მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-03-16
გზა მარადისობისაკენ: ოთარ ჭილაძის დაბადების 80 წლისთავის გამო

დიდ ქართველ პოეტს, რომანისტს, დრამატურგს, ესეისტსა და პუბლიცისტს ოთარ ჭილაძეს, ვისი მიწიერი ცხოვრების გზაც 2009 წლის 1 ოქტომბერს შეწყდა, დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ქართულმა მწერლობამ დაკარგა კოლოსალური ნიჭის შემოქმედი, ვისაც მთელ მსოფლიოში კარგად იცნობენ და შესაფერ პატივსაც მიაგებენ.
ოთართან, ახალგაზრდობის წლებიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლომდე ახლო, მეგობრული ურთიერთობა მქონდა. 1959 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული "მატარებლები და მგზავრები", რომელზედაც "ლიტერატურულ გაზეთში" მალევე გამოვაქვეყნე წერილი "პოეტის პირველი წიგნი" და ხაზგასმულად აღვნიშნე, რომ ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ პოეზიაში.
სხვადასხვა დროს არაერთხელ დამიწერია ოთარ ჭილაძის გამორჩეულ მწერლურ ოსტატობაზე, მაგრამ შედარებით ვრცლად მის ლექსებსა და პოემებზე ჩემი აზრი გამოვთქვი მოზრდილ ესეიში "წუთისოფლიდან მარადისობაში გადასული", რომელიც ალმანახ "კრიტიკაში" დაიბეჭდა 2010 წელს, როდესაც პოეტი, სამწუხაროდ, ერთი წლის გარდაცვლილი იყო.
ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება, ოთარ ჭილაძის პოეზიის ძალასა და მნიშვნელობაზე გავიხსენოთ ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურის უთვალსაჩინოესი მკვლევარის, დახვეწილი გემოვნების კრიტიკოსის გურამ ასათიანის შეხედულება, ვინაც მუდამ გულისყურით ადევნებდა თვალს მეოცე საუკუნის ქართული მწერლობის ცოცხალ პროცესებს:
"ოთარ ჭილაძე ქართულ ლირიკაში იმთავითვე სინამდვილის, პირველ რიგში, საკუთარი სულიერი სინამდვილის, უაღრესად გამახვილებული, დრამატული აღქმით გამოირჩა. სწორედ მან და მისი თაობის პოეტებმა შეძლეს ეგრძნობინებინათ ჩვენთვის იმ მწვავე კოლიზიების არსებობა, რომელნიც თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაშიც განაგრძობენ მოქმედებას.
ამასთან ერთად, მან, როგორც მძლავრი სულიერი პოტენციის პოეტმა, მოინდომა საკუთარ გრძნობათა დროისა და სივრცის დიდ ფართობზე პროეცირებაც.
ასეთი ნაბიჯი ქართული პოეზიის აქტუალური მოთხოვნილებით იყო ნაკარნახევი, საჭირო იყო დღევანდელობის, ყოველდღიურობის განცდაში მუდამმოქმედ ნიშან-თვისებათა განჭვრეტა, წამისა და მარადისობის შეუღლება".
მრავალჯერ აღნიშნულა - ოთარ ჭილაძის პოეტური სამყარო არავისას გავს, ხელშესახებად კონკრეტული, საგნიერია, თითქმის ფიზიკურად აღსაქმელი. იქ არაფერია ზედმეტი, ისეთი, თვალში რომ შეგეჩხიროს, გაგაღიზიანოს - სიტყვები ზღვართან მიყვანილი სიზუსტით არის შერჩეული, პოეტი სამაგალითო მომჭირნეობას იჩენს, მაგრამ ამით მის დაუოკებელ ტემპერამენტს სიმძაფრე ოდნავადაც არ აკლდება. მიუხედავად ამისა, მაინც აწვალებს უკმარისობის თანდაყოლილი გრძნობა. ბანგნასვამ, გაბრუებულ ვნებებზე ისე წერს, როგორც ცოცხალ არსებებზე და მიუგნებლის გამო წუხილს გამოთქვამს:
შესვეს და დათვრნენ და კვლავ ჰგონიათ,
რომ პირვანდელი ძალით ღელავენ,
მე კი ვერაფრით ვერ მიპოვნია
სიტყვა, რომელიც ახსნის ყველაფერს.
("გაზაფხულის პირველი დღე" )
რაგინდ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, პროზაში, რომანებში მისი ხელწერა, პოეტიკა დიდად განსხვავებულია; იქ ოთარ ჭილაძე მეტ გასაქანს აძლევს თავის ისედაც ზღვარდაუდებელ ფანტაზიას და შედარებები, მეტაფორები, სიმბოლოები, შინაარსობრივად მონათესავე ეპითეტები - სინონიმები - დახვავებულია. თხრობას, მეტწილად შინაგანი მონოლოგის იერი აქვს, დიალოგები მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც მყარ თვისებად გვესახება.
ჭეშმარიტად მომნუსხველია ოთარ ჭილაძის ლექსების ექსპრესია. მის ლირიკულ წიაღსვლებს ცეცხლოვანება არასოდეს დაკლებია, ოდნავადაც არ მოდუნებულა, პოეტის ყოველი უჯრედი ზეადამიანური ჟინით ეწაფებოდა და იწოვდა სასწაულის ძალით გაჩენილ სიცოცხლეს, მისი თვალები ხარბად ნთქავდა ბუნების წიაღში უხვად დაღვრილ ფერებს, რათა მერე, ამდენის მხილველს, ყოველივე გულსა და ტვინში გადაეხარშა, მღელვარე სტრიქონებში ჩაწურულიყო. განურჩევლად, დარსა თუ ავდარში, ქერქდახეთქილ ხესავით იდგა აბობოქრებულ სტიქიათა პირისპირ და არასოდეს ცდილა, ერთხელ არჩეულ გზაზე, მეხთატეხისთვის ზურგი შეექცია, თავი აერიდებინა, იოლი გამოსავალი მოეძებნა. ამიტომაცაა, სიყალბის ნატამალსაც რომ ვერ იპოვით მის შეულამაზებლად, ჯიქურად ნათქვამში:
მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს,
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.
("რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ" )
სატრფიალო ლირიკას ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში მეტად დიდი ადგილი უკავია და ამაზე მთელი წიგნის დაწერა შეიძლებოდა. აქ მხოლოდ ერთ ლექსს გავიხსენებდი. პოეტი თავის მტკიცე ხასიათში მუდამ ხაზს უსვამდა მამრულ საწყისს და ამის უპირველეს სიმბოლოდ "მზის ფრინველს" - მამალს მიიჩნევდა. მოჩხუბარი, ნიადაგ მეტოქესთან შესაბმელად შემართული მამალი, როგორც აღვნიშნეთ, თავისი ხასიათის გამომხატველ, ტოტემურ ფრინველად ეგულება. მან იცის, რითი მოხიბლოს საყვარელი არსება და თავი რომ მოაწონოს, მოაგონებს საკუთარ მინიატიურულ, დაპატარავებულ ორეულს - "პირსახოცზე ამოქარგულ მამალს". ამ დროს პოეტის კილო მოალერსე, უჩვეულოდ ხალისიანია, რადგან ყოველნაირად ცდილობს მარტოდ დარჩენილ, მოწყენილ ქალს მოძალებული ნაღველი, განშორების სევდა გაუქარვოს. ლექსი, თავიდან ბოლომდე, ერთ გაშლილ, ულამაზეს მეტაფორად წარმოგვიდგება და მისი დანაწევრება არ ღირს:
განა არ ყივის ჩემი მამალი,
შენს პირსახოცზე ამოქარგული
წითელი ძაფით.
როცა პირს იბან, ხომ ყივის ხოლმე.
ხომ გათამამებს სიცოცხლისათვის.
კისერგაწვდილი და აფოფრილი,
ხომ ემზადება საიერიშოდ,
რომ გაგიფანტოს უჟმური სიზმრით
მოგვრილი სევდა.
ანდა ცალ ფეხზე ხომ ხტუნავს ხოლმე,
რომ გაგაცინოს და გაგახსენოს
ცხრა მთის გადაღმა თუნუქის ყუთში
ჯიუტი ხელით ჩასმული ცეცხლი,
ამოხტომას რომ ცდილობს ყუთიდან,
როგორც მამალი... ფეხებშეკრული.
ოთარ ჭილაძე ცხრა განსხვავებული ტონალობისა და მიზანდასახულობის, ამასთანავე, მისი ნიჭიერებისა და ოსტატობის შესაფერისი პოემის ავტორია. რამდენიმეზე ადრე გამოვთქვი ჩემი აზრი. ამჯერად ერთ მათგანზე ("იტალიური რჩეული") ვიტყვი ორიოდე სიტყვას. მეოცე საუკუნის სამოციანი წლების დამდეგს ოთარ ჭილაძემ ახალგაზრდა მწერალთა და ხელოვანთა მოზრდილ ჯგუფთან ერთად იტალიის ქალაქებში იმოგზაურა და ხსენებული პოემა მაშინდელ შთაბეჭდილებებზე დაიწერა. იგი, ძველი რომის ანალების საფუძვლიანი მცოდნე, ყველაფერს თანამედროვეობასთან, საკუთარი სამშობლოს ბედთან აკავშირებს და ერთ მთლიანობად, დროის უწყვეტ კავშირად წარმოგვიდგენს.
ეს იყო შემოქმედთა მრავალეროვანი ჯგუფის პირველი ასეთი გასვლა თავისუფალ სამყაროში და ოთარ ჭილაძის შთაგონებასაც სილაღე ეტყობა, რადგან დიდი ხნის ნატვრა აისრულა. დასაწყისი ორი სტროფის ამოწერაც კმარა, პოეტის სულისკვეთება და თვით პოემის ძალდაუტანებელი მდინარება, მცხუნვარე მზის სხივებში გახვეული სურათების თავბრუდამხვევი მონაცვლეობა ცოცხლად რომ შევიგრძნოთ:
საითაც გინდათ და როგორც გინდათ,
მე სტუმარი ვარ და სულ ერთია.
თანაც ყოველთვის ოცნებად ვთვლიდი
ამ ყოვლის მნახველ გზებზე ხეტიალს.

შუა მინდორში დგას სახედარი,
სამრეკლოს ჩრდილი და თივის ზვინი
და მიირწევა მტვერში მხედარი,
გაბრუებული სიცხით და ღვინით.
ოთარ ჭილაძე რომ ხშირად იყენებდა ფოლკლორულ მოტივებს და მითოსური აზროვნება, არქეტიპების სახეცვლილად, ოსტატურად გამოყენება ემარჯვებოდა, ამის დანახვა არ გახლავთ ძნელი, მისივე შემოქმედება ცხადყოფს.
ვიცოდით - ჩვენთვის ესოდენ საკრალურ არგონავტების მითზე იგი პოემის დაწერას აპირებდა, მაგრამ ხანგრძლივი ცდის მერე დარწმუნდა, რომ ჩანაფიქრს ეპიური ტილო უფრო შეეფერებოდა და წლების ტიტანური შრომის შემდგომ იშვა მისი პირველი რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა", რომელმაც სხვადასხვა ენებზე თარგმნის მერე მსოფლიო სახელი მოუტანა.
ამ რომანის მრავალ უცილობელ ღირსებაზე არაფერს ვიტყვი, მხოლოდ ერთ ეპიზოდს, ნათელმხილველობით აღბეჭდილ მედეას სიზმარს გავიხსენებ, რომელშიც ზღვიდან ამოსული არგონავტების წინამძღოლი ჩამავალ მზეს ზურგით დაფარავს, იქაურობას დააბნელებს და აიეტის გრძნეულ ასულს შემპარავად, ნელ-ნელა დაეუფლება, მის გულსაც დაიპყრობს. აქ უკვე საცნაურია სიტყვის გასაოცარი ოსტატის მძლავრი სუნთქვა და წარმოსახვის უჩვეულო ძალა, მთელ წიგნს რომ ეფინება და ღვთაებრივი მადლით ავსებს.
ახალგაზრდა, ხელისუფლების მიერ "მუქთახორად" შერაცხილი, ჯერ კიდევ დაუპატიმრებელი იოსებ ბროდსკი, როდესაც ოთარ ჭილაძის ლექსს თარგმნიდა, ერთი დღით ჩამოფრინდა თბილისში, რათა ძმები ჭილაძეები გაეცნო. მას ძალიან უნდოდა ეთარგმნა ოთარ ჭილაძის საუკეთესო და ურთულესი პოემა "სინათლის წელიწადი", ბწკარედსაც ითხოვდა, მაგრამ, მიზეზთა გამო, ეს განზრახვა შეუსრულებელი დარჩა.
ოთარ ჭილაძე განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა ბროდსკის დიდ, მრავალმხრივ ტალანტს; ასე რომ არ ყოფილიყო, თავისი ტრაგიკული ჟღერადობის თავისუფალ ლექსს არ წარუმძღვარებდა ნობელიანტის ორ ნაღვლიან სტრიქონს უძვირფასეს ადამიანთან განშორებაზე.
უმთავრესი მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში მაინც ეს არის - ოთარ ჭილაძეს ერთი წუთითაც არ დავიწყნია, რომ იგი დიდი წარსულის მქონე ქვეყნის შვილი იყო და ვერაფრით ეგუებოდა, როცა სამშობლოს დაშლასა და გადაგვარებას თავისი თვალით ხედავდა. ამ ტკივილიან, მტანჯველ თემას ეძღვნება მისი პუბლიცისტური ნაწერების უმეტესობა და რომანების მთელი ციკლი.
ოთარ ჭილაძე რომ კომპოზიციის დიდოსტატია, ადრე გამოვლინდა მის ლირიკულ შედევრებში. ამ სანაქებო უნარმა არც რომანებში უმტყუნა და ეს ყველაზე სრულყოფილად გამოჩნდა მის ბოლო, მეექვსე, მონოლითურად შეკრულ რომანში "გოდორი", სადაც არნახული ძალითა და პირდაპირობით არის ნაჩვენები ერის დაცემის აპოკალიფსური, შემაძრწუნებელი სურათები.
რომანის ექსპოზიციურ ნაწილში გამოჩენილი რომის პაპის ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი იმ იმედით ჩამოდის საქართველოში, რომ ეს ქრისტიანული, ოდესღაც რაინდული ქვეყანა ევროპას ოსმალთა ურდოების მოგერიებაში დაეხმარება, მაგრამ ორასი წლის მანძილზე მონღოლთა ტყვეობაში მყოფი ერთ დროს ძლიერი სახელმწიფო მისიონერს დედამიწის ზურგიდან გამქრალი, გაუჩინარებული დახვდება.
რომანის ფინალში გაპარტახების იგივე გულისმომკვლელი სურათია დახატული - ლუდოვიკო ბოლონიელის პირველი ვიზიტიდან ექვსასი წელია გასული ("მაგიური რეალიზმი" დამაჯერებელს ხდის ასეთ უცნაურობას). უცნაურად ჩაცმულ-დახურულ საპატიო ელჩს ("ფართოფარფლებიანი, ფარშევანგის ფრთებით გაწყობილი ქუდი", "ძოწისფერი მოსასხამი") კვლავ "უკაცრიელი მინდვრები" დახვდება, სიჩუმეში წაბლის ხეზე შემომჯდარ კაჭკაჭის სევდიანი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჩხავილი ისმის.
განსაკუთრებით ძლიერი, შთამბეჭდავია ლუდოვიკო ბოლონიელის ლექსად წარმოთქმული, შექსპირის ტრაგედიების შესადარი მონოლოგი. იგი ჯადოსნური კვერთხის დაქნევასავით კრავს რომანს და ბოლო სტრიქონებში მცირე, მოჭიატე იმედსაც გვიტოვებს, რომ ასე თვალდახელშუა გამქრალი ქვეყანა არყოფნის უფსკრულს თავს დააღწევს, ძველ იერს დაიბრუნებს: "... ერთ დღეს, როგორც წყლიდან მიწა, ან რძიდან ყველი, პირველყოფილი ბრწყინვალებით ამოიზრდება..."
აშკარაა, ამ მეტაფორულად ნათქვამში თავად მწერლის ყველაზე სანუკვარი ოცნება, ნატვრა იკითხება: ამაზე ზრუნვას შეალია ერთ-ერთმა "ბედნიერმა ტანჯულმა", შთაგონებით განათებული, დრამატიზმით აღსავსე თავისი გმირული, სამაგალითო ცხოვრება.
მძიმედ დაავადებული, სუნთქვაშებოჭილი ოთარ ჭილაძე უდიდესი დაძაბვით მუშაობდა მეშვიდე რომანზე ("აკმე"). მხოლოდ ასიოდე გვერდის გადაბეჭდვა მოასწრო. ორი წლის სიცოცხლეს თხოვდა განგებას, რათა ბოლო ქმნილება როგორმე დაემთავრებინა (იგი ალბათ მისი შემოქმედების გვირგვინი იქნებოდა), მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სურვილს აღსრულება აღარ ეწერა.
თამამად შეიძლება ითქვას - უცხოეთის ქვეყნებში არც ერთ ქართველ მწერალს არ ჰქონია იმდენი და ისეთი გამოხმაურება, რამდენიც ოთარ ჭილაძის რომანებს ჰქონდა. საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, დანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი - ნაწილია იმ ქვეყნებისა, სადაც ოთარ ჭილაძის შემოქმედებამ დიდი რეზონანსი მოიპოვა.
"რკინის თეატრმა" საფრანგეთში გამოსვლისთანავე საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, ხოლო დანიის გაზეთ "ვიკენდავისენში" დაიწერა, რომ ამ რომანის შემდეგ "საქართველო უბრუნდება მსოფლიო ლიტერატურის რუკას".
გამოჩენილმა რუსმა კრიტიკოსმა სტანისლავ რასსადინმა ზედიზედ გამოქვეყნებული რომანების ტრაგიკული ტონალობის გამო ოთარ ჭილაძეს "ქართველი ესქილე" უწოდა, "გოდორის" წაკითხვის შემდეგ კი განაცხადა - ეროვნული გამოფხიზლების წარმომჩენი ასეთი სიძლიერის რომანი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მოგვეპოვებაო. ეს უმაღლესი შეფასებაა.
გამომცემლობა "აზბუკამ" 2000 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოსცა მისი პირველი რომანი "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". წიგნის ანოტაციაში ლაპარაკია ოთარ ჭილაძის პროზის რთულ, ძნელად ასახსნელ ფენომენზე, კერძოდ, ნათქვამია: "ამ პროზის პოლიფონიურობა გვაჯადოებს, ხოლო მისი კუთვნილება მარადისობისადმი სიმშვიდითა და იმედით გვასაჩუქრებს".
1999 წელს ოთარ ჭილაძე ნობელის პრემიის უთვალსაჩინოესი ნომინანტი იყო, ამ ჯილდოს მიღების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი, მაგრამ ცალმხრივობითა და მიკერძოებით ცნობილმა ნობელის კომიტეტმა საჭირო სამართლიანობა ვერ გამოიჩინა, რის გამოც მის კომპეტენტურობაში ეჭვი შეიტანეს, შვედეთის აკადემია თვით გამოჩენილმა ევროპელმა მწერლებმა და ჟურნალისტებმა მკაცრად გააკრიტიკეს, ვინაიდან ბოლო წლებში ასეთი შემთხვევები ძლიერ გახშირდა.
სხვა, საქვეყნოდ ცნობილ ლიტერატორთა აზრიც შეგვეძლო მოგვეტანა იმის თაობაზე, რომ ოთარ ჭილაძე არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი, მაგრამ ამგვარი შეხედულების დასტურად ეს მცირე ამონარიდებიც საკმარისია.
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა ოთარ ჭილაძის გარდაცვალების წლისთავზე გამოსცა ალმანახ "კრიტიკის" მეხუთე, საგანგებო ნომერი (რედაქტორი - მანანა კვაჭანტირაძე), სადაც მწერლის უმდიდრესი შემოქმედება მრავალი კუთხით არის წარმოჩენილი და განხილული. ეს მეტად საჭირო და სასარგებლო საქმეა, მაგრამ გაგრძელებას მოითხოვს. მისი დანატოვარი (პოეზია, პროზა, დრამატურგია, ესეისტიკა, პუბლიცისტური წერილები, თარგმანები) ისევე ინტენსიურად, მაღალ პროფესიულ დონეზე უნდა ვიკვლიოთ, როგორც, მაგალითად, რუსეთსა და საზღვარგარეთ იოსებ ბროდსკის მიმართ კეთდება.
გამომცემლობა "ინტელექტმა" სერიით "ჩანაწერები" 2010 წელს დასტამბა ოთარ ჭილაძის წიგნი "ცა მიწიდან იწყება", რომელიც ამშვენებს მთელ სერიას. ამ წიგნის წაკითხვა გვარწმუნებს - გაჭირდება მეორე თანამედროვე ქართველი მწერლის დასახელება, ვისაც ამდენი ეფიქროს მხატვრულ ოსტატობაზე და ასე სულისშემძვრელად გადმოეცეს ბოლო ათეულ წლების ტრაგიკული მოვლენები, რამაც უმძიმესი დაღი დაასვა საქართველოს, უკიდურესად დაასუსტა იგი.
სხვადასხვა დროის ჩანაწერებში უხვადაა გაბნეული ცხოვრებისეული დაკვირვებიდან გამომდინარე მახვილგონივრული მაქსიმები. ხშირად პოეტი თავის შეუმცდარ ალღოსაც ენდობა. სრულიად ახალგაზრდას (1959) რვეულში ასეთი რამ ჩაუწერია: "მხოლოდ სიკვდილის წინ შეიძლება, რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი, ჩვენ სიკვდილამდე ამ სიტყვას ვეძებთ".
ამ ღრმა აზრის ანარეკლი გარკვევით მოჩანს მის ერთ-ერთ საუკეთესო ლექსში ("გაზაფხულის პირველი დღე", 1963), რომლის ფინალური სტროფი - ბობოქარ, ღვინონასვამ ვნებებთან შეხმიანება - ზემოთ დავიმოწმე.
ოთარ ჭილაძეს სიჭაბუკიდანვე ჰქონდა შეცნობილი პოეზიის უმაღლესი დანიშნულება, რასაც სადავოდ ვერავინ გახდის და ეს სასწაულმოქმედი ძალა ერთ წინადადებაშია ჩატეული და გაცხადებული:
"პოეზია აიძულებს ადამიანს, ამაღლდეს ყოველდღიური ყოფნის წვრილმანებზე და საკუთარ სულში შეიგრძნოს სამყაროს უსასრულობა".
1982 წლის 7 სექტემბერს, ბიჭვინთაში დასასვენებლად მყოფმა რვეულს თავისი უსაზღვრო სიხარული, სულიერი კმაყოფილება გაანდო:
"დღეს ბავშვი გადავარჩინე ზღვაში დახრჩობას, ბედნიერი ვარ!"
ამ დაწურულ, ბროლივით გამჭვირვალე წინადადებაში ჩანს მთელი ოთარ ჭილაძე -სიცოცხლის დაუღალავი მეხოტბე. მის დასაცავად გუშაგივით მდგარი. მასავით ცოტა ვინმემ თუ იცოდა ბუნების ყველაზე დიდი სასწაულისა და ჯილდოს ფასი და თავისი ლექსების ბოლო, მეტად მნიშვნელოვან წიგნს, რომელსაც ოცდაათი წლის განმავლობაში წერდა, ტყუილად როდი უწოდა "გახსოვდეს სიცოცხლე". ეს გამაფრთხილებელი მოწოდება ახლა პოეტის ანდერძად გაისმის.
ბავშვის გადარჩენის მსგავსი სიხარული განუცდია, როცა ლიკანში ჩასულმა (1995) სანატორიუმის შუშაბანდში უმწეოდ მოფართხალე ჩიტი იხსნა. ეს შემთხვევა ასე აქვს აღწერილი: "გასასვლელს ვერ პოულობდა და გამწარებული აწყდებოდა აქეთ-იქით შუშის კედლებს. თან ფეხზე რაღაც ძონძი დასთრევდა. წიწკანას ბარტყი იყო. ქანცი ჰქონდა გამძვრალი. მე მგონი თვითონ დამაჭერინა თავი. ძონძი მოვაშორე და გავაფრინე. დავუბრუნე დედა ბუნებას".
ოთარ ჭილაძე მძაფრად, უკიდურესი პირდაპირობით ეხმაურებოდა ჩვენს ცხოვრებაში მომხდარ ყოველ საგანგაშო მოვლენას. მახსოვს რა მწვავედ განიცდიდა, როცა ხელისუფლების უგუნური, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებით რესპუბლიკის მოედნიდან გაიტანეს და ხალხისთვის მიუდგომელ ტრასაზე დადგეს საქართველოს უდიდესი მონარქის, დავით აღმაშენებლის ძეგლი, მონუმენტი მეფისა, ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სიძლიერის სიმბოლოს წარმოადგენს. აი, ის ჩანაწერიც,ამ ყოვლად გაუმართლებელ, ანტიეროვნულ საქციელს რომ უძღოდა:
"თუ საქართველოს დაშლა და განადგურება არ დაგვისახავს მიზნად, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვახლოთ ხელი დავითის ქანდაკებას".
წინამდებარე წიგნი საგანგებო და საფუძვლიანი შეფასების ღირსია, რაც მცირე საიუბილეო წერილში ვერ მოხერხდება.
ბევრმა ჩვენგანმა იცის, როგორი შესაშური, შეუდარებელი ძმობა ჰქონდათ თამაზ და ოთარ ჭილაძეებს (მათი უჭკვიანესი და თინა ანგელოზური ბუნებისაა). უმცროსი ძმის გარდაცვალებიდან ორი წელი იყო გასული (2011), როცა თამაზ ჭილაძემ გამოაქვეყნა შინაგანი მღელვარებით, არისტოკრატიული თავდაჭერილობით, სამაგალითო უშუალობითა და შეფარული ტკივილით შექმნილი დიდებული წიგნი "ოთართან ერთად", რომელიც ძვირფასი მასალა იქნება ყველასათვის, ვინც შემდგომში ოთარ ჭილაძეზე ბიოგრაფიული რომანის დაწერას განიზრახავს. ლიტერატურულ ღირსებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს იყო ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვით მიღწეული მოქალაქეობრივი გმირობა. მთავარი შთაბეჭდილება ის გახლდათ, რომ თამაზ ჭილაძემ მისთვის ჩვეული სინატიფით გამოაცალკევა და დაგვანახა თავისი ძმის მწერლური ოსტატობის განუმეორებელი მომხიბლაობა, გარეგნულ ეფექტებს განრიდებული უარსებითესი ნიშნები.
ამ იშვიათი და წრფელი წიგნის დახასიათებას აქ არ შევუდგები. მოვიხმობ მხოლოდ ერთ ფაქტს იმის ნათელსაყოფად, თუ რა განუზომელი ძალა აქვს ჭეშმარიტ მხატვრულ სიტყვას. ოთარ ჭილაძის უძლიერეს რომანს - "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" ერთი ქართული ოჯახის ტრაგიკულ საგას გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოუხდენია ნოვოსიბირსკელ პედაგოგზე, პროფესორ ელვირა გორიუხინაზე და 1982 წელს ქალბატონი ელვირა თბილისში სწვევია ოთარ ჭილაძეს, რათა მისთვის ემცნო მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აპირებდა, ნოვოსიბირსკის ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელ კლასებში ქართული რომანი სავალდებულო საგნად შეეტანა.
სავსებით გასაგებია თამაზ ჭილაძის სიამაყე, როცა იგი წერს:
"ეს იყო ნამდვილი სენსაცია - რუსული პედაგოგიკის ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ დამამთავრებელ კლასში (საერთოდ!) სავალდებულო საგნად ექციათ სხვა ქვეყნის მწერლის რომანი".
ელვირა გორიუხინას, როგორც მშობლების, ასევე ცნობილი მეცნიერებისა და თვით კოლეგების მხრიდან საკმაო წინააღმდეგობა შეხვედრია, მაგრამ როცა მისმა სამოცდაათმა მოწაფემ სამოცდაათი აღტაცების გამომხატველი, ღრმად გააზრებული ნაშრომი წარმოადგინა ამ რომანზე, მას ხელი ვეღარავინ შეუშალა და საბოლოოდ ყველანი მადლიერებით განისმჭვალნენ ნიჭიერი და ნოვატორი პედაგოგის მიმართ.
იმის წარმოსადგენად, განსჯის როგორი მისაბაძი უნარი გამოამჟღავნეს ნოვოსიბირსკელმა მოსწავლეებმა, ერთი მათგანის ნაწერიდან მოტანილი ნაწყვეტიც გვარწმუნებს:
"... ჭილაძის რომანი ძნელი წასაკითხია. ის თითქოს უსასრულოა, უსასრულოა, როგორც ცხოვრება. მას არც დასაწყისი აქვს, არც დასასრული. ის იქ იწყება, სადაც გაჩნდა კაცობრიობა და დამთავრდება მხოლოდ მის დაღუპვასთან ერთად. ჭილაძის რომანი -ეს ცხოვრების უსასრულო ლენტის ნაგლეჯია".
დასასრულ,ამისი თქმაც საჭირო მგონია - თუ რამდენად დიდი მასშტაბისა და დიაპაზონის შემოქმედია ოთარ ჭილაძე, ეს ჩვენს დღევანდელობას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული, ამის ჩაწვდომასა და გაგებას ათეული წლები დასჭირდება.
ყველანი ვხედავდით - იგი ყოველთვის ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა. არანაირ სიძნელეს არ გარიდებია, უკანაც არასოდეს დაუხევია. წარბშეუხრელი, მუდამ იქ იდგა, სადაც და როდესაც მის სამშობლოს უჭირდა და მისი მოუსყიდველი, მართლაცდა ოქროს კალამი ძალმომრეობასთან, სიბნელესთან დაუცხრომელ ბრძოლაში გაილია.
პოეტის გარდაცვალებასთან ერთად, დაიწყო მისი გზა მარადისობისკენ, რასაც არასოდეს ექნება დასასრული. სიმბოლური გახლავთ ისიც, რომ ქართველმა ხალხმა ოთარ ჯილაძეს გენიალური ვაჟა-ფშაველას გვერდით, მთაწმინდაზე მიუჩინა სამუდამო განსასვენებელი.

ემზარ კვიტაიშვილი,
4 მარტი, 2013 წ.









კალენდარი
დეკემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
15
16
22
23
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი