მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-07
ეკონომიკის გასაჭირი და ვირეშმაკა ნაცები "მეოცნებენო", არ შეშინდეთ, "ნაცები" მოგეხმარებიან!..

წლეულს ქვეყანაში უჩვეულოდ გრილი ზაფხულია, აი, პოლიტიკაში კი ნამდვილი პაპანაქებაა. ქვეყნის სვე-ბედზე მაფიქრალი სააკაშვილი და მისი ერთგული გუნდი წუთის დაუკარგავად ყველა შესაძლო შანსს იყენებენ არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილის კოალიციური მთავრობისთვის ტალახის შესასხმელად. ასეთი შანსი ხელიდან არ გაუშვეს ამ დღეებშიც, როცა "საქსტატმა" ორი კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებულ ცნობაში ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში შექმნილი რთული სურათი დახატა და ინტრიგების ხლართვაში დიდად დასპეციალებულ ნაცმოძს ახალი პიარის აგორების რეალური საბაბი მისცა. ლაპარაკია ხსენებულ პერიოდში წინასწარ მონაცემებზე, სოფლის მეურნეობის მონაცემების გარეშე, რომლის მიხედვით 2013 წლის მეორე კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა. კლება უმნიშვნელოა, მხოლოდ და მხოლოდ - 0,8 პროცენტი(!).
ჰო, კლება უმნიშვნელოა, მაგრამ ვირეშმაკა ნაცები ქვეყნის დამაქცევარ კოჰაბიტაციაში განა იმიტომ არ ჩაებნენ, რომ წვეთი წყალი ჭიქაში ქარიშხლად აქციონ, ჭიჭყინა თევზი - ოკეანეში მოდგაფუნე ვეშაპად, მეოცნებეთა სამომავლო გეგმები ამერიკულ ტორნადოს გაატანონ და ხალხის იმედი, რომელიც ხელისუფლებაში ივანიშვილის მოსვლას უკავშირდება, სამუდამოდ დაასამარონ. ჰოდა, ამიტომაც ატეხეს მიშას დაგეშილმა ნაცმოელებმა ვაიუშველებელი - არიქა, მთავრობას ჩამოეძინა, წინასაარჩევნოდ დაპირებები კი უხვად ჩამოარიგა, მაგრამ მის შესასრულებლად არაფერი კეთდებაო, ბიზნესი და ინვესტიციები გაიყინა, ეკონომიკა, რომელიც ჩვენს ხელში ყოველწლიურად 8-10 პროცენტით იზრდებოდა, ახლა კლებისკენ წავიდაო. ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი აშენებული ქვეყანა უნიათო მეოცნებეებმა დაანგრიონ, ხალხი წარსულ სიდუხჭირეში დააბრუნონ, საქართველო ევროპულ გზას ააცდინონ და ოკუპანტ დიდ მეზობელს სურვილები აუხდინონო.
ხალხის კეთილმყოფელმა ნაცებმა კრიტიკასთან ერთად კეთილგონიერებაც გამოიჩინეს, პოლიტიკაში ყოველთვის ცხვირაწეულებმა ამჯერად თავები დახარეს და გაჭირვებულ ქვეყანაზე უფრო მეტად გაჭირვებულ მთავრობას დახმარება შესთავაზეს. თუ გიჭირთ, არ მოგერიდოთ, - მიმართა მეოცნებეთ ოფიციალურად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, - გვითხარით, ქვეყნის მართვა რომ გაგიძნელდათ და მოგეხმარებით, ჩვენ გვყავს გუნდში ბევრი კარგი, პროფესიონალი ეკონომისტი, რომლებსაც გაჩერებული ეკონომიკის ამოძრავება შეუძლიათ და არაფერზე არ დაგზარდებიანო. თავის მხრივ, დახმარება არ დაიზარა სააკაშვილმაც (დახმარების ტალკვესიაო, სწორედ მასზეა ნათქვამი), რომელმაც ივანიშვილს ურჩია: შე კაცო, მაგ ფულის დაობებას რას გამორჩები, ადექი და ეკონომიკაში ჩადე, ქვეყანა კრიზისს გადაურჩება, ხალხი კი შიმშილსო.
ამის გაგონებაზე ბევრს შეიძლება ძველი ხალხური სიბრძნე გაახსენდეს - კუდახარი თავისთვის არ იყო და სხვებს ბუზებს უგერიებდაო. ამათი საქმეც იმ კუდახარივით არის, ეს მამაცხონებულები თუ ასეთი ბრძენი და გამჭრიახი მმართველები იყვნენ, მთელი ცხრა წლის მანძილზე მდგრადი ეკონომიკის პირობებში ხალხის დამშევას როგორღა ახერხებდნენ. ალბათ, ამ "გამოცდილების" გაზიარებას გულისხმობდა ნაცუმცირესობის ლიდერი, როცა მთავრობას განუცხადა, ეკონომიკის ამუშავებაში პროფესიონალებს დაგახმართო. გვარები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ ჩვენც ხომ კარგად ვიცნობთ იმ პროფესიონალებს - კახა ბენდუქიძეს, ზურაბ ნოღაიდელს, ვერა ქობალიასა და სხვებს, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკის ნგრევასა და სიმდიდრის დაგროვებაში მართლაც მდიდარი გამოცდილება შეიძინეს.
მაგრამ, ვიდრე დასახელებული "პროფესიონალები" ქვეყნის ეკონომიკას დასანგრევად ხელმეორედ მიუბრუნდებიან, ალბათ, ურიგო არ იქნება, გადავხედოთ საქართველოს ეკონომიკაში ამჯერად შექმნილ რეალობას, რომელმაც დახმარების სურვილით გულანთებულ ნაცებში ასეთი ენთუზიაზმი გამოიწვია. რეალური მდგომარეობის შესაფასებლად და სამომავლო პროგნოზის გასაკეთებლად კი, ვფიქრობ, რეალური პროფესიონალები და ეკონომიკის ექსპერტები უფრო გამოდგებიან, ვიდრე ყოფილი ხელისუფლების ფსევდოპროფესიონალები, რომლებმაც ცრუ დაპირებებითა და "პერმანენტული" რეფორმებით თავის დროზე ხალხი "მაძღრისად" გამოკვებეს.
ჰოდა, აბა, ვნახოთ, რას ფიქრობენ ცნობილი ეკონომისტები და პროფესიონალი ექსპერტები. მათი უმრავლესობის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო, მაგრამ არც საგანგაშოა, როგორც ამას ნაცმოძი ხალხის დასაბნევად და იმედის გასაცრუებლად ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის განცხადებით, ეს არ არის სისტემური პრობლემა, დროებითი შეფერხებებია ეკონომიკაში და მეტი არაფერი, რომელიც მალე დასტაბილურდება.
ეკონომიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძის აზრით, "ერთი თვის მონაცემი, როგორიც არ უნდა იყოს, არ შეიძლება ტენდენციის მაჩვენებელი იყოს. ჩვენ ყველა დავაკვირდეთ ორი კვარტალის ოფიციალურ მონაცემებს და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნა: რეცესია გვაქვს თუ გვაქვს ზრდის დაბალი ტემპი. ყველა მონაცემით აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ზრდის ტემპი დაბალია. თუ კერძო სექტორი არ აქტიურობს ეკონომიურად, სახელმწიფოს აქტიურობა როგორიც უნდა იყოს, ადრე თუ გვიან, ჩვენ აუცილებლად ჩიხში შევალთ."
მერედა რა უშლის ხელს კერძო სექტორის აქტიურობას. ექსპერტის განმარტებით, დღეს ათეულ ათასობით ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ დამოუკიდებელი ბიზნესი დაიწყოს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ამას ვერ ახერხებს. წინა ხელისუფლების დროს, ყველამ კარგად უწყის, კერძო სექტორი როგორი შეზღუდული და დატერორებული იყო. მაშინ ხელისუფლება თვითონ დომინირებდა ეკონომიკაზე და ზრდის მაჩვენებლები ამიტომაც იყო. ახალი ხელისუფლება კარგად იქცევა, როდესაც არ აგრძელებს წინა მთავრობის პოლიტიკას, მაგრამ გარდამავალ პერიოდში, როცა ნაცები გზადაგზა მახეს უგებენ ეკონომიკის გაჯანსაღებას, მან ჯერ ვერ შეძლო კერძო სექტორის გააქტიურება. ფული, რომელიც ბანკებშია კონცენტრირებული, მისთვის ხელმიუწვდომელია. მახინჯი კანონმდებლობა ბანკებს შესაძლებლობას აძლევს თვითონ აკეთონ ბიზნესი და არ დაინტერესდნენ კონკურენტების დაფინანსებით, რაც, ფაქტობრივად, კლავს ბიზნესის განვითარებას.
რა თქმა უნდა, პრობლემები საბანკო სექტორს თავისით არ შეუქმნია. ასეთი საბანკო სისტემა წინა ხელისუფლებამ შექმნა, რომელიც არ არის დაინტერესებული ფულის გაცემით და ბიზნესში კერძო სექტორის განვითარებით. ახალმა ხელისუფლებამ, თუ სურს, რომ ბიზნესმა თავისუფლად ისუნთქოს, შესაბამისი კანონმდებლობის შესაქმნელად დროულად უნდა იზრუნოს.
საერთოდაც, არ იქნება სწორი, თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი ეკონომიკის გასაჭირი ერთი კონკრეტული მიზეზით არის გამოწვეული. მიზეზი უამრავია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშით, საქართველოს ეკონომიკის ვარდნა დაიწყო არა წელს, როგორც ამას ნაცები განგაშით გვაუწყებენ, არამედ შარშან ზაფხულიდანვე. ასე რომ, ხელისუფლების შეცვლამდე ეს უკვე ტენდენცია იყო. საქართველოში წლების მანძილზე დამკვიდრებული ეკონომიკური სისტემა იცვლება ახლით, რასაც თან ახლავს გარკვეული პერიოდი, როდესაც პროცესის ძირითადი მონაწილენი უნდა გადაეწყონ ახალ სისტემაზე. ბიზნესმენებმა უნდა დაიჯერონ, რომ "კრიშა" აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ გაწიონ რისკი და გაიღონ ინვესტიცია. ამ სიახლეებმა, რა თქმა უნდა, ბიზნესწრეებში ბევრი შფოთი გამოიწვია. სწორედ ამიტომ პრემიერმა ივანიშვილმა სრულიად ღიად განუცხადა ქართველ ხალხს ჯერ კიდევ შარშან, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ პირველი წელი იქნება მძიმე.
სიმძიმეს კი განაპირობებს სწორედ ის სტრუქტურული ცვლილებები, რომლებიც ახლა ეკონომიკაში ხდება. ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა ნაცების ნაცად პრაქტიკაზე, როდესაც ციფრებით ეკონომიკა იზრდებოდა, მაგრამ ეს ზრდა გავლენას ახდენდა 5-6 პროცენტის კეთილდღეობაზე (მთავრობა თვითონ მაძღარი იყო, და სხვა რაში ენაღვლებოდა), 95 პროცენტს კი არც 7-8-პროცენტიანი ზრდისა ეტყობოდა რამე და არც ბიუჯეტის გაორმაგება-გაექვსმაგებისა. ანუ ის სისტემა, რომელიც მორგებული იყო ელიტარულ ბიზნესსა და ელიტური ფენების კეთილდღეობაზე, უნდა შეცვლილიყო და იცვლება კიდეც. მაგრამ ამას თან ახლავს უამრავი პრობლემა და ტკივილი, რასაც ნაცები ახალ-ახალი პიარაქციების ასაგორებლად და თავიანთი მოკლე ჭკუით ხალხის ასაბუნტებლად იყენებენ.
ბოლო პერიოდში, მაგალითად, დიდი ხმაურია ატეხილი საბიუჯეტო შემოსავლების კლებასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთ პროვოკაციულ გამოსვლებში ავრცელებენ ხმებს, რომ სახელმწიფი ბიუჯეტს მალე ხელფასებისა და პენსიების გაცემაც კი გაუჭირდება, რაც სრული სიცრუეა. სინამდვილეში ბიუჯეტს არანაირი კრიზისი არ ემუქრება. ეკონომიკის ზრდის ტემპი რომ დაბალია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტში ფული არ შედის და ხალხი შიმშილით გაწყდება. გადაჭარბებული და გაზვიადებულია ხმები, ვითომ ქვეყანა იქცევა. მიმდინარეობს გარდამავალი პერიოდი, რასაც ზედ დაერთო ხელისუფლებისთვის გარედან თავსმოხვეული კოჰაბიტაცია. ამ ყველაფერმა კი ის გამოიწვია, რომ ეკონომიკაში ენერგიული, მწყობრი ნაბიჯები ვერ გადაიდგა.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გულდამშვიდებით უნდა უცქიროს მოვლენების განვითარებას იმის იმედით, რომ მოვა ოქტომბერი, საქმეების მთავარი ამრევ-დამრევი სააკაშვილი ასპარეზიდან წავა და ეკონომიკაში ყველაფერი თავისით დალაგდება. პრემიერმა კი განაცხადა, რომ სექტემბერში დაიდება ძალიან კომპლექსური და დეტალური გეგმა, მაგრამ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა კონკრეტული ეკონომიკურ გეგმებში. ყველაზე დამღუპველი, არასასურველი ბიზნესისთვის არის გაურკვევლობა, რაც აშკარად იგრძნობა. გაუგებარია, მთავრობა რატომ არ აკეთებს სერიოზულ პროფესიონალურ და პოლიტიკურ განმარტებებს საზოგადოებისთვის, როცა ამ დროს შესანიშნავად ორგანიზებული ოპოზიცია პარლამენტში უმნიშვნელო წვრილმანსაც კი იყენებს ახლანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ და არც იმას მალავს, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, უკან მობრუნებაზეც არ იტყვის უარს...
ღმერთმა დაგვიფაროს!










ავტორი:  ოთარ ხუციშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
15
16
22
23
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი