხულობდა ლექციებს ორგანულ ქიმიასა და ბიოქიმიაში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, მეოთხედ საუკუნეზე მეტს ხელმძღვანელობდა მცენარეთა ბიოქიმიისა და ტექნიკური ბიოქიმიის კურსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიურ ფაკულტეტზე.

მიმზიდველი, ცოცხალი და ღრმად ერუდირებული ლექციები, ხატოვანი სიტყვა ადვილად გასაგებს ხდიდა ბიოქიმიის ურთულეს მცნებებს და პრობლემებს. ამიტომაც იყო მის ლექციებზე მუდამ დამსწრე საზოგადოების სიმრავლე.

დიდია სერგი დურმიშიძის დამსახურება, როგორც მეცნიერების ორგანიზატორისა. 1943-53 წ.წ. იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორია. მისი ხელმძღვანელობით ეს ინსტიტუტი ერთ-ერთ მოწინავე სამეცნიერო კვლევით დაწესებულებად გადაიქცა. 1953-54 წლებში სერგი დურმიშიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრია. იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის ერთ-ერთი უძველესი ხელმძღვანელი. 1955 წლიდან 16 წლის განმავლობაში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი გახლდათ, ხოლო 1972 წლიდან 1988 წლამდე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. აკადემიის ერთ-ერთ ხელმძღვანელად თითქმის 30 წლის მუშაობის პერიოდში ბატონი სერგი მრავალი მეცნიერული წამოწყების ინიციატორი და განმახორციელებელია. ამ წლების განმავლობაში ბატონი სერგი ზრუნავდა აკადემიის მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის გაძლიერებაზე, ქართული მეცნიერების სხვადასხვა დარგების შემდგომ განვითარებასა და გაფართოებაზე, ახალგაზრდა მეცნიერული კადრების ზრდაზე და მათ ხანგრძლივ მეცნიერულ მივლინებებზე ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში.

სერგი დურმიშიძის ფასდაუდებელი დამსახურებაა საქართველოს მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომლის კოლექტივის ფორმირება მან ჯერ კიდევ 1956 წლიდან დაიწყო. ინსტიტუტი საბოლოოდ 1971 წელს დაარსდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მისი თავდადებული მუშაობის შედეგად. ეს ინსტიტუტი დღეისათვის თავისი თანამედროვე ექსპერიმენტული ბაზით, მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებიც უმეტესად ს. დურმიშიძის აღზრდილები არიან, კვლევის ორიგინალური მიმართულებით მოწინავე სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის დგას. ინსტიტუტში წარმატებით ვითარდება ფიზიკო-ქიმიური ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის აქტუალური მიმართულებები. ინსტიტუტს მჭიდრო მეცნიერული ურთიერთობა აქვს მსოფლიოს წამყვან მეცნიერულ ცენტრებთან. ინსტიტუტმა არსებითი გავლენა მოახდინა საქართველოში ბიოქიმიის განვითარებაზე. ბატონი სერგი 12 წელი ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სპეციალიზებულ საბჭოს. ამ პერიოდში 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ აიმაღლა მეცნიერული კვალიფიკაცია და მიიღო სამეცნიერო ხარისხი. ამ საბჭომ ბატონ სერგის შემდეგ თითქმის 20 წელი იმუშავა და რამდენიმე ათეულ კვალიფიციურ მეცნიერ მუშაკს დაულოცა გზა ბიოქიმიაში, ბიოტექნოლოგიასა და მიკრობიოლოგიაში.

ბატონი სერგი ურთიერთობაში, მეცნიერებაში და ცხოვრების ყველა სფეროში პრინციპული ადამიანი იყო. მასთან მუშაობა, მეცნიერული საკითხების გადაწყვეტა დაუღალავი შრომის გარდა დიდ სიამოვნებასთან იყო დაკავშირებული, რადგან თვითონ იწვოდა და ძალაუნებურად შენც უნდა ანთებულიყავი. ბატონი სერგი თავის იდეებს, აზრებს არასოდეს არ იშურებდა და როგორც წესი, სამუშაოთა უმეტესობის დამთავრებისას თანამშრომლების შრომის თანაზიარი აღარ ხდებოდა. დღესაც ყველა ჩვენგანის საერთო მეცნიერული მიმართულება ძირითადად მის მიერ არის ჩამოყალიბებული. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ინსტიტუტის სამეცნიერო მიმართულებები ორიგინალური და ჩვენი ქვეყნისათვის სპეციფიკურია, რაშიც ბატონ სერგის როლი გადამწყვეტია.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომლების დიდი უმეტესობა მისი მოწაფეებია, ამავე დროს, მოწაფეების ნაწილი ამჟამად სხვა სამეცნიერო დაწესებულებების სამეცნიერო დანაყოფებს ხელმძღვანელობენ. ამაში ხედავდა ბატონი სერგი მის მიერ ჩამოყალიბებული ინსტიტუტის ერთ-ერთ ძირითად დანიშნულებას - წამყვანი კადრებით რესპუბლიკის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტების მომარაგება.

ბატონმა სერგიმ ინსტიტუტის კოლექტივის ჩამოყალიბება 1956 წელს 2-3 თავისივე მოწაფით დაიწყო - შემდეგში კი მის მიერ შექმნილ ინსტიტუტში სხვადასხვა დროს 400-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, მათ შორის 3 აკადემიკოსი, 4 აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 26 მეცნიერებათა დოქტორი, 70-ზე მეტი მეცნიერებათა კანდიდატი, რომელთაგან დიდი უმეტესობა მისი აღზრდილია.

მძიმეა ასეთი ადამიანის დაბადების 100 წლისთავს მის გარეშე შეხვდეს ის კოლექტივი, რომელსაც მან სული შთაბერა, წელში გამართა და გზა დაულოცა. სანუგეშოდ ის გვრჩება, რომ ბატონმა სერგიმ თავისი მოწაფეების გულებში უკვდავების ძეგლი დაიდგა, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებას თავისი შეგნებული ცხოვრების საუკეთესო წლები შეალია.

გიორგი კვესიტაძე, ნოდარ ნუცუბიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები



კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
13
19
20
26
27
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი