მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2013-08-27
"საკუთარ რეზიდენციაში ჩაკეტილი ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში დასანიშნ ხალხს არ იცნობდა"

ოლეგ იაძე თანამდებობას ტოვებს, თუმცა, აცხადებს, რომ ნებისმიერს შეეჯიბრება ბიძინა ივანიშვილის სიყვარულში. კასპის გამგებელი არ მალავს, რომ მას გადაწყვეტილების მიღება მთავრობაში, უფრო ზუსტად, "საახლობლო წრეში" ურჩიეს.
პრობლემებია ქუთაისშიც. ქუთაისის მერმა კაბინეტი დაცალა და უწყებაში დაბრუნებას აღარ აპირებს. დიმიტრი კოპალიანმა მოასწრო და 11 სექტემბრამდე შვებულება აიღო, რითაც მისი მუშაობით უკმაყოფილო საკრებულოს წევრებისგან დაგეგმილ იმპიჩმენტს გადაურჩა. მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ მერს არ ყოფნიდა პროფესიონალიზმი, გამბედაობა, მერიაში სრული ქაოსი იყო და ბიუჯეტი არ სრულდებოდა.
ზოგადად, რა ხდება რეგიონებში და რატომ ექმნებათ პრობლემები "ქართული ოცნების" მიერ წარგზავნილ კანდიდატებს. ამართლებენ თუ არა რეგიონებში ახლად დანიშნული გამგებლები, მერები, ადგილობრივი მაჟორიტარები.! რატომ მისცა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე გაფრთხილება მაჟორიტარებს და რატომ უწოდა მათ ფეოდალები.
აწკყპუ ოლეგ იაძეს დაუკავშირდა. მან აღნიშნა, რომ კოალიციაში იხილება შესანიშნავი პიროვნების კანდიდატურა და, როგორც კი მისი კანდიდატურა საკრებულოს წინაშე წარდგება, მაშინვე დაწერს განცხადებას წასვლის შესახებ. ხოლო, თუკი კანდიდატურა მიუღებელი იქნება რაიონისა და ხალხისთვის და სულ სხვა პიროვნებას წარადგენენ, ასეთ შემთხვევაში, განცხადებას არ დაწერს.
ოლეგ იაძე არ მალავს, რომ უამრავმა ფაქტორმა აიძულა გადამდგარიყო. კერძოდ, რაც გამგებელი გახდა, მეორე დღიდანვე ებრძვიან კოალიციაში შემავალი პარტიები და "არ გამოჩნდა კოალიციაში ვინმე პატრონი, რომ ეთქვათ, კაცო, კოალიციის კანდიდატი იყო ბატონი ოლეგი და რატომ ებრძვით". მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი მომხდარის შესახებ ატყობინებდა კოალიციას, შემდეგ უკვე - რეგიონალურ სამსახურს და ითხოვდა, პარლამენტარ დავით ონოფრიშვილთან ერთად გაერკვია სიმართლე, მაგრამ ამაოდ.
"აბსოლუტურად ყველა პარტია მებრძოდა. კასპში დანიშნეს უღირსი პიროვნება, რომელიც მოსული არ იყო, რომ ბრძოლა დამიწყო. ოლეგ იაძეს პატიოსნებასა და სინდის-ნამუსში, ალბათ, ძნელია შეეჯიბრონ, ჩემი სახელი გამგებლის სკამიდან არ გაუცნია არავის, მანამდეც მთელი ქვეყანა მიცნობდა. თუ ვინმე კასპში კულტურული, ნამუსიანი, განათლებული ადამიანია, ყველა განიცდის ამ ამბავს", - გვითხრა ოლეგ იაძემ და აღნიშნა, რომ უმჯობესი იყო, თავიდანვე არ ყოფილიყო ამ თანამდებობაზე. მართალია, არჩევნებში უნდა მიეღო მონაწილეობა, რომ "ნაძირალა ნაციონალები" და მათი დამანგრეველი ბანდა წასულიყო, მაგრამ მოგვიანებით ამ რთულ გზას არ უნდა დადგომოდა და სპორტისკენ უნდა წასულიყო. თუმცა, შესთავაზეს რაიონის გამგებლობა და, ძალაუნებურად, მანაც ეს თანამდებობა იტვირთა.
იგი აცხადებს, რომ სულ რაღაც 40-50 ადამიანი ებრძოდა. ის კი, როგორც სპორტის მუშაკი, დაუმსახურებელ ლანძღვა-გინებას ვერ იტანდა, რისი მოთმენაც პოლიტიკოსს მართებდა.
"სპორტული ცხოვრებით ვიცხოვრე, შეჯიბრებითობა ცუდი თვისება არ არის, მაგრამ მომიწია ისეთ პიროვნებებთან ბრძოლა, ვისაც არჩევნებამდეც ვებრძოდი და არჩევნების შემდეგაც. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მხრივ მესამე ადგილზე ვართ ქვეყანაში. მინდოდა, ჩემი რაიონისთვის გამეკეთებინა ის, რაც გავაკეთე სამბოში. თუმცა, ეს არ აისახება ბიძინა ივანიშვილთან ჩემს დამოკიდებულებაზე. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად სტკივა ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილია", - აცხადებს ოლეგ იაძე და ელის, რომ პრემიერი ყველაფერს დაალაგებს, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აწკყპუ-სთან საუბარში აცხადებს, რომ 90-იანი წლებიდან დაწყებული, საკადრო სელექცია ყველა ქართული მთავრობის - გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის აქილევსის ქუსლად იქცა. მართალია, საბჭოეთში დემოკრატიაზე მსჯელობა არ შეიძლებოდა, მაგრამ კომუნისტებს, ასე თუ ისე, ჰყავდათ ოქტომბრელები, კომკავშირლები, შემდეგ ჰქონდათ კომუნისტური პარტია. ამდენად, გარკვეული ვერტიკალი იგებოდა და ქუჩიდან ვერავინ მოხვდებოდა თანამდებობაზე. გამსახურდიას დროს კი, ვინც უფრო ხმამაღლა ყვიროდა მიტინგზე, ის ყველაზე დიდ თანამდებობას იღებდა, თუმცა, ზვიადი მაინც პრინციპული იყო და ხელმრუდე თანამებრძოლებს ციხეშიც უშვებდა.
რაც შეეხება შევარდნაძეს, მან ძველი პარტიული კადრების მოყვანა დაიწყო, შემდეგ ახლებსაც იღებდა, მაგრამ სრული ქაოსი შექმნა. სააკაშვილის დროს კი პირადი ერთგულებისა და სიმპათიის პრინციპი იყო მთავარი და არა - კვალიფიკაცია. ამ მხრივ სოსო ცინცაძე განსაკუთრებით ორ მინისტრ ქალბატონს (ეკონომიკისა და სასჯელაღსრულების) მიიჩნევს გინესის წიგნში შესაყვანად.
პოლიტოლოგის აზრით, ახალი ხელისუფლების პირობებში არც პირადი ერთგულების ფაქტორი მუშაობს, არც რაიმე განსაზღვრული მოტივაცია და ქაოტურია ეს ყველაფერი, რადგან რეზიდენციაში ჩაკეტილი ბიძინა ივანიშვილი კადრებს საერთოდ არ იცნობდა. ამ დროს კოალიციაში შემავალ პარტიებს და, განსაკუთრებით მაჟორიტარებს, 10-კილომეტრიან შლეიფად მოჰყვათ თავიანთი კარის მეზობლები, ნათესავები, ნათლიმამები... საჭირო იყო ამ ხალხის დაპურება, იგივე დასაქმება ანუ, როგორც ძველ რომში იტყოდნენ, "სინეკურა", როცა რომელიმე პატრიციას სამართავად აძლევდნენ პროვინციას.
სოსო ცინცაძის თქმით, რაიონებში მოსაპარი არაფერი იყო, ფულს რომელიმე ბიზნესმენს ვერ შეაწერდნენ, ამიტომ უპრინციპო მაჟორიტარებმა დაიწყეს თავიანთი კადრების დანიშვნა, შეუდგნენ მომავალ არჩევნებზე ფიქრს და რეგიონების საელექტორატო რესურსად გადაქცევას. თუმცა, ივანიშვილმა მათ ცხადად აგრძნობინა, რომ მათი პარპაში დიდხანს არ გასტანდა.
"როდესაც თანამდებობაზე უავტორიტეტო ადამიანი ინიშნება, ყოველთვის პრობლემები ჩნდება. როცა პირველი პირი არ იცნობს ამ პიროვნებას, მისი შეცდომაში შეყვანა ადვილია. ვთქვათ, ვიღაცამ უთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს კანდიდატი ბრწყინვალეა, ხალხი მასზე ლოცულობს, შემდეგ კი ირკვევა, რომ ასე არ არის. თუმცა, ამ კანდიდატებს ისეთი ძლიერი მფარველი ჰყავთ, რომ "კორმაზე" მიუშვებენ და უკვე სხვა თანამდებობაზე გადაჰყავთ. 40 ქარხანა იყო ქუთაისში, ერთი მაინც უნდა აემუშავებინათ. ქუთაისელებს სწორედ ასეთი ადამიანი სჭირდებოდათ. რაც შეეხება ოლეგ იაძეს, მას რომ ვუსმინე დავით აქუბარდიას ეთერში, პირდაპირ თქვა, ხალხი უკმაყოფილი იყო, მაგრამ ხუთ წუთში დავარწმუნე, რომ ყველა უნდა გადამდგარიყოო. ამის თქმა როგორ შეიძლებოდა.! ან კიდევ, მე ვარ პატარა ბიძინა რაიონშიო.! ამიტომ, საკადრო პოლიტიკა ისეთი ფოცხია, რომელზეც ფეხის დადგმით ბევრს სიარულის უნარი ეკარგება. მეტი სიფრთხილე და მონიტორინგია საჭირო", - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
მანვე განმარტა, რომ ტოტალური პოლიტიზირება საერთოდ გამორიცხავს სწორ საკადრო პოლიტიკას. კერძოდ, როდესაც რეგიონებში 140-150-კილოიანი მატრონები, ქალბატონები წამოგორებულნი არიან მისაღებებში და შიმშილობენ პროტესტის (და არა გახდომის) ნიშნად, ასეთ პოლიტიზირებულ გარემოში სწორი საკადრო პოლიტიკა გამორიცხულია.
მთავრობის კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონალური კოორდინატორი ნინელი ფუტკარაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ რეგიონებში განსაკუთრებული არაფერი ხდება. უბრალოდ, კასპში აირჩიეს საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ავთანდილ გოგიაშვილი, ხოლო ოლეგ იაძე კვლავ აგრძელებს თანამდებობაზე ყოფნას. თუ იგი თანამდებობის დატოვებას გადაწყვეტს, საკრებულო ამაზეც იმსჯელებს. რაც შეეხება ქუთაისის ყოფილ მერს დიმიტრი კოპალიანს, იგი თბილისში გადმოდის სამუშაოდ და ადგილობრივი საკრებულო გადაწყვეტს, ვინ დაიკავებს მის თანამდებობას.
"ვცდილობთ, ეს პროცესები მაქსიმალურად დეცენტრალიზებული იყოს და მასში ზედმეტად არ ჩავერიოთ. მაჟორიტარებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს ვერაფერს დავუმატებ, ჩემი მხრიდან ეს არაკორექტული იქნება. თუმცა, ვაცხადებ, რომ გარკვეული გადაცდომები არსებობს. რაც შეეხება გამგებლებსა და მათი მოვალეობის შემსრულებლებს, ზოგან გაამართლეს აღნიშნულმა კანდიდატურებმა, ზოგან - არა. ამიტომ ვცდილობთ, ამ ხარვეზის გამოსწორებას", - აღნიშნა ნინელი ფუტკარაძემ.
ჩვენ დავუკავშირდით "ქართული ოცნების" დეპუტატებსაც, თუმცა, მათ ოლეგ იაძისა და დიმიტრი კოპალიანის შესახებ არაფერი იცოდნენ.










ავტორი:  მარიამ ლოლაშვილი


კალენდარი
ნოემბერი  2013
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
17
18
21
24
25
27
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი