მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2010-03-30
შესანიშნავი მწვრთნელი, გამორჩეული აღმზრდელი და ფეხბურთელი: ანატოლი (გიგა) ნორაკიძის 80 წლისთავის გამო
ანატოლი (გიგა) ლევანის ძე ნორაკიძე დაიბადა 1930 წლის 30 მარტს აფხაზეთის ულამაზეს კუთხეში - ოჩამჩირეში. თამაში დაიწყო 1945 წელს ოჩამჩირის მოზარდთა გუნდში. შემდეგ 1948-1949 წლებში ოჩამჩირის "დინამოში" თამაშობდა, სადაც მწვრთნელთა ყურადღება თავიდანვე მიიქცია. 1950 წელს ის სოხუმის "დინამოშია", სულ მალე კი საქართველოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში - "სპარტაკში" იწვევენ და იქ 1951-1953 წლებში წარმატებით ასპარეზობს. შემდეგ ამიერკავკასიის ოფიცერთა სახლის გუნდის ("ტოდოს" სახელწოდებით) ღირსებას იცავს, საიდანაც მალე საქართველოს წამყვანმა გუნდმა თბილისის "დინამომ" მიიწვია. 1959 წლის ჩათვლით იგი აქაც მაღალი ოსტატობითა და მონდომებით გამოირჩევა. 1960 წელს გიგა საქართველოს მეორე გუნდში - ქუთაისის "ტორპედოში" გადადის...

აი, რას წერს გიგა ნორაკიძის საფეხბურთო საქმიანობაზე საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე პროფესორი გულბათ ტორაძე თავის წიგნში "ქართული ფეხბურთი".

"...გულისფანცქალითა და ცუდი წინათგრძნობით მივდიოდით სტადიონზე. აცხადებენ გუნდების შემადგენლობას. ერთმანეთს ცვლიან სახელგანთქმული რუსი ფეხბურთელების ბესკოვის, ტროფიმოვის, სოლოვიოვების, ბლინკოვის, სავდუნინისა და სხვათა გვარები. კარში დგას ყოფილი თბილისელი ვ. სანაია, რომელიც შემდგომ იმ სეზონის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. დაიწყო თამაში და თვალებს არ ვუჯერებთ: ჩვენი ბიჭები ჯიქურ ეკვეთნენ მოსკოველთა კარს და მძაფრად შეუტიეს. მოედანზე ვიხილეთ სრულიად ახალი გუნდი. თითქოს აღდგაო შარშანდელი "სპარტაკი". განსაკუთრებით ნორაკიძე და კალოევი გამოირჩეოდნენ. კალოევი სისტემატურად უგებდა დუელებს მაღალი ბურთისათვის განთქულ მოსკოველ მცველებს და მალე გოლიც გაიტანეს. ნორაკიძემ კი პირდაპირ მოხიბლა მაყურებლები თავისი თამაშით. ეს 20 წლის ბიჭი მოედანზე მოგვევლინა როგორც შეტევის ნამდვილი ორგანიზატორი და კონსტრუქტორი, რომელსაც ხელში ეპყრა თამაშის სადავეები. მისმა მოულოდნელმა გრძელმა პასებმა პანიკაში ჩააგდო მოსკოველთა დაცვა. საჭირო შემთხვევაში კი ახალგაზრდა ფეხბურთელი საკუთარ თავზე იღებდა თამაშს და ფინტებით გადიოდა "ცხელ ხაზზე". აღტაცებულები ვადევნებდით თვალს იმ ფანტასტიკურ მეტამორფოზას, რომელიც გუნდს განეცადა რამდენიმე დღეში.

არაჩვეულებრივად დრამატულად წარიმართა მეორე ტაიმი. გამოცდილი მოსკოველები მოეგნენ გონს და ორი საპასუხო გოლიც გაიტანეს. სწორედ ამ დროს ჩვენები ფაქტიურად ათნი დარჩნენ მოედანზე, რადგან მძიმე ტრავმა მიიღო მცველმა კახნიაშვილმა, მანამდე კი თბილისელებმა შეცვალეს ერთი მოთამაშე. მეტი შეცვლა მაშინდელი წესებით აღარ შეიძლებოდა. მატჩის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ თითქოს აქ არაფერიაო, თბილისელებმა კვლავ წამოიწყეს შეტევა. სტადიონი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ამ უთანასწორო ორთაბრძოლას და სწორედ ამ დროს მოედანზე გათამაშდა ეპიზოდი, რომელიც სამუდამოდ დარჩა მეხსიერებაში ყველას, ვინც კი ამ დღეს სტადიონზე იყო მოსული. მოხდენილი ფინტებით ნორაკიძე შევიდა მოსკოველთა საჯარიმო მოედანზე, გავიდა პირისპირ კარიდან წინ გამოსულ მეკარე ვ. სანაიასთან და ოსტატურად გადაუგდო მას თავზე ბურთი. რა ხდებოდა ამ დროს ტრიბუნებზე, ძნელი ასაწერია. დამამახსოვრდა წინადადება გაზეთ "ლელოდან": "ეს იყო გოლი, რომელზეც ოცნებობენ ფორვარდები". მოსკოველი ფეხბურთელები ხელმეორედ ჩავარდნენ შოკში და უკვე თამაშის მიწურულს კალოევმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

დიდი დრო გავიდა ამის შემდეგ, მაგრამ გულშემატკივრები დღესაც მღელვარებით იგონებენ ამ დაუვიწყარ მატჩს".

მომდევნო წლებში ბატონი გიგა ჩვენი მეორე შესანიშნავი გუნდის "ტორპედოს" წამყვანი მოთამაშე იყო. გუნდმა "ა" კლასში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა. სხვა რომ ვერაფერი მოუხერხეს, მოსკოველმა ფეხბურთის მამებმა გუნდი, უბრალოდ,დაშალეს. ეს მოხდა 1960 წელს და გ. ნორაკიძის, როგორც ფეხბურთელის კარიერაც, ამით დასრულდა. ჭეშმარიტად ეს იყო ფეხბურთელი-ნოვატორი, რომელიც დაჯილდოებული იყო იშვიათი ორგანიზატორული და გამორჩეული პასის ნიჭით.

1961 წლიდან ბატონი გიგა მწვრთნელად იწყებს მუშაობას. სხვადასხვა დროს ავარჯიშებდა ტყიბულის "მეშახტეს", მახარაძის "მერცხალს", სამტრედიის "ლოკომოტივს", გორის "დილას", იყო ქუთაისის "ტორპედოს" გუნდის უფროსი. მისი მოწოდება, როგორც პედაგოგის და აღმზრდელის, იყო მწვრთნელობა. 1966-1989 წლებში მისი ხელმძღვანელობით ქუთაისის "ტორპედომ" მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საკავშირო ჩემპიონატში, ასევე საერთაშორისო მატჩებში.

მან ქუთაისის "ტორპედოში" ფეხბურთის მრავალი დიდოსტატი აღზარდა, მათ შორის დავასახელებდი რევაზ ძოძუაშვილს, გივი და ლევან ნოდიებს, ზარბეგ ებრალიძეს, ოთარ გაბელიას, თამაზ კოსტავას, თენგიზ სულაქველიძეს, რამაზ შენგელიას, რომლებიც შემდგომში წარმატებით იცავდნენ თბილისის "დინამოს" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას. სამწვრთნელო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში დიდი წარმატებებისთვის ანატოლი ნორაკიძეს 1968 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის წოდება.

80-იანი წლების ბოლოს ბატონი გიგა სოხუმის "დინამოს", შემდგომში "ცხუმად" წოდებულს ჩაუდგა სათავეში. გასაოცარი იყო მისი მონდომება და სურვილი, თავისი მშობლიური კუთხის, დიდი ტრადიციების მქონე აფხაზეთის პირველი გუნდის ადგილი ქართული ფეხბურთის ლიდერთა შორის დაემკვიდრებინა და გაეყვანა ის საერთაშორისო ასპარეზზე.

1991-1992 წლებში ბატონი გიგა დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი უფროსი მწვრთნელია, რაც მისი ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის უდავოდ დიდი დაფასება იყო.

1995 წლის 27 თებერვალს 65 წლის ასაკში ქართველ ვეტერან-ფეხბურთელთა და გამოჩენილ მწვრთნელთა რიგებს მოულოდნელად გამოაკლდა უკეთილშობილესი პიროვნება ანატოლი (გიგა) ნორაკიძე. წავიდა და მისმა გულმა თან აფხაზეთის ტრაგედიით გამოწვეული უდიდესი ტკივილი წაიღო. მადლიერი შთამომავლობა, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი, მისი მეგობრები და ახლობლები სიყვარულით და ღრმა პატივისცემით მოიგონებენ და დააფასებენ მის ამაგს. ამის ნათელი დასტურია ამ დღეებში ჩატარებული მისი ხსოვნის უკვდავსაყოფი საიუბილეო ღონისძიებები.

მურად ანჯაფარიძე, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი,

ოთარ ჭითანავა, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი.



კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
12
13
19
20
26
27
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი