მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2012-09-01
ბაგრატიონი, ნაპოლეონი, ბოროდინო

1812 წლის სამამულო ომი... მოვლენა, რომლის რეალიების შესახებაც დღემდე დავობენ ისტორიკოსები, დაწერილია ასობით წიგნი, გადაღებულია რამდენიმე კინოფილმი. 24 ივნისს დაიწყო ნაპოლეონის საბედისწერო ლაშქრობა რუსეთში. ფრანგი იმპერატორის 610-ათასიანი "დიდი არმია", რომელმაც თითქმის მთელი ევროპა იგდო ხელთ, მთელი ძალით დაესხა თავს რუსეთს. მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო სუნთქვაშეკრული, დაძაბული ყურადღებით ადევნებდა თვალყურს გიგანტების ომს, რომელიც რუსეთის უნაპირო სივრცეებში გაიშალა.
რუსეთ-საფრანგეთის ომის კულმინაციად იქცა ისტორიული ბოროდინოს ბრძოლა, რომელიც ზუსტად 200 წლის წინათ - 1812 წლის 26 აგვისტოს, ორშაბათს, დილის 5 საათზე დაიწყო და გაგრძელდა შეუსვენებლივ 12 და მეტ საათს. ეს იყო ყველაზე გააფთრებული, ყველაზე სისხლისმღვრელი ომი, რაც კი ცნობილი იყო იმ დროისთვის. ბოროდინოს ბრძოლის სიმკაცრის ხარისხის შესახებ მოწმობს მისი შედეგები: ტყვეების არყოფნა და უზარმაზარი დანაკარგები ორივე მხრიდან. ომების ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გამარჯვებულად თავს მიიჩნევდა ორივე მხარე. ბოროდინო ნაპოლეონისთვის იყო ვატერლოოს პროლოგი, ბაგრატიონისთვის - გზა უკვდავებისკენ.
დღევანდელი რეალიების გათვალისწინებით, ჩვენ გვაინტერესებს ორ იმპერატორს ნაპოლეონსა და ალექსანდრე |-ს შორის ამ სისხლისმღვრელი ომის არა პერიპეტიები, არამედ ჩვენი თანამემამულეების მონაწილეობა რუსეთის არმიის შემადგენლობაში, რომელთა შორისაც პირველი სიდიდე იყო და რჩება ლეგენდარული პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია: ბოროდინოს ბრძოლაში რუსების მხარეზე 12 ქართველი გენერალი იბრძოდა(!), მთლიანად კი რუსეთ-საფრანგეთის 1812-1814 წლების კამპანიაში - 18 გენერალი. ამას გარდა, დადასტურებულია, რომ ნაპოლეონის წინააღმდეგ 72 ქართველი ოფიცერი იბრძოდა. უეჭველია, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ისევე როგორც რიგითი ქართველი მეომრებისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზუსტი მონაცემები არ გაგვაჩნია, არქივების დიდი ოდენობაც დაკარგული ან განადგურებულია ბოლშევიკების მიერ 1917-1932 წლებში.
ბოროდინოს ბრძოლის მთავარი გმირი, რასაკვირველია, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი პეტრე ბაგრატრიონი იყო, რუსეთისა და უცხოეთის 18 ჯილდოს კავალერი, რომლებიც მას მიენიჭა ბრწყინვალე გამარჯვებებისა და სამხედრო ოპერაციებისთვის 20 ლაშქრობასა და 156 ბრძოლაში, რომლებშიც ის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ასეთი სტატისტიკა სხვას არავის აქვს!
...პეტრე ბაგრატიონის მკვლევარებისთვის არ არის ცნობილი მისი არც დაბადების წელი, არც თვე და არც რიცხვი. ყიზლარში მისი დაბადების მიახლოებით თარიღად 1769 წელს ასახელებენ. იქვე სწავლობდა ადგილობრივი გარნიზონის სკოლაში. 15 წლისა ღებულობს სერჟანტის ჩინს, იყო ასტრახანის ქვეითი პოლკის მუშკეტერი კავკასიის ხაზზე, ერთი წლის შემდეგ მოხდა მისი პირველი საბრძოლო ნათლობა. გავიდა წლები. ის გენერალისიმუს ალექსანდრე სუვოროვის საყვარელი ოფიცერი გახდა, მასთან ერთად მონაწილეობს მრავალრიცხოვან ლაშქრობებსა და ბრძოლებში. პეტრე ბაგრატიონის მამაცობითა და უშიშარობით აღფრთოვანებულმა სუვოროვმა 30 წლის ქართველი პოლკოვნიკი გენერლის ჩინზე წარადგინა, გადასცა მას სახელობითი დაშნა წარწერით: "პ. ბაგრატიონს ა. სუვოროვისგან".
ჩვენი ნარკვევის გმირს აღმერთებდა თავად იმპერატორი პავლე |, რომელმაც რუსეთის არმიის რეორგანიზაციის პერიოდში მოახდინა ყველა თავისი პოლკის ინსპექტირება, პეტრე ბაგრატიონის პოლკის გარდა, იმდენად ენდობოდა და აფასებდა მას. სხვათა შორის, პავლე |-მა მაშინ გაათავისუფლა ასობით გენერალი, ასობით ოფიცერი.
ნაპოლეონმა კარგად იცოდა პეტრე ბაგრატიონის სახელი ევროპაში მრავალრიცხოვან ბრძოლებში, კერძოდ კი 1805-07 წლების ანტინაპოლეონურ კოალიციაში მონაწილეობის წყალობით. უკვე მაშინ საფრანგეთის იმპერატორი მიიჩნევდა ბაგრატიონს "რუსეთის არმიის საუკეთესო გენერლად". ბაგრატიონის მეომრები ხშირად უწოდებდნენ მას სიყვარულით: "ბოგ რატ ი ონ!" (ქართულად: ის ჯარის ღმერთია). ამ წლებში ბაგრატიონი უკვე მსახურობდა მიხეილ კუტუზოვის სარდლობის ქვეშ, რომლის წარდგინებითაც ბაგრატიონი დააჯილდოვეს რუსეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი - წმინდა გიორგის მე-2 კლასის ორდენით და წარადგინეს გენერალ-ლეიტენანტის წოდებაზე. ეს იყო 1805 წლის 8 ნოემბერს, ორ წლინახევრის შემდეგ პეტრე ბაგრატიონი ინფანტერიის გენერლის ჩინით გახდა პირველი ქართველთა შორის მოლდოვის (დუნაის) არმიის მთავარსარდალი...
1812 წლის 16 მარტს ბრძოლებში გამოწრთობილ პეტრე ბაგრატიონს, რომელსაც ყოველთვის შეეძლო მცირე ძალებით დაემარცხებინა უფრო მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე, ნიშნავენ დასავლეთის მე-2 არმიის მთავარსარდლად. როდესაც ნაპოლეონის რუსეთის იმპერიის საზღვრებში შემოჭრის შემდეგ შეიქმნა კრიტიკული სიტუაცია, დადგა საკითხი არმიის ხელმძღვანელობის ერთმმართველობაზე. ექვსი წარდგენილი კანდიდატურიდან ერთი პეტრე ბაგრატიონი იყო, მაგრამ იმპერატორმა ალექსანდრე |-მა თავისი არჩევანი მიხეილ კუტუზოვზე, როგორც რუსზე, ასაკით და სამხედრო სტაჟით უფროსზე შეაჩერა. ის გახდა კიდეც დასავლეთის ოთხივე არმიის მთავარსარდალი.
...ბოროდინო. რუსეთის არმიის მარცხენა ფლანგი, პეტრე ბაგრატიონის მეთაურობით იგერიებდა ფრანგების მრავალრიცხოვან შემოტევებს. ნაპოლეონი თავის საუკეთესო გვარდიელებს, თავის საუკეთესო სარდლებს აგზავნიდა სწორედ ბაგრატიონის არმიის წინააღმდეგ. ეს იყო ორი საუკეთესო არმიის დღემდე უხილავი მასობრივი შეტაკება. ფრანგებიც, რუსებიც იბრძოდნენ გააფრთებით, მრავალგზის ერთვებოდნენ ხელჩართულ ბრძოლებში. აი დაიჭრა მარშალი დავუ. ნაპოლეონი მის შესაცვლელად ბაგრატიონის წინააღმდეგ აგზავნის მარშალ მიურატის კორპუსს, იქვეა ნაპოლეონის ძმა ჟერომი თავისი ჯარებით. მაგრამ ვერც მათ შეძლეს იმ სიმაღლეების აღება, სადაც ბაგრატიონმა თავისი ქვემეხები განალაგა, მოგვიანებით ეს სიმაგრეები შევლენ ისტორიაში, როგორც "ბაგრატიონის ფლეშები".
...აგვისტოს იმ დღეს გმირულად იბძროდნენ დანარჩენი ქართველი გენერლებიც. რუსეთის არმიაში მაშინ დიდი პოპულარობით სარგელობდნენ საბრძოლო მეთაურები - ძმები ივანე და სიმონ ფანჩულიძეები, ორივე სახელგანთქმული გენერალი.
ბოროდინოს ბრძოლაში გმირულად იბრძოდა გენერალი ანტონ შალიკაშვილი - ულანის პოლკის ლეიბ-გვარდიის მეთაური. მას სავსებით შეეფერებოდა სუვოროვის სახელგანთქმული გენერალი, გენერალ-მაიორი 1799 წლიდან სიმონ განგებლიძე, რომელიც ქვეითთა მე-13 დივიზიას მეთაურობდა. გენერალი ლევან იაშვილი რუსეთში ერთ-ერთ საუკეთესო საარტილერიო მეთაურად ითვლებოდა. ის მალე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საზვარგარეთული ლაშქრობის დროს, მიიღებს არტილერიის გენერლის ჩინს და პირველი არმიის არტილერიის უფროსის თანამდებობას. მამაცი, თავგანწირული და პატივმოყვარე იყო მისი უფროსი ძმაც ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი, რომელიც უყვარდა და რომელსაც აფასებდა კუტუზოვი.
რომელ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა გამოცდილ მეომარსა და მეთაურს გენერალ ივან გურიელს. ბოროდინოსთან ის ეკატერინობურგის პოლკს მეთაურობდა, სხვათა შორის, გენერალი იყო მისი ძმაც სტეფანე ქაიხოსროს ძე, ვიურტემბერგის დრაგუნთა პოლკის შეფი.
ბოროდინოს ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალი იყო გრაფი ალექსანდრე ქუთაისოვი, რომელიც პირველი არმიის არტილერიას მეთაურობდა, ბოროდინოს ბრძოლის დღეს კი - რუსეთის ჯარების მთელ არტილერიას! 26 აგვისიტოს საღამოს მამაცი და ლამაზი გენერალი 28 წლის ქუთაისოვი რაევსკის ბატარეაზე მოკლეს. სხვათა შორის, ალექსანდრეს შვილიშვილი პავლე იპოლიტეს ძე ქუთაისოვი გახდება ინფანტერიის გენერალი, ცნობილი პიროვნება რუსეთში.
ფრანგებზე საერთო გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა გამოცდილმა დიპლომატმა, მრავალი ენის მცოდნემ, გენერალ-ადიუტანტმა სერგეი ლაშქარის ძე ბიბილურმა. ნაპოლეონთან ბრძოლის წლებში ბიბილური იყო კონსული მოლდავეთში, ვლახეთსა და ბესარაბიაში. მისი სამივე ვაჟიშვილი გახდა სამხედრო. ალექსანდრე და გრიგოლი - გენერალ-ლეიტენანტები, პავლე კი - გენერალ-მაიორი. ყველა მათგანმა პაპის სახელი ლაშქარა გვარად გაიხადა და რუსეთში ცნობილი იყვნენ, როგორც გენერალი ლაშქარაშვილები. პავლე ბიბილური (ლაშქაროვი) ბოროდინოს ბრძოლაში იყო ციმბირის პოლკის შეფი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც დაკარგა მხედველობა.
ბოროდინოს ბრძოლაში ჯავახიშვილის გვარის 4 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათგან სამი ღვიძლი ძმა იყო. უფროსი - 62 წლის მებრძოლი ოფიცერი სიმონი გმირულად დაიღუპა ბოროდინოსთან. ფილიპემ და ივანემ ასახელეს თავისი გვარი ფრანგებთან ომში და ორივეს გენერალ-მაიორის ჩინი მიენიჭა. გენერალი იყო მათი ნათესავიც - სპირიდონ ჯავახიშვილი, პავლოდარის ჰუსართა პოლკის მეთაური.
ფრანგებთან ომობდნენ სომხური წარმომავლობის ქართველი თავადები აბუმელიქოვები, რომელთა ვაჟიშვილებიც მოგვიანებით გენერლები გახდნენ. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თბილისელი მებრძოლი გენერალი ვალერიან (როსტომ) მადათოვი, რომელსაც ჯარისკაცებმა "რუსი მიურატი" უწოდეს. ნაპოლეონთან ომის შემდეგ ვალერიანი დაბრუნდა თბილისში, სადაც თავისი სახელი დატოვა იმით, რომ იყიდა და კეთილმოაწყო კუნძული მტკვრის დინებაში (სადაც დღეს "მშრალი ხიდია"), რომელიც დიდხანს მის - მადათოვის კუნძულის - სახელს ატარებდა. ნაპოლეონთან მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს სამეფო გვარის - ბაგრატიონების წარმომადგენლები: საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი X||-ის ვაჟიშვილი, ეგერის პოლკის ლეიბ-გვარდიის ოფიცერი ილია ბაგრატიონი, იმერეთის მეფის დავითის ვაჟიშვილი, იმპერატორ ალექსანდრე |-ის ფლიგელადიუტანტი; მეფე გიორგი X||-ის შვილიშვილები, მომავალი გენერლები იორამ და ნიკოლოზ თარხან-მოურავები; ეგერის პოლკის ლეიბ-გვარდიის პოდპორუჩიკი პეტრე გრუზინსკი, რომლის პოლკში იმ დღეს მოკლეს 700-ზე მეტი რიგითი ჯარისკაცი და 27 ოფიცერი; ულანის პოლკის ლეიბ-გვარდიის კორნეტი ალექსანდრე ბაგრატიონი-იმერეტინსკი; მომავალი გენერალი ზაქარია იოსელიანი, ვისი შვილიც ასევე გახდება გენერალი. ბოროდინოს გმირებს შორის შეიძლება დავასახელოთ ოთხი ძმა გედევანიშვილი, მოსე არღუთინსკი, ალექსანდრე ჭავჭავაძე - პოეტი.
ფრანგების წინააღმდეგ თავისი ლეგენდარული ძმის გვერდით იბრძოდა რევაზ (რომან) ბაგრატიონიც. 32 წლისა ის გახდა პოლკოვნიკი, ბოროდინოსთან ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა საზღვარგარეთ ლაშქრობაში, 1813 წელს გახდა გენერალ-მაიორი. 1828 წელს იყო თბილისის გენერალ-გუბერნატორი. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია: საქართველოს სამეფო გვარმა ბაგრატიონმა რუსეთს 30(!) გენერალი მისცა, რომელთაგანაც თითოეული თავისი საბრძოლო გამარჯვებებით დაამშვენებდა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის არმიას.
ბოროდინოსთან ბრძოლის დროს დაახლოებით შუადღისას ქვემეხის ჭურვის აფეთქებისას ნამსხვრევით მძიმედ დაიჭრა პეტრე ბაგრატიონი. ჭრილობა საბედისწერო აღმოჩნდა, ნამსხვრევმა მარცხენა ფეხის თეძო ძლიერ გაგლიჯა. ბაგრატიონი კვლავ აგრძელებდა სარდლობას, სანამ სისხლის დაკარგვის გამო გონება არ დაკარგა და ცხენიდან ჩამოვარდნილი თავისი ოფიცრების ხელებში არ აღმოჩნდა. 2 სექტემბერს ის ჩაიყვანეს მოსკოვში, შემდეგ - სოფელ სიმში. 10 დღის შემდეგ პეტრე ბაგრატიონი გარდაიცვალა, იგი იქვე დაკრძალეს. ბედის ირონიით, რუსეთის არმიის საუკეთესო გენერალი სამჯერ(!) დაკრძალეს. 1839 წელს მისი ცხედარი გადაასვენეს ბოროდინოს ველზე და დაკრძალეს რაევსკის ბატარეის ადგილზე, მთავარ მონუმენტთან. მსვლელობის დროს მისმა ერთგულმა თანაპოლკელებმა კატაფალკს, რომელზეც ესვენა იმათი საყვარელი მეთაურის ცხედარი, გამოხსნეს ცხენები და თვითონ ჩაებნენ მათ მაგივრად, და ასე მიიტანეს კუბო ბაგრატიონის ცხედრით მისი მსოფლიო დიდების ადგილზე... 1932 წელს პეტრე ბაგრატიონის საფლავი - მთავარი მონუმენტი- ააფეთქეს ბოლშევიკებმა. მხოლოდ 1987 წლის 18 აგვისტოს აღადგინეს მემორიალური კომპლექსი. სამი წლით ადრე, 1984 წელს, თბილისში გაიხსნა პეტრე ბაგრატიონის დიდებული ძეგლი (მოქანდაკე - მერაბ მერაბიშვილი). 1985 წელს ცნობილმა ქართველმა მსახიობმა, სცენარისტმა და რეჟისორმა გიული ჭოხონელიძემ გადაიღო მხატვრული ფილმი "ბაგრატიონი", რომელშიც ბრწყინვალედ შეასრულა მთავარი როლი. მანვე შეასრულა ბაგრატიონის როლი სერგეი ბონდარჩუკის ფილმში "ომი და მშვიდობა". უკვე სსრ კავშირის კრახის შემდეგ, 1999 წლის სექტემბერში, მოსკოვში გახსნეს პეტრე ბაგრატიონის ძეგლი (ავტორი მერაბ მერაბიშვილი), ათი წლის შემდეგ კი მისი ძეგლი დაიდგა სანკტ-პეტერბურგში...
რუსული არმიის საუკეთესო გენერალი უკვდავებაში დაუმარცხებელი გადავიდა...

ლევან დოლიძე,
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი














კალენდარი
დეკემბერი  2012
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
16
17
23
24
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი