მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-05-02
ქართული გეოლოგიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელი

შესრულდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, თვალსაჩინო პედაგოგის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, პროფესორ არჩილ ცაგარელის დაბადების 100 წლისთავი.
არჩილ ცაგარელი მიეკუთვნება გამოჩენილ ქართველ გეოლოგთა იმ პირველ თაობას, რომელთაც მათი მასწავლებლების ალექსანდრე ჯანელიძის, ალექსანდრე თვალჭრელიძისა და კალისტრატე გაბუნიას ხელმძღვანელობით ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბება და წარმატება განაპირობეს საერთაშორისო სამეცნიერო სარბიელზე.
არჩილ ცაგარელმა 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1951 წელს - სადოქტორო დისერტაცია. იგი 1951 წლიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის რეგიონული გეოლოგიის განყოფილებას, 1976-1980 წლებში შეთავსებით ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეოთხეულ განყოფილებასაც, 1979-1981 წლებში მას გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, ხოლო 1981-1988 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. 1961 წელს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1969 წელს - აკადემიკოსად.
მეცნიერული კვლევების პარალელურად არჩილ ცაგარელი 1939 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში, კერძოდ, სოხუმის (1939-1940) და გორის (1943-1945) პედაგოგიურ ინსტიტუტებში, აგრეთვე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1941-1942, 1945-1953), ხოლო 1954 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც 1970-1988 წწ. სათავეში ედგა გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრას. იგი დიდ ყურადღებას უთმობდა ახალგაზრდა სპეციალისტთა მომზადების საქმეს. მისი ლექციები გამოირჩეოდა ლაკონიურობით, მაღალი მეცნიერული დონით და, როგორც წესი, უახლესი მსოფლიო მეცნიერული ლიტერატურის მიღწევების ანალიზით.
ბატონი არჩილი გეოლოგიის მრავალ დარგში მოღვაწეობდა. მისი ძირითადი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, აგრეთვე მეოთხეულის გეოლოგიისა და გეომორფოლოგიის საკითხებს. მისი კვლევის ინტერესებში დიდი ადგილი ეკავა აგრეთვე ტექტონიკის, განსაკუთრებით კი ნეოტექტონიკის საკითხებს.
კავკასია, და კერძოდ საქართველო, ზედაცარცულის სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის თვალსაზრისით მთელს ალპურ ზოლში დღეს ერთ-ერთი კარგად შესწავლილი რეგიონია და ეს გარემოება, პირველ რიგში არჩილ ცაგარელის სახელთან არის დაკავშირებული. მან პირველმა შექმნა საქართველოს რეგიონის ზედაცარცული ნალექების დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების სქემა. მისი 1949 წელს გამოქვეყნებული მონოგრაფია, სახელწოდებით "საქართველოს ზედაცარცული ფაუნა", წარმოადგენს შემაჯამებელი ხასიათის პალეონტოლოგიურ ნაშრომს, რომელშიც მოცემულია საქართველოში იმ დროისათვის ცნობილი გვიანცარცული ფაუნის 102 სახეობის დეტალური პალეონტოლოგიური აღწერები და გაანალიზებულია მათი სტრატიგრაფიული მნიშვნელობის საკითხი. ძირითადად, სწორედ ეს მონაცემები დაედო საფუძვლად აღნიშნულ ბიოსტრატიგრაფიული დანაწილების სქემას და მის მიერვე განხორციელებულ (1954, 1964) საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ზედაცარცული ზონების ბიოსტრატიგრაფიულ კორელაციას.
ნიშანდობლივია, რომ არჩილ ცაგარელის, როგორც პალეონტოლოგის, დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ იგი არის მსოფლიოში ცნობილი "პალეონტოლოგიის საფუძვლების" სახელწოდებით 1959-1963 წლებში გამოქვეყნებული მრავალტომეულის ერთ-ერთი ძირითადი თანაავტორი. ამ პერიოდიდან დაწყებული არჩილ ცაგარელი ფაქტობრივად კავკასიის მეზოზოური ნალექების ერთ-ერთი აღიარებული მკვლევარი ხდება.
რეგიონული ტიპის გეოლოგიურ კვლევებში არჩილ ცაგარელის დიდ პროფესიონალიზმზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კავკასიის ტერიტორიაზე უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით თუ აქტიური მონაწილეობით შედგენილია რამდენიმე ათეული სხვადასხვა მასშტაბიანი გეოლოგიური რუკა და ლითოლოგიურ-პალეოგეოგრაფიული ატლასი.
თავისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში ბატონი არჩილი გატაცებული იყო კავკასიის რეგიონის გეომორფოლოგიისა და ნეოტექტონიკის საკითხების შესწავლით. მეოთხეულ სისტემას მიუძღვნა მან 1964 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს მთელი მეოთხეული ნალექების პირველ შემაჯამებელ მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს. არჩილ ცაგარელი დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების გენეზისის საკითხს, რომელსაც განიხილავდა ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობების ფონზე.
არჩილ ცაგარელმა სრულიად დამსახურებულად დაიმკვიდრა ბრწყინვალე მეცნიერის სახელი. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მახვილგონიერებით და ერუდიციით, სრულყოფილად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. საყურადღებოა, რომ გეოლოგიის გარდა ჰქონდა ინტერესების ფართო სფერო (ლიტერატურა, მუსიკა, სპორტი). ბატონმა არჩილმა ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და გამოაქვეყნა ფრანგი კლასიკოსების - ონორე დე ბალზაკისა და პროსპერ მერიმეს მხატვრული ნაწარმოებები.
ბატონი არჩილი იყო რიგი საკავშირო თუ საერთაშორისო საუწყებათაშორისო დარგობრივი კომისიისა და საბჭოს წევრი, აგრეთვე ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრი (1975). მისი ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა მთავრობის ჯილდოებით იყო დაფასებული. მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემიები.
არჩილ ცაგარელი მიეკუთვნება მეცნიერთა იმ კატეგორიას, რომელთა მეცნიერული მემკვიდრეობა დიდხანს რჩება ორიენტირად მომავალი თაობებისათვის. მის მიერ შესწავლილი ან შესასწავლად დასახული მეზოზოურისა თუ მეოთხეულის გეოლოგიის მრავალი საკითხი დღესაც აქტუალურია და ძალზედ მნიშვნელოვანი. სწორედ არჩილ ცაგარელს უნდა უმადლოდეს ქართული გეოლოგიური საზოგადოება, რომ მისი მოწაფეებისა და მოწაფეთა მოწაფეების მიერ დაცულია საკანდიდატო თუ სადოქტორო დისერტაციები და გამოქვეყნებულია მაღალი დონის მეცნიერული ნაშრომები, რამაც ქართული გეოლოგიური სკოლის ავტორიტეტი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზარდა საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

ერეკლე გამყრელიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
მიხეილ კაკაბაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.













კალენდარი
დეკემბერი  2014
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი