მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2011-04-01
ხსოვნა: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ, ქართულმა სამეცნიერო და შემოქმედებითმა ინტელიგენციამ დიდი დანაკლისი განიცადა - გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის თვალსაჩინო სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი.
თავისი ხანგრძლივი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში კლასიკური ფილოლოგიისა და ქართველოლოგიის განვითარების საქმეში. თინათინ ყაუხჩიშვილი დაიბადა 1919 წლის 10 მაისს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილ ოჯახში. მისი დედა იყო თამარ იშხნელი, ხოლო მამა - ჩვენს ქვეყანაში კლასიკური ფილოლოგიის და ბიზანტინისტიკის პატრიარქი აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი. თინათინ ყაუხჩიშვილმა მიიღო შესანიშნავი განათლება უკვე ოჯახში, შემდეგ თბილისის პირველ საცდელ-საჩვენებელ შრომით სკოლაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიხეილ ზანდუკელი და რომელიც ჩინებული პედაგოგებით იყო გამორჩეული. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მან განაგრძო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მის პროფესიულ სრულყოფაზე ზრუნავდნენ ქართული მეცნიერების ცნობილი კორიფეები, უნივერსიტეტის დამაარსებლები და ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების სახელისა და ავტორიტეტის შემქმნელნი: აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი წერეთელი, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ვარლამ თოფურია და მრავალი სხვა. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი სამეცნიერო კარიერა დაეკავშირებინა კლასიკურ ფილოლოგიასთან, ბერძნულ-ქართული ურთიერთობების კვლევასთან, რისთვისაც იგი 1951 წლიდან სწავლას აგრძელებს ასპირანტურაში სიმონ ყაუხჩიშვილის ხელმძღვანელობით. კლასიკური ენებისა და ცივილიზაციის პარალელურად მან საფუძვლიანად შეისწავლა ძველი სომხური ილია აბულაძესთან, არაბული გიორგი წერეთელთან, გაიღრმავა თავისი ცოდნა ევროპულ: ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებში. 26 წლის ასაკში მან თავისი ცნობილი ნაშრომით "მასალები ე-ის ისტორიისათვის (||-X საუკუნეების ძეგლების მიხედვითძ" მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამ ნაშრომმა სპეციალისტთა მაღალი შეფასება დაიმსახურა და იგი ერთხმად აღიარეს ქართული ენის ისტორიის შესწავლის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილად. 1945 წლიდან თინათინ ყაუხჩიშვილი თავის სამეცნიერო საქმიანობას უკავშირებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტს. აქ გაიარა მან მეცნიერული ზრდის ყველა საფეხური უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლიდან მთავარ მეცნიერ-თანამშრომლამდე.
1946-53 წლებში იგი კლასიკური ფილოლოგიის სფეროში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით სისტემატურად იმყოფებოდა მივლინებით ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე. ცნობილი მეცნიერების ი.ტოლსტოის, ი.ტრონსკის და ს.ლურიეს ხელმძღვანელობით მან მიაღწია პროფესიონალიზმის იმ დონეს, რომ შეეძლო უკვე ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება თავის დარგში. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო საქართველოში არსებული ბერძნული წარწერების - იმ უნიკალური ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლა და გამოკვლევა, რომლებიც ანტიკურობიდან მოყოლებული X|X საუკუნის ჩათვლით მრავლად დასტურდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამ ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანის განსახორციელებლად თინათინ ყაუხჩიშვილმა მოიარა მთელი საქართველო და შეისწავლა როგორც მრავალ ასეულ ძეგლზე შემონახული ბერძნული წარწერები, ასევე სხვადასხვა ქალაქის საცავებსა და მუზეუმებში დაცული მასალები. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი სტატიის პუბლიკაციის შემდეგ იგი 1951 წელს აქვეყნებს ფუნდამენტურ მონოგრაფიას "ბერძნული წარწერები საქართველოში", რომლისთვისაც მას 34 წლის ასაკში მიანიჭეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. ამ ნაშრომზე გამოხმაურებები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, იყო უაღრესად პოზიტიური და ეს წიგნი ერთხმად იქნა აღიარებული საეტაპო ნაშრომად ბერძნული ეპიგრაფიკის შესწავლის სფეროში.
ქართულ-ბერძნული ენობრივი ურთიერთობებისა და ბერძნული ეპიგრაფიკის პრობლემატიკის კვლევასთან ერთად თინათინ ყაუხჩიშვილი ინტენსიურად მუშაობს საქართველოს შესახებ ანტიკური წყაროების თარგმნისა და კომენტირების მიმართულებით. მან გამოსცა საქართველოს ისტორიის სპეციალისტთათვის ძალზე მნიშვნელოვანი წიგნები: სტრაბონის გეოგრაფია - ცნობები საქართველოს შესახებ (1957), აპიანეს მითრიდატეს ომების ისტორია (1959), ჰეროდოტეს ცნობები საქართველოს შესახებ (1960), ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ (1965), პოლიბიოსის ცნობები საქართველოს შესახებ (1967), ასევე 6 წიგნი ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ (1967-1987წწ.), რომლებშიც თავმოყრილია დამატებით მრავალი ბერძენი ავტორის ცნობები საქართველოს შესახებ. ეს წიგნები გამოირჩევა ანტიკური წყაროების ინტერპრეტაციის მაღალი დონით, ფასდაუდებელი სამეცნიერო კომენტარებით და გამოცემის მაღალი კულტურით. 1976 წელს თ.ყაუხჩიშვილი აქვეყნებს მონოგრაფიას "საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები", რომელშიც, ფაქტობრივად, აჯამებს თავისი სამეცნიერო კვლევის შედეგებს ბერძენ ავტორთა საქართველოს შესახებ არსებულ ცნობებთან დაკავშირებით. თინათინ ყაუხჩიშვილის მთარგმნელობითი მოღვაწეობა არ შემოიფარგლა მხოლოდ საქართველოს შესახებ არსებული ცნობების ქართულ ენაზე გადმოტანით, მან სრულად თარგმნა და ორ ტომად გამოაქვეყნა ჰეროდოტეს ისტორია (1975-76 წწ.), რომელიც ანტიკურობის ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის ქართულად თარგმნის შესანიშნავი ნიმუშია. სიცოცხლის ბოლოს თინათინ ყაუხჩიშვილი კვლავ დაუბრუნდა საქართველოში ბერძნული წარწერების თემატიკას. ამას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი მისი და მისი მოსწავლეების ექსპედიციების შედეგად მრავლად გამოვლენილმა და ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულმა ახალმა მასალებმა. 1999-2000 წლებში გამოდის მისი საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსის ახალი გამოცემა 3 ტომად. 2004 წელს ეს ნაშრომი შესწორებული და შევსებული სახით კიდევ ერთხელ ქვეყნდება, ხოლო 2009 წელს თავის 90 წლის იუბილეს თინათინ ყაუხჩიშვილი შეხვდა ამ შესანიშნავი წიგნის მესამე შესწორებული და შევსებული გამოცემით. თინათინ ყაუხჩიშვილი იყო არა მარტო მაღალი დონის მეცნიერი, არამედ შესანიშნავი პედაგოგი. იგი 1945-1952, 1968-1995 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწეოდა ნაყოფიერ მუშაობას სტუდენტებთან და ასპირანტებთან. მან სპეციალისტთა არაერთი თაობა აღზარდა, რომელთაც წარმატებით დაიცვეს დისერტაციები და ნაყოფიერად გააგრძელეს მუშაობა ფილოლოგიისა და ისტორიის სფეროში. თინათინ ყაუხჩიშვილი ყოველთვის ღირსეულად წარმოადგენდა ქართულ მეცნიერებას საერთაშორისო ასპარეზზე. იგი სისტემატურად მოღვაწეობდა იენა-თბილისის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციებში, არჩეული იყო ვინკელმანის საერთაშორისო საზოგადოების წევრად, მნიშვნელოვანი მეცნიერული დამსახურებებისათვის 1979 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1993 წელს - იმავე აკადემიის აკადემიკოსად. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობა აღინიშნა ღირსების ორდენით და არაერთი სიგელითა და ჯილდოთი. მან ნაშრომისათვის "საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი" 2008 წელს დაიმსახურა აკადემიკოს სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია, რაც კიდევ ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ თინათინ ყაუხჩიშვილმა ღირსეულად გააგრძელა სახელოვანი მამის ტრადიციები. მან დაგვიტოვა არაერთი ჭეშმარიტად სამაგიდო წიგნი, რომელნიც კიდევ დიდხანს შეინარჩუნებენ თავიანთ აქტუალობას და ღირსეულ სამსახურს გაუწევენ ქართულ მეცნიერებას.
აკადემიკოს თინათინ ყაუხჩიშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული მეცნიერების ისტორიაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

**

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მეცნიერი, კლასიკური ფილოლოგიის გამოჩენილი მკვლევარი, აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.


**
ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრი და საქართველოს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოება ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.



კალენდარი
დეკემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
16
18
19
23
25
26
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი