10 აპრილს საქართველოს ჩემპიონატში და 14 აპრილს თასის ნახევარფინალში რუსთავის ოლიმპმა ზედიზედ ორჯერ უმასპინძლა ვიტ ჯორჯიას. პირველობაზე ვიტ ჯორჯიამ 3:1 მოიგო და საჩემპიონო ბრძოლა გააგრძელა. ამის შემდეგ აგორდა ხმები - 14 აპრილის სათასო მატჩს აუცილებლად ოლიმპი მოიგებსო და ასეც მოხდა. რუსთაველებმა ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში 4:2 გაიმარჯვეს.
ბუნებრივია, ამ ყოველივეს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, აქაოდა, გუნდების ინტერესი გადაიკვეთაო - ანუ, ოლიმპი ვიტ ჯორჯიას ჩემპიონატში დაეხმარებოდა, ვიტელები კი, თავიანთი მხრივ, რუსთაველებს თასის ფინალისკენ გაუხსნიდნენ გზას.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც ვიტ ჯორჯია-ოლიმპთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. ინფორმაცია პროფესიული ფეხბურთის ლიგის გენერალურ მდივან პაატა ბურჯალიანთან გადავამოწმეთ.
დიახ, სხდომა ნამდვილად გაიმართა. მასში ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები და გენერალური მდივანი მონაწილეობდნენ. მიზეზი გახდა ის ხმები, რაც ოლიმპი-ვიტ ჯორჯიას მატჩების შემდეგ აგორდა. ამაზე რამდენიმე გაზეთი საკმაოდ ღიად წერს და საკითხის განხილვა აუცილებელი იყო. საბოლოოდ გადაწყდა, რომ უფრო დეტალურად ამ შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. მსგავსი ხმები უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. თუმცა ჯერ დეტალურად უნდა განვიხილოთ, შეესაბამება თუ არა ეს ხმები სიმართლეს, - გვითხრა ბურჯალიანმა. ხოლო თუ როდის გაიმართება აღმასკომის უახლოესი სხდომა, ჯერ კიდევ უცნობია.















































































