მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2012-03-14
მადლი უანგარო ღვაწლისა

80 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ იურისტს, სისხლის სამართლის პრობლემების უბადლო მკვლევარს, ახალგაზრდა იურისტთა თაობების აღმზრდელსა და მოამაგეს, პროფესორ ოთარ გამყრელიძეს. უკვე მრავალი წელია, რაც მისი სახელი და გვარი ქართულ იურიდიულ საზოგადოებაში ასოცირდება პროფესიონალიზმთან, პატრიოტიზმთან, თავმდაბლობასთან და ამავდროულად, მთელი თავისი განვლილი გზითა და უანგაროდ გაკეთებული კეთილი საქმეებით გამოწვეულ სიამაყესთან. პროფესორი ოთარ გამყრელიძე ქართული სისხლის სამართლის სკოლის ფუძემდებლის, პროფესორ თინათინ წერეთლის საქმის ღირსეული გამგრძელებელია, რომელმაც სისხლის სამართლის მეცნიერების განვითარებას განუზომელი ამაგი დასდო. მის კალამს ეკუთვნის სამასამდე ნაშრომი, აქედან ათამდე მონოგრაფიული ხასიათისაა.
პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ საკანდიდატო დისერტაცია პროფესორ თინათინ წერეთლის ხელმძღვანელობით დაიცვა თემაზე: "დანაშაულის შუალობითი ამსრულებლობა და თანაამსრულებლობა", რომელიც 1974 წელს წიგნადაც გამოიცა. მოგვიანებით, 1989 წელს, მან დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - "სისხლისსამართლებრივი უმართლობის პრობლემა და თანამონაწილეობის დასჯადობის საფუძველი." აღნიშნულ ნაშრომებს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. ბატონი ოთარის ნაშრომები ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ მათში მკითხველი ვერ იპოვის მითითებას მარქსის, ენგელსის თუ ლენინის ნაშრომებზე, რაც საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის არსებობის პირობებში "მეცნიერულ მოვალეობას" წარმოადგენდა. მას არ მოუხდია "სავალდებულო ხარკი" მაშინ არსებული პოლიტიკური რეჟიმისთვის. ბატონმა ოთარმა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციების მომზადებისას ღრმად დაამუშავა და კრიტიკულად გააანალიზა არა მხოლოდ საბჭოთა მეცნიერების ნაშრომები, არამედ დასავლურგერმანული იურიდიული ლიტერატურაც, რაც მაშინ სერიოზული სამხილი იყო მეცნიერის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა, ბატონი ოთარი, როგორც ჭეშმარიტი მკვლევარი, ამას არ შეუშინდა და ყოველთვის პრინციპულად გამოხატავდა მეცნიერულად დასაბუთებულ აზრს. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის სასიამოვნო ფაქტი, რომ მის მიერ თითქმის ნახევარი საუკუნის წინათ შექმნილ სამეცნიერო ნაშრომებს ყავლი არ გასვლია და ისინი კვლავინდებურად აქტუალურია.
უაღრესად მრავალმხრივი და ნაყოფიერი გახლავთ მისი შემოქმედებითი საქმიანობა ბოლო 50 წლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ მრავალი მეცნიერული ნაშრომის შექმნის პერიოდს, არამედ დღემდე მის დაუცხრომელ ბრძოლასაც სამართლებრივი ნიჰილიზმის წინააღმდეგ, რამაც შთამბეჭდავი ასახვა ჰპოვა მის იურიდიულ პუბლიცისტიკაში. ბატონი ოთარი არა მხოლოდ გამორჩეული მეცნიერი იურისტია, არამედ - ქართული იურიდიული პუბლიცისტიკის მესაძირკვლეც. იგი პერიოდულად აქვეყნებს პუბლიცისტურ წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. მის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები კრებულადაც გამოიცა (იხ. ო. გამყრელიძე, "ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის", თბ., 1998).
აუცილებლად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი ფაქტი ბატონი ოთარ გამყრელიძის სამეცნიერო მოღვაწეობიდან. 1982 წლის ოქტომბერში თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სამართლის სექტორის ხელმძღვანელის, პროფესორ თამაზ შავგულიძის თაოსნობით, ჩატარდა დასავლეთ გერმანია-საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კოლოკვიუმი სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის თანამედროვე პრობლემებზე. კოლოკვიუმის მუშაობაში მონაწილეობდა იმ დროისათვის დასავლეთ გერმანიის თითქმის ყველა გამოჩენილი მეცნიერი. ბატონი ოთარის მიერ კოლოკვიუმზე გამოტანილმა მოხსენებამ სისხლისსამართლებრივი უმართლობის სუბიექტური ნიშნებისა და თანამონაწილეთა დასჯადობის საკითხის თაობაზე უცხოელი კოლეგების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რის შესახებაც საგანგებოდ აღნიშნა იმჟამად სისხლის სამართლის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა ჰანს-ჰაინრიხ იეშეკმა საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას. აღნიშნული ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ მაშინდელი მკაცრი პოლიტიკური რეჟიმის პირობებშიც კი ბატონი ოთარი ახერხებდა ღირსეულად მდგარიყო ქართველი მეცნიერის მოწოდების სიმაღლეზე.
ბატონი ოთარი ქართული ენის სიწმინდის დაცვის დიდი ქომაგია. მნიშვნელოვანია მისი ღვაწლი ქართული კანონმდებლობის ენობრივი სრულყოფის საქმეში. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის კანონშემოქმედებით საქმიანობაში - 1993 წლის დეკემბრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრია. პარალელურად არჩეული იყო საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის პროექტის შემმუშავებელი კომისიის წევრად. აღნიშნულ კომისიებში მისმა მუშაობამ დასახელებულ ნორმატიულ აქტებს, მათში პროგრესულ დებულებათა ასახვისა და ენობრივი სრულყოფის თვალსაზრისით, თავისი კვალი დაამჩნია. მეცნიერი კანონის ენის დახვეწას არა მხოლოდ მშობლიური ენის განვითარების, არამედ ხალხის სამართლებრივი კულტურის ამაღლების ერთ-ერთ აუცილებელ პირობადაც მიიჩნევს. მისი აზრით, "საკანონმდებლო ტექსტი ისეთივე ნათელი და ყველასათვის გასაგები ენით უნდა იწერებოდეს, როგორც ფართო მკითხველისათვის განკუთვნილი ლიტერატურული ნაწარმოები". მან არაერთი წერილი მიუძღვნა ქართული ენის სიწმინდის საკითხებს, მისი ნაწერები გამოირჩევა არა მხოლოდ საკითხის სიღრმისეული დამუშავებით, არამედ იმითაც, რომ იგი ერთნაირად საინტერესოდ იკითხება როგორც მეცნიერისთვის, ისე სტუდენტისთვის. ბატონი ოთარი აღნიშნავს, რომ "მეცნიერმა უნდა წეროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ მკითხველისთვის".
სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღესაც გვაოცებს ბატონი ოთარის აზროვნების სიცხადე და სიღრმე, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მის მიერ გამოქვეყნებული მეცნიერული ნაშრომები თუ პუბლიცისტური წერილები, რომლებიც ნიშანდებულია დიდი პროფესიონალიზმითა და მოვლენათა ნიუანსებში წვდომის იშვიათი უნარით. ამ ნაშრომებში გამოხატულებას პოულობს ბატონი ოთარის მიერ ათეული წლების განმავლობაში დაუღლელი შრომით დაგროვილი დიდი მეცნიერული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება, რასაც უშურველად გადასცემს ახალი თაობის იურისტებს, ყოველ ადამიანს, ვისაც კი გაუჩნდება სურვილი, რომ ემსახუროს სიმართლეს, სამართლიანობას, დაიცვას როგორც თავისი, ისე სხვისი უფლებები. აღნიშნულის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ბატონი ოთარის მიერ 2002 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი - "შერაცხვის პრობლემა სისხლის სამართალში და ბრალის ნორმატიული ცნების დასაბუთების ცდა", რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში - "ადამიანი და კონსტიტუცია".
პროფესორ ოთარ გამყრელიძის ბიოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შტრიხს საადვოკატო საქმიანობა წარმოადგენს. იგი 1991-2006 წლებში ადვოკატთა კოლეგიის წევრი იყო და გამოდიოდა სასამართლო პროცესებზე. ბატონი ოთარი ბუნებით ჰუმანისტი და უფლებადამცველი გახლავთ.
მთელი თავისი ცხოვრებით ბატონი ოთარი სამაგალითოა როგორც ღირსეული მოწაფე მისი აღმზრდელი მასწავლებლებისა - პროფესორ თინათინ წერეთლისა და ცნობილი ქართველი იურისტის ვლადიმერ მაყაშვილისა, და როგორც ღირსეული მასწავლებელი და აღმზრდელი - იმ ქართველ იურისტთა ახალი თაობისა, რომელიც მტკიცედ აგრძელებს პირველი ქართული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი მესაძირკვლის, ბატონ ოთარ გამყრელიძის მასწავლებელთა მასწავლებლის, გამოჩენილი ქართველი იურისტისა და სამართალდამცველის, პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის მიერ საფუძველჩაყრილ ტრადიციას. აქ ბატონი ოთარი გვევლინება იურისტთა წარსულ და მომავალ თაობათა მეკავშირედ, რომელსაც შესანიშნავად აქვს გაცნობიერებული თავისი შეუცვლელი როლი და ფუნქცია თაობათა ამ კავშირურთიერთობაში.
პროფესორი გამყრელიძე სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი კადრების აღზრდას და ნიჭიერ ახალგაზრდებს მეცნიერებისკენ გზას უკვალავს. მის ხელში გაიარა ქართველ იურისტთა არაერთმა თაობამ, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ისე პრაქტიკაში. მათ შეიძლება არაერთი თანამდებობა გამოიცვალონ, მაგრამ მათთვის შეუცვლელ და ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობად ყოველთვის დარჩება ბატონი ოთარის მოწაფეობა! მართლაც დიდია მოწაფეების სიყვარული და მოწიწება ბატონი ოთარისადმი. ასეთი სიყვარული და აღიარება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
ახალგაზრდებთან ურთიერთობაში ბატონი ოთარი უშუალობითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. სტუდენტებთან ჰუმანურ დამოკიდებულებასთან ერთად აღსანიშნავია მისი პრინციპულობა დისერტანტებთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრინციპულობა ყოველთვის სამართლიანია. როცა საქმე მეცნიერებას ეხება, იგი სიმკაცრეს და შეუვალობას იჩენს, ვინაიდან მისთვის დილეტანტიზმი ყოვლად მიუღებელია.
მრავალმხრივია ბატონი ოთარის შემოქმედებითი საქმიანობა. მან ქართულად თარგმნა ქართველ იურისტთა პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის იროდიონ სურგულაძის მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი ნაშრომი - "ხელისუფლება და სამართალი", რომელიც 2002 წელს გამოიცა. იგი კარგად იცნობს პოეზიას და პოეტთა შემოქმედებას, რისი დასტურიცაა ლერმონტოვისა და გოეთეს ლექსების მისეული თარგმანები.
რთულია მთელი სისრულით გადმოსცე ბატონი ოთარის მიერ ქვეყნისა და იურიდიული საზოგადოების წინაშე, აგრეთვე ქართული სისხლის სამართლის სკოლის განვითარებისათვის გაწეული ღვაწლი, რომელიც აღბეჭდილია აბსოლუტური უანგარობითა და ერთგულებით. თავისი ბიოგრაფიითა და განვლილი გზით ბატონი ოთარი მისაბაძი და სამაგალითოა როგორც მეცნიერი, აღმზრდელი და პიროვნება.
ბედნიერია ადამიანი, ვინც საკუთარი თვალით ხედავს თავისი მრავალწლიანი გარჯის კეთილ ნაყოფს, რომელიც დაფასებულია გონიერი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებისაგან, ასევე იმათგან, ვისთვისაც მან ესოდენ დიდი შრომა და ღვაწლი გასწია. დღეს ეს ბედნიერი ადამიანი გახლავთ პროფესორი ოთარ გამყრელიძე, რომელიც კვლავაც ფანატიკური ერთგულებით მიემართება ღირსების, კაცური კაცობისა და მამულიშვილობის გზით.
დაე, კვლავაც დიდხანს და დაუღლელად ევლოს ცხოვრების რთულ და საინტერესო გზაზე ჭეშმარიტ მეცნიერსა და დიდ მასწავლებელს, რათა კვლავაც შეიტანოს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი ახალგაზრდების აღზრდისა და მეცნიერების განვითარების საქმეში!

კოლეგები, მეგობრები, მოწაფეები

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" მთლიანად უერთდება ბატონ ოთარ გამყრელიძის მიმართ კოლეგების, მეგობრებისა და მოწაფეების მიერ გამოთქმულ კეთილ სურვილებს და თავისი მხრიდან სულითა და გულით ულოცავს ღირსშესანიშნავ დღეს დიდებულ ერისკაცს, რომელსაც არასოდეს არ გადაუხვევია სიმართლისა და სამართლის გზიდან...











კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
23
24
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი